ორი ახალი კვლევის მიხედვით, პაციენტებს, რომლებსაც ქალმა ქირურგებმა ჩაუტარეს ოპერაცია, უკეთესი შედეგები აქვთ ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებსაც კაცი ქირურგები მკურნალობდნენ. კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ ქალი ქირურგების პაციენტები ოპერაციის შემდეგ ნაკლებ გართულებებს განიცდიან და უფრო მალე ჯანმრთელდებიან. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კვლევის ფარგლებში კანადასა და შვედეთში 1 მილიონზე მეტი პაციენტის სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს. ოპერაციის შემდეგ უკეთესი შედეგები სწორედ იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომლებსაც ქალი ქირურგები მკურნალობდნენ. მკვლევრები ამ ფაქტის პოტენციურ მიზეზებზე ისევ მსჯელობენ. მონაცემების მიხედვით, ქალი ქირურგები ოპერაციის დროს უფრო ნელა და დაკვირვებულად მუშაობენ, რაც სავარაუდოდ, პაციენტის გამოჯანმრთელებაზე დადებითად აისახება.
დოქტორ კრისტოფერ უოლისის გუნდმა 2007-2019 წლების ონტარიოს 1,2 მილიონი პაციენტის სამედიცინო ისტორია შეისწავლა, განსაკუთრებით კი, ოპერაციის შემდგომი გართულებები. მონაცემთა ანალიზის მიხედვით, ოპერაციიდან 90 დღის შემდეგ გართულებები იმ პაციენტების 13,9%-ს ჰქონდათ, რომლებსაც კაცი ქირურგები მკურნალობდნენ. ქალი ქირურგების შემთხვევაში კი, იგივე მაჩვენებელი 12,5% იყო.
კვლევის შედეგების მიხედვით, ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ ქალი ქირურგების პაციენტების 20,7%-ს პოსტოპერაციული გართულებები ჰქონდათ, ხოლო კაცი ქირურგების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 25% იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი კაცი ქირურგების პაციენტებში 25%-ით მეტი იყო, ვიდრე ქალი ქირურგების პაციენტებში.
შვედეთში ჩატარებულ კვლევასაც მსგავსი შედეგები ჰქონდა. დოქტორ მაი ბლომმა და მისმა გუნდმა ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდგომ 150 ათასი პაციენტის მონაცემები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტებს, რომლებსაც ქალი ქირურგები მკურნალობენ, ნაკლები გართულებები ჰქონდათ და საავადმყოფოდანაც უფრო მალე გაწერეს. რაც შეეხება ოპერაციის მიმდინარეობის დროს, ამ შემთხვევაშიც ქალი ქირურგები კაცებზე უფრო ნელა მუშაობდნენ.
„ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ კაცი ქირურგები ქალებს სჯობნიან. საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ადრე გამოქვეყნებული კვლევების მიხედვითაც, სულ მცირე ქალები ისეთივე კარგი ქირურგები არიან, როგორც კაცები, ზოგიერთ შემთხვევაში, ოდნავ უკეთესებიც კი “, – ამბობს დოქტორი ბლომი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”