close
მედიცინა

გარღვევა მედიცინაში – ხელოვნურმა ინტელექტმა დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ძლიერი მოლეკულა აღმოაჩინა

ახალი წამლების შექმნა ძვირი და შრომატევადი საქმეა. თუმცა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დააჩქაროს პროცესი და ხარჯებიც შეამციროს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მკვლევრებმა ახლახან გამოიყენეს ტექნოლოგია სენოლიზური მედიკამენტების სამი პერსპექტიული კანდიდატის შესაქმნელად. ეს არის წამლები, რომლებიც ანელებენ დაბერებას და ამცირებენ ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს.

სენოლიტიკები დაბერებულ უჯრედებს ანადგურებენ. საუბარია უჯრედზე, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია (მეტაბოლურად აქტიურია), მაგრამ აღარ შეუძლია რეპლიკაცია. აქედან მოდის მეტსახელი — ზომბი უჯრედი.

ამ უჯრედების დნმ დაზიანებულია. შესაბამისად, ის რომ მათ რეპლიკაცია აღარ შეუძლიათ კარგია. თუმცა, დაბერებული უჯრედები საშიშია. ისინი გამოყოფენ ცილებს, რომლებიც მეზობელ უჯრედებშიც ვრცელდება.

დაბერებული უჯრედები ასოცირდება სხვადასხვა დაავადებებთან, მათ შორის მეორე ტიპის დიაბეტთან, COVID-თან, ფილტვის ფიბროზთან და კიბოსთან.

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბერებული უჯრედების განადგურება სენოლიზური საშუალებების გამოყენებით, დაავადებებს ამცირებს. შესაბამისად, მსგავს პრეპარატებს ზომბი უჯრედების მოკვლა შეუძლიათ და ეს თან ისე, რომ ჯანსაღი უჯრედები არ დაზიანდნენ.

ამ მომენტისთვის 80-მდე სენოლიზური საშუალებაა ცნობილი, მაგრამ მხოლოდ ორია ადამიანებზე გამოკვლეული. ამიტომ, მეცნიერები ცდილობენ ახალი მედიკამენტების შექმნას, თუმცა ეს პროცესი ათობით წელთან და მილიარდობით დოლართანაა დაკავშირებული.

შედეგი ხუთ წუთში

ედინბურგის უნივერსიტეტისა და ესპანეთის კვლევით ეროვნულ საბჭოს (IBBTEC-CSIC) მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, შეეძლოთ თუ არა ისეთი ხელოვნური ინტელექტის შემუშავება, რომელიც შესაბამის მედიკამენტებს აღმოაჩენდა.

ამისათვის ხელოვნური ინტელექტის მოდელს დიდი მონაცემები გააანალიზებინეს. მოდელმა სენოლიზური ნაერთებისა და არასენოლიტიკების ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლა. მკვლევრებს ისეთი მოლეკულების აღმოჩენა სურდათ, რომელიც შესაბამისი ნაერთის შემუშავებაში დაეხმარებოდათ.

მკვლევრებმა სპეციალურად გაწვრთნილ ხელოვნურ ინტელექტს 4 340 მოლეკულა გაანალიზებინეს და ხუთი წუთის შემდეგ შედეგები შეამოწმეს.

ხელოვნური ინტელექტის მოდელმა 21 ყველაზე პერსპექტიული მოლეკულა გამოავლინა. იგივე შედეგების მისაღებად მკვლევრებს რამდენიმე კვირიანი სამუშაო და ათი ათასობით დოლარი დასჭირდებოდათ. ხელოვნურმა ინტელექტმა ეს 5 წუთში შეძლო!

ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება

მკვლევრებმა მოლეკულები ჯანსაღ და დაბერებულ უჯრედებზე გამოცადეს. 21-დან სამმა (პერიპლოცინმა, ოლეანდრინმა და გინკგეტინმა) დაბერებეული უჯრედები ისე გაანადგურა, რომ ჯანსაღს არაფერი დაუშავა.

კვლევები გაგრძელდა და უფრო დეტალურმა ბიოლოგიურმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სამი მოლეკულიდან ერთი — ოლეანდრინი ბევრად ეფექტური იყო, ვიდრე სხვა მსგავსი ტიპის ყველაზე ცნობილი სენოლიზური პრეპარატები.

შედეგები დამაიმედებელია და მას მკვლევრები როგორც გარღვევას ისე ახასიათებენ. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს მედიცინის პროგრესის დაჩქარება შეუძლია.

მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ. მიღწევა უკვე შეფასდა როგორც გარღვევა მედიცინაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0