2018 წელს ემიგრაციის მუზეუმს რუსუდან წერეთელის ოჯახმა გადასცა ქართველი ემიგრანტის, ჯორჯ კობის საახალწლო ნაძვის ხის ორიგინალი სათამაშოები. ამ სათამაშოებით გიორგი და მისი მეუღლე ჰელენი, საახალწლოდ ნაძვის ხეს რთავდნენ.
გურამ შარაძის სახელობის ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე იმ ადამიანის შესახებ ყვება, რომელიც ნიუ იორკში რაჭიდან წავიდა და ამერიკელებს შობა აჩუქა…
“ჯორჯ კობი ამერიკაში მინის მრეწველი იყო, მილიონერი, რომელსაც ძალიან დიდი მრეწველობა ჰქონდა. ნაძვის ხის სათამაშოების გამოშვება მან 1940-იან წლებში დაიწყო. მანამდე ამზადებდა სამედიცინო დანიშნულების ამპულებს, კოლბებს ლაბორატორიებისთვის. მანვე დაამზადა ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავის ზემტკიცე მინის კაბინა, გიორგი მაჩაბელის მიერ შექმნილი პირველი ამერიკული სუნამოს ფლაკონები.
ოთხი ქართველი ამერიკაში ყველაზე ცნობილები არიან, რომლებიც ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობდნენ და ძალიან დიდი კვალი დატოვეს: ალექსანდრე ქართველი, გიორგი მაჩაბელი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბალანჩინი.
გრიგოლი (გიგო) დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხ დავით კობახიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის მღვდელთან მიიღო. 10 წლისა შინიდან გაიპარა, ბორჯომში ჩავიდა, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) მუშაობდა. იქ 4 წელი დაყო. გარჯითა და შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი. დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო. გამომგონებლობის ნიჭიც აღმოაჩნდა – შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს ოდესის, 1903 წელს – კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში ჩავიდა. იქ გაიცნო და დაქორწინდა დაშა ნოდვიკოვაზე.
1903 წელს გრიგოლი პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და იქ შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო შექმნა.
1909 წელს კი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც რაჭველ მეპურეებს შეაფარა თავი და მათი დახმარებით ნიუ-იორკში მოეწყო, სადაც პურის ცხობით ირჩენდა თავს. 9 წელი მეუღლესთან ერთად მუშაობდა ”ჯენერალ ელექტრონიქსის” ფირმაში, ამავე პერიოდებში გამომგონებლური ნიჭის მქონე გრიგოლმა საკუთარი ხელით შექმნა საწერკალამი.
1919 წელს მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში დიდი ქარხანა გამართა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Cobi Glass Produkts Company-მ აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრებაში სახელი გაითქვა. 1929 წელს წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი კი 4 მილიონს, რითიც ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის სტატუსი მოიპოვა. მილიონერის სტატუსის მიუხედავად, უსაქმოდ არასოდეს მჯდარა – მისი 60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას.
გრიგოლ კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობას აღტაცებით შეეგება. სამშობლოში დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩადგომა სურდა, მაგრამ 1919-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ოკუპაციის შემდეგაც ცდილობდა სამშობლოს დახმარებას. “ნეპი” (“ახალი ეკონომიკური პოლიტიკა”, რომელიც სსრკ-ში გამოცხადდა 20-იან წლებში) ხელს უწყობდა უცხოურ კონცესიებს, ამიტომ ხელისუფლებას მინის დიდი ქარხნის მშენებლობა შესთავაზა. მოსთხოვეს კაპიტალის ჩადება, მაგრამ გრიგოლი არ დათანხმდა, – მას თვითონვე სურდა მშენებლობისათვის ეხელმძღვანელა, რადგან ფულს ვერ ანდობდა ბოლშევიკებს.
1925 წელს სამშობლოში ჩამოვიდა, ფეხით გაიარა ის გზა, რომელიც პატარა ბიჭმა განვლო 33 წლის წინ. სახლი აუშენა იმ ოჯახს, ვინც მაშინ ბავშვს ღამე გაათევინა და მოუარა, დედას კი ბავშვობაში შეპირებული 10000 მანეთის საჩუქრები ჩაუტანა. მეორედ 1928 წელს ეწვია საქართველოს. 4 წელიწადში ბევრი რამ გაუკეთა რაჭას. დაეხმარა მრავალ გაჭირვებულ ოჯახს, სოფელ თხმორს აუშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია და მღვდლის სახლი, გახსნა სავაჭროები, მოამარაგა საქონლით და მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მასთან დახმარების სათხოვნელად, არა მარტო რაჭისა და იმერეთის სოფლებიდან, არამედ – ქუთაისიდანაც მიდიოდნენ. ამ დროს ძმისშვილი ჩავიდა თბილისიდან და შეატყობინა, რომ დაჭერას უპირებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ გაემგზავრა სოფლიდან და ქვეყნიდანაც.
1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ–ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაცაბლის ფირმისთვის Prince Matchabeli.
1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და $2 მილიონი.
განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ახალგამოგონებულ მინის ამპულებზე ინექციებისათვის. მისი ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე, მოკავშირეებსაც.
II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. “Babel Lamps”, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც “ორნამენტი” უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა “კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა”. რადგანაც სათამაშოები კანადაშიც გადიოდა წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა.
“კობი ეს შობაა”, რაჭველი გრიგოლ კობხიძე დიდხანს რჩებოდა ახალი წლის ერთ– ერთ სიმბოლოდ ამერიკელთათვის.
აღსანიშნავია, რომ 1934 წელს მის მიერ წარმოებულ თეთრ სათამაშოზე ყვითელი ფერით იყო შესრულებული ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”.
გრიგოლ კობახიძე რამდენჯერმე მოხვდა უმდიდრეს ამერიკელთა ათეულში, სადაც ხშირად წამყვან ადგილებსაც იკავებდა.
გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრამნტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.
1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაგლისებს მისი სახელი დავიწყებისთვის არ მიუციათ და არც წარმოებისთვის შეუცვლიათ სახელი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”