თვალის ბადურის მწვავე დაავადების სამკურნალო ნემსები შეიძლება თვალის წვეთებმა ჩაანაცვლოს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ამჟამად, თვალის ბადურის ცენტრალური ვენის დახშობას (RVO) მკურნალობენ თვალში სისხლძარღვთა ენდოთელიური ზრდის ფაქტორის ინჰიბიტორის (ანტი-VEGF) ნემსის გაკეთებით.
კოლუმბიის უნივერსიტეტისა და სენფორდ ბარნჰამ პრებისის სამედიცინო აღმოჩენათა ინსტიტუტის მკვლევართა მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ ეს არაკომფორტული და ოდნავ მტკივნეული პროცედურა მალე შეიძლება თვალის წვეთებმა ჩაანაცვლოს.
ბადურის ცენტრალური ვენის ოკულზია მაშინ ხდება, როცა ბადურა იხშობა, რაც იწვევს დასივებას, ანთებას და ბადურის დაზიანებას; პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, შეიძლება პაციენტმა მხედველობაც დაკარგოს.
ანტი-VEGF ინიექციები შესივებას აცხრობს და მხედველობას აუმჯობესებს. იმისათვის, რათა იმოქმედოს, საჭიროა პრეპარატის თვალში შეყვანა, მაგრამ ინიექცია ყოველთვის ეფექტიანი არაა ამ დაავადების მკურნალობაში.
იმის გამო, რომ ეს პროცედურა საკმაოდ უსიამოვნოა, ადამიანები მკურნალობას ხშირად თავს არიდებენ, რის გამოც პრობლემა უარესდება.
ლაბორატორიულ ტესტებში, ექსპერიმენტული პრეპარატის შემცველმა თვალის წვეთებმა თაგვებში ორჯერ მეტი ეფექტიანობა აჩვენა, ვიდრე სტანდარტულმა ანტი-VEGF ნემსმა — ბადურის ცენტრალური ვენის დახშობით გამოწვეული შესივების ჩაცხრობისა და ბადურაში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ინიექციებისგან განსხვავებით, თვალის წვეთები მხედველობის დაკარგვისგანაც იცავს, რადგან ახდენს თვალის ფოტორეცეპტორების გაუარესების პრევენციას.
თვალის წვეთები შეიცავდა ნაერთს, სახელად Pen1-XBir3, რომელიც ცნობილია, რომ ბლოკავს ფერმენტ კასპაზა-9-ს. ეს ფერმენტი უჯრედების სიკვდილს იწვევს და ბადურის ცენტრალური ვენის დახშობით დაზიანებულ სისხლძარღვებში ზედმეტი აქტიურობით გამოირჩევა.
„ვფიქრობთ, თვალის წვეთები ბადურის სისხლძარღვთა ჯანმრთელობას აუმჯობესებს, რაც შემდეგ ამცირებს იმ ტოქსიკურ სიგნალიზებას, რომელიც ბადურის ნეირონებს აზიანებს და მხედველობის დაკარგვას იწვევს“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ნერვ-სისხლძარღვების ბიოლოგი მარია ავრუცკი.
შედეგები ძალიან იმედის მომცემია, მაგრამ აშკარად საჭიროებს ადამიანებზე ტესტირებას. კლინიკური ცდები ადამიანებზე უკვე დაგეგმილია და როგორც მკვლევრები ამბობენ, ამავე ნაერთით შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების შექმნაც.
თვალები ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური და მნიშვნელოვანი ორგანია; ნებისმიერმა დაზიანებამ შეიძლება ძლიერ გააუარესოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი. კარგი ის არის, რომ თვალის დაავადებათა მკურნალობაში რეგულარულად ვხედავთ პროგრესს — იქნება ეს დაბერების გამო მხედველობის გაუარესების საწინააღმდეგო თვალის წვეთები თუ სრულიად ახალი ბადურის გამოზრდა.
„ეს არის შესაძლებლობა, რომ ამ დაავადების მქონე უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, რადგან ეს დაავადება სიბრმავეს იწვევს“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიოლოგი კაროლ ტროი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა