close
ეს საინტერესოა

ქოუჩინგი ხელოვნური ინტელექტის ერაში

მეტი სიცხადისთვის, თუ რას ნიშნავს ბოლო დროს პოპულარული ეგრეთწოდებული ქოუჩინგი, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ, მოეწყოს დისკუსია-განხილვები და ვიფიქროთ ამ საკითხებზე. შესაბამისად, – მეტი სარგებელი მივიღოთ. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ე.წ. Artificial Intelligence (AI) პირობებში, რომლსაც თანამედროვე ადამიანის ცხოვრება, შრომისა და საქმიანი ურთიერთობების, ასევე ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის კულტურა სხვა რეალობასა და გარემოებებში გადაჰყავს.

ე.წ. ქოუჩინგი წვრთნის პროცესია, – მიუხედავად პროფესიისა, თუ ნებისმიერი მიმართულებისა, სადაც ვსაქმიანობთ. Life Coaching ეგრეთწოდებული „ლაიფქოუჩინგი“ გახლავთ ცხოვრების წვრთნის პროცესი და ჩვენი ყოველდღიურობის ყველა ასპექტს ფარავს . Life Coaching შესაძლებელია ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესთან იყოს დაკავშირებული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენს წარმატებაში.

როგორც უკვე ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, მწვრთნელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ინდივიდის თუ სპეციფიკური ჯგუფების წარმატების პროცესში. დღეს, როგორც წესი, ისტორიულად, მწვრთნელის ასოცირება უმეტესწილად სპორტის სახეობების მიმართულებით ხდება. დიახ, არ გეშლებათ, სწორედ იგივე პროცესი გახლავთ.

საქართველოში ეს კულტურა არსებობდა და ისტორიულად მეფეები თუ დიდგვაროვნები, სხვადასხვა შეძლებული პირები თავის შვილებსა თუ ახლობლებს შესაბამისი ცოდნა-გამოცდილების და უნარ-ჩვევების ადამიანებს მიაბარებდნენ ხოლმე და ამას საზოგადოებისთვის თავისი მასშტაბური დადებითი მნიშვნელობის შედეგებიც მოჰყვებოდა ხოლმე ხშირად.

დღეისთვის წვრთნისა და აღზრდის ამ მიდგომამ, რომელიც ფუფუნებად ითვლებოდა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში გადმოინაცვლა, უფრო ხელმისაწვდომიც გახდა და საჭიროებაც ყოველ დღე მატულობს. გაიმარჯვებს ის საზოგადოება, რომელიც სწრაფად აუღებს ალღოს და ეფექტურად ადაპტირდება ამ მიმართულებით.

საჭიროების შესაბამისად, გამოარჩევენ სხვადასხვა კონკრეტულ მიმართულებებს, სადაც ადამიანები შედარებით უფრო ხშირად საჭიროებენ თანადგომას და მხარდაჭერას. მეტი სიცხადისთვის რამდენიმე მოთხოვნად ნიშას გამოვარჩევდით:

Career Coaching (ე.წ. კარიერის მწვრთნელი): ინდივიდებს ეხმარება განსაზღვრონ კარიერული მიზნები, შეიმუშაონ მიზნების მიღწევის გეგმა და გეგმის განხორციელების პროცესში გადალახონ წინააღმდეგობები.

Relationship Coaching (ურთიერთობების მწვრთნელი): ინდივიდებს ეხმარება პირადი და პროფესიული ურთიერთობების მოწესრიგებაში – იგულისხმება როგორც რომანტიკული, ასევე მეგობრული და ოჯახური ურთიერთობები.

Health and Wellness Coaching (ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მწვრთნელი): ეხმარება ინდივიდებს გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ დონეზე. აქ შედის წონის კლება, სტრესის მართვა, ავადობის პრევენცია და მასთან გამკლავება და ა.შ.

Executive Coaching (ლიდერობის მწვრთნელი): ეხმარება ლიდერებსა და აღმასრულებელი თანამდებობის პირებს გაიუმჯობესონ ლიდერული უნარ-ჩვევები, მართონ ჯგუფები მეტი ეფექტურობით და ადვილად, გართულებების გარეშე შეძლონ დასახული მიზნების მიღწევა.

Financial Coaching (ფინანსური კეთილდღეობის მწვრთნელი): ეხმარება ინდივიდებს გაიუმჯობესონ ფინანსების მართვის ხედვა, მართონ ეფექტურად ბიუჯეტი და ფინანსური ნაკადები და მიაღწიონ ფინანსური კეთილდღეობის მიზნებს.

Success Coaching (წარმატების მწვრთნელი): ეხმარება ადამიანებს მიაღწიონ დასახულ მიზნებს ძირითადად განათლების, პროფესიული საქმიანობის, ფინანსური წარმატების და ცვლილებების დროს. მუშაობა შესაძლოა ეხებოდეს კონკრეტულ პროექტს, გამოწვევას, ან ცვლილებების პროცესს. წარმატების მწვრთნელი ადამიანს მხარს უჭერს გამორკვევის პროცესში, საკუთარ თავზე მუშაობისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების დროს.

როგორც წესი, კონკრეტულ ნიშაში დარგის კონკრეტული პროფესიონალები როგორც ექსპერტები ახდენენ პოზიციონირებას და ახორციელებენ შესაბამის დარგობრივ პროფესიულ საქმიანობას.

ზემოთ მოვიყვანეთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, რომელიც მომავლის საქმიანობასთან და ხელოვნური ინტელექტის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოსვლასთან აქტიურად იქნება დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის გაძლიერება პირდაპირაა დაკავშირებული მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციასთან. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს, წარმოებისა თუ მომსახურების სფეროში ადამიანის ფიზიკური შრომის ჩანაცვლებას თანამედროვე ტექნოლოგიებით და რობოტებით. ეს კი, თავის მხრივ, გამოათავისუფლებს უფრო მეტ ადამიანს, რომლებიც ეფექტურად უნდა ადაპტირდნენ საზოგადოებაში. ამ მასიურ და ძალიან სწრაფ პროცესში ეფექტური მწვრთნელის როლი, რომელიც ადამიანებს სიახლეების მიღებაში, გამოწვევების ადაპტაციის პროცესში მხარს დაუჭერს და მისი თანამებრძოლი იქნება, – უმნიშვნელოვანესია.

რატომ მატულობს მწვრთნელის საჭიროება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ადამიანების წარმატებისა და ადაპტაციისთვის მხოლოდ პროფესიული უნარ-ჩვევები და დარგობრივი განათლება არ არის საკმარისი. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სპორტი, ხელოვნება, მეცნიერება, ზოგადად ბიზნესი და სახელმწიფო სერვისები თუ სხვა. თანამედროვე განათლებული საზოგადოება მარტივად ამჩნევს, რომ აუცილებელი გახდა მაღალი ემოციური ინტელექტი, რომ ადამიანებმა შეძლონ გარემოში ადაპტაცია, საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარი პოტენციალის მაღალი კვალიფიკაციით გამოვლენა და რეალიზაცია. არიან გარკვეული კატეგორია ადამიანების, რომლებიც თანამედროვე ცვალებად გარემოში გამოწვევებს დამოუკიდებლადაც კარგად ართმევენ თავს. თუმცა, ისტორიულადაც არსებობს ბევრი ნიჭი და პოტენციალი, რომელიც სამწუხაროდ ვერ რეალიზდა და კონკრეტულმა საზოგადოებამ თუ კაცობრიობამ დაკარგა შანსი მიეღო მეტი სარგებელი. ნაკლები რისკისა და მიზნის სწრაფად და იოლად მიღწევისთვის მწვრთნელთან კოორდინაციაში ყოფნა საუკეთესო, მეტად გარანტირებული საშუალება და ზოგ შემთხვევაში ძვირი სიამოვნებაცაა. სწორედ ამ მიზეზების გამო, ქოუჩინგს 21 საუკუნის საქმიანობას ეძახიან და სულ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი ხდება.

ფსიქოლოგი თუ Life Coach?

როგორც მოგეხსენებათ ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებებთან დაკავშირებით. ფსიქოლოგი გახლავთ პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც აქვს მიღებული შესაბამისი განათლება კარგად ერკვევა ადამიანებში, მათ ხასიათებსა და განცდებში. რაც შეეხება ქოუჩს,  კარგი ქოუჩი შესაძლებელია და უნდა ფლობდეს ადამიანური ფსიქოლოგიის ასპექტებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ფსიქოლოგია და მზადაა გასწიოს ფსიქოლოგიური მომსახურებებს. მეორეს მხრივ, კარგი ფსიქოლოგი შესაძლოა იყოს კარგი ქოუჩი და ამის მეტი შანსია, რასაც ვერ ვიტყვით პირიქით. სწორედ ამიტომ, ადამიანებს უფრო ეადვილებათ ქოუჩობა და თავს უფლებას აძლევენ და შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციების გარეშე თავს მწვრთნელს უწოდებენ და კავდებიან ამ საქმიანობით. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ქოუჩის როლი შესაძლებელია იკისროს, ოჯახის წევრმა, მეგობარმა, სასულიერო პირმა, ტელევიზიით, რადიოთი, სოციალური მედიით მიღებულმა ინფორმაციამ, ვიდეომ ან გზავნილმა, – რომელიც თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება. თუმცა პირადი ქოუჩის დაქირავების შემთხვევაში თქვენ ნაკლებად ხართ დამოკიდებული ალბათობებზე და აქ უკვე ადამიანები ფიქორბენ და მუშაობენ თქვენი ყოველდღიური კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე. როგორც წესი წინა პლანზე ამ სფეროშიც ბაზრის პრინციპი გამოდის და მომხმარებელი თავად წყვეტს ვისთან აქვს მეტი შედეგი და ვის უნდა მიმართოს. თუ საქმე ფსიქოლოგიურ გამოწვევებთან გვაქვს უპირობოდ უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს. წარმატების ასპექტების შემთხვევაში კარგი ქოუჩი თქვენი საუკეთესო მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრი გახდება.

როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი?

მოცემული ეტაპისთვის, პოპულარობის პარალელურად, აღნიშნული საქმიანობა ნაკლებად რეგულირდება, არ გახლავთ ლიცენზირებადი და არ საჭიროებს ნებართვებს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკმაოდ საფრთხილო და საყურადღებოა ვის დაუკავშირებთ თქვენს მომავალ წარმატებებს. ერთის მხრივ, არსებობენ დარგის პროფესიონალები, რომელთაც უჭირთ ადამიანებთან კომუნიკაცია და საკუთარი ცოდნისა და წარმატების სხვებისთვის გაზიარება და მეორეს მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომელთაც კონკრეტული მიმართულების დარგობრივი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნიათ, თუმცა სხვადასხვა მეთოდებითა და მიდგომებით ადამიანი წარმატების გზაზე გაჰყავთ. ამიტომ, მარკეტინგლი ორიგინალურობების, PR ხრიკებისა და მანიპულაციების მიღმა სახელმძღვანელო მთავარი ფაქტორი ხდება – რას ვგრძნობ, როგორ ვარ მე და მაქვს თუ არა სასურველი შედეგი მე?!

დამატებითი კითხვებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს   mikanadze.com

გისურვებთ წარმატებებს

გიორგი მიქანაძე
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ბიზნეს საქმიანობისა და წარმატების ქოუჩი

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0