ნეპტუნზე რაღაც ძალიან უცნაური ხდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პლანეტის ატმოსფეროდან ღრუბლის ფერმკრთალი ზოლები გაქრა.
უფრო მეტიც, 1994 წლით (როდესაც ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველად დაიწყო ნეპტუნის დოკუმენტირება) დათარიღებული სურათები გვიჩვენებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ის ასევე დაკავშირებულია სხვა პერიოდულ ცვლილებასთან, კერძოდ — მზის ციკლის 11-წლიან აქტივობასთან.
ნეპტუნზე ღრუბლების გაქრობა 2019 წელს დაიწყო და 2020 წლისთვის პლანეტა უკვე, მეტ-ნაკლებად, უღრუბლო იყო.
იმის გათვალისწინებით, რომ ნეპტუნი მზიდან, დაახლოებით, 4,5 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული (ანუ დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილზე 30-ჯერ მეტით), ამ აღმოჩენამ ასტრონომები გააოცა და დააინტერესა.
ნეპტუნი მზის სისტემის მთავარ პლანეტებს შორის ყველაზე შორს მდებარეობს და, შედეგად, არც თუ კარგად არის შესწავლილი. ინფორმაცია, რომელიც გაგვაჩნია, მიუთითებს კომპლექსურ და დინამიკურ ატმოსფეროზე, განპირობებულს პროცესებით, რომლებსაც ბოლომდე ვერ ვწვდებით.
მიუხედავად ამისა, მეცნიერებს მაინც აქვთ ატმოსფეროს ცვლილების გრძელვადიანი ტენდენციებისთვის თვალის მიდევნების საშუალება. ამისათვის მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს იმ მონაცემებზე, რომლებიც შეგროვდა 1994 წლიდან ჰაბლის, 2002 წლიდან კეკის ობსერვატორიის და 2018 და 2019 წლებში ლიკის ობსერვატორიის მიერ.
მონაცემთა ნაკრებმა აჩვენა, რომ ნეპტუნზე ღრუბლის საფარის რაოდენობა მერყეობს, დაახლოებით, 11-წლიანი ციკლების მიხედვით, რომლებიც, როგორც ჩანს, სინქრონიზებულია მზის აქტივობასთან.
ყოველ 11 წელიწადში მზის მაგნიტური ველი ცვლის პოლარობას, რაც აღინიშნება ანთებების, კორონალური მასის ამოფრქვევისა და მზის ლაქების პიკით. მას შემდეგ, რაც პოლუსები ადგილს შეიცვლის, მზის აქტივობა გარკვეული დროით ნელდება, მანამ, სანამ ციკლის მაქსიმუმი კვლავ დაიწყებოდეს. ამ მაქსიმუმის დროს კი მზე უფრო ინტენსიურ ულტრაიისფერ შუქს ასხივებს.
გუნდის 29-წლიანი ანალიზი აჩვენებს, რომ ღრუბლები ნეპტუნზე ჩნდება ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივების დაწყებიდან, დაახლოებით, 2 წლის შემდეგ. ასევე არსებობს პოზიტიური კორელაცია ნეპტუნის ღრუბლის საფარსა და მის ალბედოს შორის — ეს არის მზის შუქის რაოდენობა, რომელსაც ის ირეკლავს.
“ჩვენი აღმოჩენები მხარს უჭერს თეორიას, რომ მზის ულტრაიისფერმა სხივებმა, საკმარისი სიძლიერის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ფოტოქიმიური რეაქცია, რომელიც წარმოქმნის ნეპტუნის ღრუბლებს“, — განმარტავენ მკვლევრები.
გუნდის ანალიზი, რომელიც მოიცავს მზის 2,5 ციკლს, აჩვენებს ნეპტუნის ღრუბლის საფარისა და ალბედოს პიკს 2002 წელს (წინა კვლევის შესაბამისად), ხოლო 2007 წლისთვის მისი აქტივობის მაჩვენებელი ეცემა. მზის ორი უახლესი მაქსიმუმი კი ფიქსირდება 2001 და 2015 წლებში.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები მიუთითებს ფოტოქიმიურ მოვლენაზე, მეცნიერებს დასჭირდებათ გარკვეული მონაცემების შეგროვება, რათა გაარკვიონ, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ულტრაიისფერი სხივების ურთიერთქმედების ერთ-ერთი შესაძლებლობა ღრუბლების გამუქებაა, რაც ალბედოს შემცირებას უნდა იწვევდეს. რაც შეეხება ნეპტუნის სიღრმიდან წამოსულ შტორმებს, ისინი ფოტოქიმიურად გამოწვეულ ღრუბლებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, რაც ასევე ართულებს საკითხს.
მიმდინარეობს ახალი დაკვირვებები და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული ახალი მონაცემების დამუშავება. ორივე თანხვედრაშია გუნდის დასკვნებთან, რომლის მიხედვითაც, მზის ახალ მაქსიმუმს 2025 წლისთვის უნდა ველოდოთ.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Icarus-ში.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”