ასტრონომები აგრძელებენ დაკვირვებას ასტეროიდ დიმორფზე, რომლის ორბიტაც შარშან NASA-ს ზონდთან განზრახ შეჯახების მეშვეობით შეცვალეს. ინფორმაცია ამის შესახებ NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კოსმოსურმა სააგენტომ დიმორფის ახალი ფოტო გაავრცელა, რომელიც „ჰაბლმა“ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადაიღო, თუმცა დედამიწაზე ახლა გადმოსცა. ფოტოზე ჩანს, რომ შეჯახების შემდეგ ასტეროიდს საკუთარი თანამგზავრები გაუჩნდა – ის გარშემორტყმულია სულ მცირე 30 ქვის ფრაგმენტით, რომლებიც მას შეჯახების შედეგად მოტყდა. ნატეხების ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა ცნობილი მათი ზომა. ყველაზე დიდების დიამეტრი 6,5 მეტრია, ყველაზე პატარებისა კი 1 მეტრამდე.
NASA-ს ზონდი Dart-ი (Double Asteroid Redirection Test) ასტეროიდ „დიმორფს“ 2022 წლის 27 სექტემბერს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ასტეროიდის ტრაექტორია შეიცვალა. ეს ისტორიაში პირველი მისიაა, რომლის მიზანიც ციური სხეულის ტრაექტორიის შეცვლა იყო. სპეციალისები აღნიშნავენ, რომ საბოლოო ჯამში, ეს შეჯახება მათ დედამიწისთვის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდებისთვის ტრაექტორიის შეცვლის მექანიზმის ტესტირება იყო.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”