close
კვლევები

წყნარი ოკეანის ქვეშ წყლის უზარმაზარი რეზერვუარი იმალება — კვლევა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი ზელანდიის სანაპიროს მიმდებარედ, წყნარი ოკეანის ქვეშ, წყლის უზარმაზარი ბუნებრივი რეზერვუარია, რომლითაც, შესაძლოა, ამ რეგიონში ნელი მიწისძვრების არსებობა აიხსნას.

სპეციალისტების თქმით, ზღვის ფორმირებისთვის საკმარისი სითხე ვულკანურ ქანებშია მომწყვდეული, რომლებიც 120-125 მილიონი წლის წინ, ადრეულ ცარცულ პერიოდში, წარმოიქმნა. ამ დროს ლავის გიგანტურმა ნაკადმა დედამიწის ქერქში ამოხეთქა და გამყარებისას დიდ პლატოდ იქცა. მას შემდეგ ის დანალექის სქელმა ფენებმა დაფარა და წყნარი ოკეანის ფსკერის ქვეშ 3 კილომეტრ სიღრმეში ჩამარხა.

მკვლევრებმა ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ არსებული ნაპრალი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ზემოხსენებული ქანები უჩვეულოდ სველია. წყალი მათი მოცულობის თითქმის ნახევარზეა პასუხისმგებელი, რაც ფსკერის გაბურღვისას მოპოვებული ნიმუშების ანალიზმა აჩვენა.

ავტორები ამბობენ, რომ 7-10 მილიონი წლის ოკეანური ქერქი, როგორც წესი, ნაკლებად სველი უნდა იყოს. მათი თქმით, ვულკანური პლატოს გარშემო არსებულმა წყალმა ქანების ეროზია გამოიწვია და მათ ფოროვანი, ფიჭის მსგავსი, სტრუქტურა მიანიჭა. შედეგად, იქ წყალი დაგროვდა და დროთა განმავლობაში უფრო მეტი სითხე შეიწოვა.

ფოტო: Andrew Gase

ამ რეზერვუარს ჰიკურანგის ნაპრალისგან 15 კილომეტრის მოშორებით მიაგნეს. ესაა ადგილი, სადაც წყნაროკეანური ტექტონიკური ფილა ავსტრალიის ფილის ქვეშ, პლანეტის მანტიაში, იძირება. მათი ურთიერთქმედებით ნელი მიწისძვრები წარმოიქმნება, რომლებმაც შესაძლოა, თვეობით გასტანოს და ზედაპირი თითქმის არ დააზიანოს.

ასეთი მოვლენები მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილას ხდება, მათ შორის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იაპონიაში, ახალ ზელანდიასა და მექსიკაში. ამ ფენომენს წყლის მიწისქვეშა რეზერვუარებთან აკავშირებენ, რადგან ფილების ურთიერთზეწოლისას სითხე მაღალ წნევას ქმნის, რაც მიწისძვრის წინმსწრები პროცესის შენელებას იწვევს.

ასეთი რეზერვუარის არსებობას მეცნიერები კომპიუტერული სიმულაციებისა და ლაბორატორიული ექსპერიმენტების საფუძველზე პროგნოზირებდნენ. ახლა კი მათ სეისმური მონაცემების მეშვეობით ზემოხსენებული რეგიონის სამგანზომილებიანი გამოსახულება მოიპოვეს და წყლის შემცველი ქანები გამოავლინეს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

წყარო : on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0