close
ტექნოლოგიები

მასკის თქმით, Neuralink-ის პირველი პაციენტი მაუსს გონებით აკონტროლებს

ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩადგა.

როგორც ცნობილია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პაციენტის პირველადმა გამოკვლევამ ნეირონული აქტიურობა და იმპულსები გამოავლინა. პროცედურის შემდგომ ის თავს კარგად გრძნობდა.

პროდუქტს Telepathy ჰქვია. მისი მეშვეობით ადამიანები ტელეფონისა თუ კომპიუტერის გაკონტროლებას გონებით შეძლებენ, პირველი ცდის პირები კი ის ინდივიდები იქნებიან, რომლებიც კიდურებს ვერ ამოძრავებენ.

და აი ახლა, მასკი ამბობს, რომ იმპლანტის მიმღები ადამიანი მაუსის კურსორს გონებით მართავს.

„პროგრესი აშკარაა. ოპერაციის შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა, ნერვული ეფექტები აღდგენილია და ახლა მას ეკრანზე მაუსის კურსორის გადაადგილება მხოლოდ ფიქრით შეუძლია”, — თქვა მასკმა.

Neuralink-ის მიზანი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რასაც ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი ეწოდება. მისი მეშვეობით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ინდივიდებს საშუალება ექნებათ, რომ სხვებთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლონ.

ჯერ კიდევ 2021 წელს ჩვენ ვნახეთ მაიმუნი, რომელიც Neuralink-ის ტვინის იმპლანტით Pong-ს გონებით თამაშობდა.

მაშინ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაიმუნმა თავდაპირველად ჯოისტიკის გამოყენებით ისწავლა თამაში, რისთვისაც ბანანის სასმლით აჯილდოებდნენ. ამ დროს კი, Neuralink-ის მოწყობილობა იწერდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ნეირონები აქტიურდებოდა თამაშისას. ამ ინფორმაციის საფუძველზე მეცნიერებმა შეძლეს მაიმუნის კიდურების მოძრაობის პროგნოზირება. ნიმუშების შესწავლის შემდეგ, ჯოისტიკი, რომელსაც პეიჯერი იყენებდა, კომპიუტერიდან გამოაერთეს, მაიმუნმა კი მხოლოდ თავისი გონების გამოყენებით გააგრძელა თამაში.

და აი ახლა, როგორც ჩანს, ადამიანის ჯერიც მოვიდა.

ცნობისთვის, ამ მიმართულებით სხვა კომპანიებიც აქტიურად მუშაობენ. ასეთია, მაგალითად, Blackrock Neurotech, რომელმაც ადამიანის ტვინში ჩიპი ჯერ კიდევ 2004 წელს ჩანერგა. ასევე, Neuralink-ზე ნაკლებად არაინვაზიური პროცედურა შეიმუშავა Precision Neuroscience-მა. როგორ შედეგებს აჩვენებს Neuralink-ის ინტერფეისი, მომავალში გავიგებთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0