close
ტექნოლოგიები

ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ ადამიანს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი აღუდგინა

ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ ადამიანს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი აღუდგინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ფეინშტაინის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა კვადრიპლეგიით (ოთხივე კიდურისა და ტანის დამბლა) დაავადებულ ადამიანს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი აღუდგინეს. საუბარია კავშირზე, რომელიც ტვინს, კიდურებსა და ზურგის ტვინს შორისაა.

მეცნიერებმა იმპლანტი პაციენტის ტვინში მოათავსეს. იმპლანტი მოიცავს ხუთ მიკროჩიპს და იყენებს AI სისტემას პაციენტის აზრების ქმედებად გარდაქმნისთვის. ტვინის იმპლანტმა პაციენტს სხეულის გამოძრავების საშუალება მისცა.

„იყო დრო, როდესაც არ ვიცოდი, მსურდა სიცოცხლე თუ არა. ახლა კი ადამიანების შეხებას კვლავ ვგრძნობ. ჩემთვის ეს საოცრებაა”, – თქვა კიტ თომასმა, რომელიც 2020 წლიდან სრულად პარალიზებულია.

CDC-ის თანახმად, მხოლოდ აშშ-ში ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს პარალიზი აწუხებს. თითქმის არ არსებობს მკურნალობის ისეთი საშუალება, რომელსაც პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია.

 

 

ამის ფონზე, ტვინის ახალი იმპლანტი დიდ იმედებს იძლევა.

უბედურმა შემთხვევამ კიტის ხერხემალი დააზიანა.  მან ინტერნეტით ფეინშტაინში იმპლანტის ტესტირების შესახებ შეიტყო და კვლევაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

მკვლევრებმა MRI-ის გამოყენებით პაციენტის ტვინის დაზიანებული უბნები გამოავლინეს. ამის შემდეგ 15-საათიანი ოპერაცია ჩატარდა. შედეგად იმპლანტის მოსათავსებლად შესაბამისი ადგილი შეირჩა.

„ოპერაციისას კიტი გონზე იყო და შესაბამის რეაქციას ავლენდა. სწორედ ასე ტვინში ორი იმპლანტი მოვათავსეთ”, — თქვა ექიმმა ეშესტ მეჰტამ, ერთ-ერთმა ქირურგმა, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა.

ოპერაციის შემდეგ კიტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შეუძლია იგრძნოს ის, რაც აღარ შეეძლო. მეტიც, კიტს ახლა ხელების გამოძრავებაც შეუძლია.

„ერთადერთი, რისი გაკეთებაც მინდა, ეს სხვების დახმარებაა. იმ შემთხვევაში, თუ ეს კვლევა ადამიანებს დაეხმარება, მე მხოლოდ გამიხარდება”, – თქვა მან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0