ახალი კვლევის თანახმად, შემწვარი საკვების მირთმევა მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.ჩინელი მეცნიერების კვლევითმა ჯგუფმა დაადგინა, რომ შემწვარი საკვების, განსაკუთრებით შემწვარი კარტოფილის ხშირი მოხმარება შფოთვის 12%-ითა და დეპრესიის 7%-ით უფრო მაღალ რისკთანაა დაკავშირებული. კორელაცია განსაკუთრებულად ახალგაზრდა მომხმარებლებშია გამოხატული.
ანგარიშის თანახმად, შემწვარი საკვები სიმსუქნეს, მაღალ წნევასა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე. მასშტაბურ კვლევაში, რომელიც 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 140 728 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საწყის ეტაპზევე, პირველი ორი წლის განმავლობაში, შემწვარი საკვების 8 294 მომხმარებელს დეპრესიის ნიშნები აღენიშნებოდა, 12 735-ს კი – შფოთვის. კონკრეტულად შემწვარი კარტოფილის მოყვარულთა შორის რისკები 2%-ით მაღალი აღმოჩნდა. ასევე ძლიერი კორელაცია დაადგინეს მენტალურ ჯანმრთელობასა და შემწვარი ხორცის მოხმარებას შორის.
კვლევით ასევე გამოიკვეთა, რომ მსგავსი ტიპის საკვებს, ძირითადად, ახალგაზრდა კაცები მიირთმევენ – უმეტეს შემთხვევაში, დღეში ერთ პორციაზე მეტს. როგორც ნუტრიციოლოგი, ექიმი დევიდ კატი განმარტავს, შეიძლება საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ და ვთქვათ, რომ “შფოთვისა და დეპრესიის დროს ადამიანები, რუტინის შემსუბუქების მიზნით, “კომფორტულ საკვებს” მოიხმარენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის სახიფათო “ჯანქ ფუდია”.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ზრდასრულთა 5%-ზე მეტი ებრძვის დეპრესიას. აღსანიშნავია, რომ კოვიდის დროსა და პოსტპანდემიურ პერიოდში შედეგები მეტად გაუარესდა. კვლევა კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ჯანსაღი კვება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა