ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე მეცნიერებმა ქვეყნის მიერ მარსზე გაშვებული მავალის Zhurong მონაცემებში მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაგნეს. მისი ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ აპარატმა წითელი პლანეტის ზედაპირის ქვეშ მრავალკუთხა სტრუქტურები დააფიქსირა, რომელთა ფორმირებაც, დიდი ალბათობით, ციურ სხეულზე ოდესღაც არსებულ წყალს უკავშირდება.
როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს მრავალკუთხა სტრუქტურები რადარმა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული უტოპიის დაბლობის მიმდებარედ გამოავლინა და ისინი თითქმის 11 მეტრ სიღრმეშია განლაგებული. მათ წარმოქმნაში დიდი როლი წყლის ყინულს უნდა შეესრულებინა.
საერთო ჯამში 16 მრავალკუთხა ნაპრალოვანი დანაყოფი იდენტიფიცირდა, რაც, მეცნიერთა თქმით, უტოპიის დაბლობის ტერიტორიაზე, გრუნტქვეშ, ასეთი წარმონაქმნების სავარაუდო სიუხვეზე მიანიშნებს.
მსგავსი სტრუქტურები მარსზე აქამდე NASA-საც აქვს დაფიქსირებული, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისინი გეორადარის გამოყენებით იდენტიფიცირდა. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, როგორ გაჩნდა ისინი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს ყინვა-გალღობის ციკლებს უკავშირდება, რაც დედამიწაზეც ხდება.
ავტორთა გამოთვლებით, წითელ პლანეტაზე ზემოხსენებული წარმონაქმნები 3.7-2.9 მილიარდი წლის წინა შუა პერიოდში უნდა ფორმირებულიყო, გვიან ჰესპერულ-ადრეულ ამაზონურ გეოლოგიურ ეპოქებში. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ უტოპიის დაბლობზე ან მის მახლობლად მაშინ წყლის ბუნებრივი რეზერვუარები იყო.
Zhurong-ის წინა მიგნებები მიუთითებს, რომ მარსზე წყალი საკმაოდ გვიან, 400 000 წლის წინაც არსებობდა. ასევე, მან ადრინდელი მასშტაბური დატბორვების პოტენციური კვალიც გამოავლინა. ახლა ეს ჩინური მავალი აქტიური აღარაა.
მის მონაცემებზე დაფუძნებული ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”