close
ვიდეო

ევროპაში მალე, შესაძლოა, ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცის გაყიდვა დაიწყოს

ისრაელის კომპანია Aleph Farms ელოდება მარეგულირებელი კომისიისგან უფლების მინიჭებას, რომ თავისი პროდუქცია — კულტივირებული ხორცი — ევროპის, კერძოდ, შვეიცარიის, ბაზარზე გაყიდოს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

Aleph Farms-მა განაცხადი შეიტანა შვეიცარიის სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის ფედერალურ ოფისში (FSVO) და, მოთხოვნის დამტკიცების შემთხვევაში, იგი იქნება პირველი კომპანია, რომელიც ევროპის კონტინენტზე ხელოვნურად წარმოებულ ძროხის ხორცს გაყიდის.

სპიკერის თქმით, შვეიცარიის მარეგულირებელი ორგანოების მიერ განხილვისა და დამტკიცების პროცესი, როგორც წესი, დაახლოებით, 12-24 თვეს მოიცავს.

Aleph Farms თანამშრომლობს შვეიცარიულ Migros-თან, რომელიც არის ქვეყნის უდიდესი საცალო კომპანია და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი და ამასთანავე — Aleph Farms-ის ინვესტორი.

ორივე კომპანიამ შვეიცარიაში ჩაატარა ფართო სამომხმარებლო კვლევა და დაადგინა, რომ მომხმარებელთა 74% მზადაა, კულტივირებული ხორცი გასინჯოს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა მთავარ მოტივაციას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კულტივირებული ხორცი მდგრადია და ხელს უწყობს ცხოველთა კეთილდღეობას.

ისრაელის ფირმა კულტივირებული ხორცის კომერციალიზაციას 2024 წლისთვის აპირებს. მარტში მათ განაცხადეს, რომ 2025 წლისთვის აპირებენ, კულტივირებული ხორცი სინგაპურის ბაზრებზე გაავრცელონ. აღსანიშნავია, რომ სინგაპური მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი მიირთვას.

Aleph Farms ხორცს აწარმოებს ცხოველის ღეროვანი უჯრედების შეძენისა და შენახვის გზით, შემდეგ კი მათ, ტემპერატურის კონტროლირებად ჭურჭელში კულტივირებით, ხორცად აქცევს.

პალო ალტოში მდებარე მომავლის ინსტიტუტის თანახმად, უჯრედებზე დაფუძნებული ხორცი მომავალია და დასავლეთის სუპერმარკეტებში მისი ხილვა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვეულებრივ ამბად იქცევა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0