close
ემიგრანტი

„არასოდეს შეგეშინდეთ სიძნელეების, სწავლის ძირსა და კენწეროს შორის დიდი გზაა“ – აშშ-ში მოღვაწე ქართველი ბიოლოგი

ზოგ შემთხვევაში ისე ხდება, რომ ჩვენი  ყოველდღიური საქმიანობა ჩვენივე სურვილებისა და ინტერესების საწინააღმდეგოა. ამ დროს საკუთარ თავს ვუდასტურებთ, რომ ეს მოცემულობა დროებითია. ზოგჯერ  მსგავსი პროცესი  დიდხანს გრძელდება, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებენ, რათა მათთვის უინტერესო რეალობაზე უარი თქვან და საკუთარი მიზნებისთვის იბრძოლონ.

დავით მანაგაძე ბიოლოგია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. აქვს ისტორია, თუ რა გზა განვლო, რათა კარიერული წარმატებისთვის სამშობლოს ფარგლებს გარეთ მიეღწია და გვიყვება, რას საქმიანობს დღესდღეობით. დავითი „დოქტრინას“ ესაუბრა.

რა გზა გაიარეთ, სანამ ამერიკაში განაგრძობდით კარიერულ წინსვლას?

განათლებით ბიოლოგი ვარ. გერმანიაში სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, მიმიწვიეს აშშ-ში, ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებში (National Institutes of Health, NIH), პოსტსადოქტორო კვლევებზე სამუშაოდ. რვა წელი ვმუშაობდი იქ, ჯერ ბიოქიმიასა და გენეტიკაში, შემდეგ კი – ევოლუციურ გენომიკაში. ამის შემდეგ გადავედი კალიფორნიაში, სილიკონის ველის სტარტაპში, რომელიც მაშინ სრულიად ახალი, ე.წ. ერთი უჯრედის გენომიკის სფეროში მუშაობდა. ჩვენს პროდუქტებსა და კვლევებს წარმატება ხვდა წილად და ამიტომ ჩვენი სტარტაპი დიდმა კომპანიამ – Becton Dickinson-მა შეისყიდა.

დღესდღეობით რას საქმიანობთ?

ამჟამად ვარ მთავარი მეცნიერი (Senior Principal Scientist) სილიკონის ველის სტარტაპში DNAnexus. ჩვენ შევქმენით ღრუბლოვანი პლატფორმა, რომელიც დიდი ზომის გამოთვლების წარმოებისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა და მორგებულია ბიოლოგიურ და კლინიკურ მონაცემებზე. დღეისათვის ამ სფეროში უზარმაზარი რაოდენობით ინფორმაცია დაგროვდა. აშშ-ისა და სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნების დიდ საავადმყოფოებს, დიაგნოსტიკურ თუ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს, სახელმწიფო ორგანიზაციებს დაგროვილი აქვთ პაციენტების კლინიკური, გენომიკური და სხვა სახის მონაცემები, რომელზეც მრავალგვარი ანალიზის ჩატარება და აღმოჩენების გაკეთება შეიძლება, რაც უკეთესი წამლებისა და სამედიცინო პროცედურების შექმნის საშუალებას მოგვცემს. თუმცა, ამ კომპანიებმა და ორგანიზაციებმა ხშირად არ იციან, როგორ დაამუშაონ ესოდენ დიდი ზომის მონაცემები. ბიოლოგიასთან ერთად, მე მაქვს გამოცდილება მონაცემთა მეცნიერებაში, პროგრამირებაში და ა.შ. კლიენტთან საუბრის შემდეგ მე ვქმნი მათი კვლევებისთვის საჭირო “არქიტექტურას” და ვხელმძღვანელობ მის განხორციელებას. ამისათვის ვმუშაობ მეცნიერებსა  და ინჟინრებთან ერთად აშშ-ში, ევროპასა და შორეულ აზიაში.

რამ განაპირობა, რომ სხვა ქვეყანაში სწავლის გაგრძელება გადაწყვიტეთ?

ინსტიტუტი 1990-ანებში დავამთავრე. მოგეხსენებათ, რომ იმ დროს საქართველოში პურის ფულის შოვნაც კი ძნელი იყო და მეცნიერებისთვის არავის ცხელოდა – ჩემი პროფესიით სამსახურის შოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ამიტომ, დროებით გადავერთე IT სფეროში და რამდენიმე წელი ვიმუშავე, მაგრამ საყვარელ პროფესიაზე ფიქრი და ოცნება არ შემიწყვეტია; ვეძებდი სწავლისა და მუშაობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობას. უამრავი ძებნისა და წვალების შემდეგ, მივიღე შემოთავაზება გერმანიიდან და გადავწყვიტე, წავსულიყავი. ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი – გერმანია მეცნიერების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ იქ სწავლის საშუალება მომეცა.

თქვენს გეგმებში სამშობლოში დაბრუნება და საქმიანობა თუ შედის?

არასოდეს დამცხრომია უკან დაბრუნების ფიქრები და სურვილი. საქართველოში სრულად გადმოსვლა ალბათ ძნელი იქნება – ჩემი პროფესიისათვის საქართველოში დიდი გასაქანი არც დღეს არსებობს; ალბათ, ერთადერთი ხელშესახები გზა რომელიმე უნივერსიტეტში სწავლება იქნებოდა… ერთ ქართულ უნივერსიტეტთან მქონდა კიდეც ურთიერთობა და ლექციებიც წავიკითხე, თუმცა, საქმე ამის იქით არ წასულა. იმედი მაქვს, მომავალში ეს შეიცვლება.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევთ მათ, ვისაც საზღვარგარეთ სურთ პროფესიული წარმატების მიღწევა?

ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს ვურჩევდი, რომ არასოდეს შეეშინდეთ სიძნელეების. სწავლის ძირსა და კენწეროს შორის დიდი გზაა, რომელზე სიარულიც ბევრი საინტერესო ამბის მოწმედ თუ ნაწილად გაქცევთ. ამ გზის გავლა, ყოველდღიურად ახლის სწავლა და ახლის კეთება ღირს სიცოცხლედ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0