კლიმატის ცვლილება და დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას იწვევს. ამის შესახებ BBC საკონსერვაციო ჯგუფ IUCN-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ამ სფეროში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევაა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადის დაბალი შემცველობა ოკეანეების 700 წერტილში ფიქსირდება, მაშინ როცა 1960-აინ წლებში მათი რაოდენობა მხოლოდ 45-ს შეადგენდა.
მეცნიერების თქმით, დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობაზე ნეგატიური გავლენა დიდი ხანია ჰქონდა. თუმცა, ბოლო წლებში დაფიქსირებულმა კლიმატის ცვლილებამ პრობლემა გაამძაფრა. ატმოსფეროში CO2-ის დონე იზრდება, რაც სათბურის ეფექტს იწვევს, სითბოს დიდ ნაწილს ოკეანეები შთანთქავს. თბილ წყალს კი ნაკლები ჟანგბადის დაჭერა შეუძლია, რაც ფაუნას დიდ საფრთხეს უქმნის.
კვლევის თანახმად, 1960-2010 წლებში წყალში ჟანგბადის შემცველობა საშუალოდ 2%-ით შემცირდა, ზოგ ადგილებში კი ამ ნიშნულმა 40%-ს მიაღწია.
სექტემბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით კლიმატის ცვლილება ზღვებსა და ოკეანეებზე ისე ცუდად მოქმედებს, როგორც არასდროს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“