ბევრი მედიკამენტი ნედლი ნავთობისგან მიღებული ქიმიური ნივთიერებებისგან შედგება. თუ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება გვსურს, ეს სიტუაცია ნამდვილად გამოსასწორებელია.
ახლახან, მეცნიერებმა ფიჭვის ხეებში არსებული ნაერთისგან შეძლეს ორი კარგად ცნობილი ტკივილგამაყუჩებლის — აცეტამინოფენისა (ასევე ცნობილი, როგორც პარაცეტამოლი) და იბუპროფენის დამზადება. ამავე დროს, ეს ნაერთი ქაღალდის ინდუსტრიის ნარჩენი პროდუქტია და შესაძლოა, ნავთობისგან მიღებული ქიმიკატების მდგრადი ჩამნაცვლებელი აღმოჩნდეს.
ეს ნაერთი გახლავთ β-პინენი და ის სკიპიდარისგან (მძაფრი სუნის მქონე მოყვითალო სითხე, რომელსაც იღებენ წიწვიან მცენარეთა ფისის გამოხდით) მიიღება. მკვლევრებმა სკიპიდარისგან ასევე მიიღეს რამდენიმე სხვა გამოსადეგი ქიმიური ნივთიერება, მათ შორის ისეთები, რომლებიც შეიძლება გადაიქცეს ბეტა ბლოკერებად, ასთმის პრეპარატებად და საწმენდ პროდუქტებად.
„სკიპიდარზე დაფუძნებული ბიოგადამუშავების ჩვენი მოდელი ქაღალდის ინდუსტრიის ნარჩენ ქიმიურ ქვეპროდუქტებს იყენებს სხვადასხვა ღირებული, მდგრადი ქიმიური ნივთიერებების მისაღებად, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მრავალმხრივ, სუნამოებიდან დაწყებული, პარაცეტამოლით დამთავრებული“, — ამბობს ბრიტანეთის ბათის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ჯოშ ტიბეტსი.
ტიბეტსის ჯგუფის მიერ გამოყენებული მეთოდი ე. წ. უწყვეტი ნაკადის რეაქტორებს იყენებს, რომლებიც ზუსტად ისეთებია, როგორც სახელი მიუთითებს: ქიმიური რეაქციები არა ნაწილ-ნაწილ, არამედ უწყვეტად ხდება, დაახლოებით ქიმიურ ნივთიერებათა კონვეიერის სარტყლის მსგავსად.
β-პინენიდან აცეტამინოფენისა და იბუპროფენის შუალედურ რგოლში გადასვლისთვის, საჭიროა ფრთხილად დაკალიბრებულ რეაქციათა სერია, თანაც ისეთი გამოსავლიანობით, რომ აზრი ჰქონდეს ეფექტიანობისა და მასშტაბის თვალსაზრისით.
კომერციული მასშტაბის მისაღებად, მეთოდს გაუმჯობესება სჭირდება. სავარაუდოდ, ის უფრო ძვირი პროცესი იქნება, ვიდრე ნედლ ნავთობზე დაფუძნებული პროცესები. თუმცა, ამბავი იმდენად მნიშვნელოვანია პლანეტის დაცვის თვალსაზრისით, რომ არ არის გამორიცხული, სიტუაცია შეიცვალოს და შემდეგი კვლევებისას, მისი გაიაფება მოხერხდეს.
ამას გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნავთობი ამოწურვადი რესურსია და თანდათანობით, მისი ალტერნატივა დაგვჭირდება.
„ფარმაცევტიკაში ნავთობის გამოყენება არამდგრადია. გარდა იმისა, რომ ამას წვლილი შეაქვს ნახშირორჟანგის გამოყოფაში, დრამატულად ცვალებადია მისი ფასიც, რაც მომავალში მხოლოდ მაღლა აიწევს“, — ამბობს ტიბეტსი.
კვლევა ChemSusChem-ში გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა