ევროკავშირის კლიმატის ობსერვატორიის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისი ჯერჯერობით აღრიცხული დროით მონაკვეთში ყველაზე ცხელი თვე იყო.
ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სერვისის დირექტორმა სამანტა ბურჯესმა თქვა, რომ 2023 წლის ივლისის საშუალო ტემპერატურა 1.5 გრადუსი ცელსიუსით აღემატება პრეინდუსტრიულ პერიოდს.
მაღალი ტემპერატურის წინა რეკორდი 2019 წლის ივლისში დაფიქსირდა. 2023 წლის ივლისის საშუალო მაჩვენებელი 2019 წლის საშუალო ტემპერატურას 0.33 გრადუსი ცელსიუსით აღემატება.
2023 წლის ივლისში თბური ტალღები და მასიური ხანძრები აქტიური იყო ევროპის სამხრეთში. ასევე, საშუალო მაჩვენებელზე საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკასა და ანტარქტიდაზე.
ივლისში რეკორდულად მაღალი იყო ოკეანეების და ზღვების ზედაპირების საშუალო ტემპერატურაც.
სამანტა ბურჯესის თქმით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მსოფლიოს კლიმატი სხვადასხვა სავალალო შედეგების წინაშე აღმოჩნდება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”