როდესაც ლუკასს ექვსი წლის ასაკში თავის ტვინის იშვიათი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, პროგნოზი ყველასთვის გასაგები იყო.
ექიმი ჟაკ გრილი ემოციურად იხსენებს მომენტს, როდესაც მას ბავშვის მშობლებთან საუბარი მოუწია. ის იძულებული იყო ეთქვა, რომ მათი შვილი ვერ გადარჩებოდა.
თუმცა, შვიდი წლის შემდეგ, ახლა ლუკასი 13 წლისაა და მის ტვინში სიმსივნის კვალი აღარაა.
ბელგიელი ბიჭი მსოფლიოში პირველი ბავშვია, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კიბოსგან, თავის ტვინის ღეროს გლიომისგან სრულად განიკურნა.
„ლუკასმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და გაიმარჯვა”, — თქვა გრილმა, ტვინის სიმსივნის პროგრამის ხელმძღვანელმა პარიზში.
ამ ტიპის კიბოს დიაგნოზს აშშ-ში ყოველწლიურად 300 ბავშვს უსვამენ, ხოლო საფრანგეთში ასეთი ასამდე შემთხვევა ფიქსირდება ხოლმე.
ხუთშაბათს, ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღის წინ, სამედიცინო საზოგადოებამ ბოლო მიღწევებზე ისაუბრა და აღინიშნა, რომ ბავშვების 85% კიბოს დიაგნოზის დასმიდან ხუთ წელზე მეტი ხნის შემდეგ იკურნება.
თუმცა, თავის ტვინის ღეროს გლიმონის დიაგნოზის მქონე ბავშვებში სიტუაცია კვლავ მძიმეა. დიაგნოზის შემდეგ უმეტესობა წელიწადში იღუპება. კვლევების მიხედვით, დიაგნოზიდან ორი წლის შემდეგ ბავშვების მხოლოდ 10% იყო ცოცხალი.
რადიოთერაპიამ ზოგჯერ შეუძლია შეანელოს აგრესიული სიმსივნის სწრაფი პროგრესი, მაგრამ არც ერთი წამალი არ აღმოჩნდა ეფექტური მის წინააღმდეგ.
უპრეცედენტო შემთხვევა
ლუკასი და მისი ოჯახი ბელგიიდან საფრანგეთში გაემგზავრა, რათა ბიჭი ერთ-ერთი პირველი პაციენტი გამხდარიყო, რომელიც BIOMEDE-ს კვლევას შეუერთდებოდა. ამ ცდებში ტვინის ღეროს გლიომის პოტენციური პრეპარატები უნდა დაეტესტათ.
ლუკასის ორგანიზმს წამლის მიმართ თავიდანვე კარგი რეაქცია ჰქონდა.
„მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სკანირებისას ჩვენ დავინახეთ, რომ კიბო გაქრა”, — განუცხადა გრილმა AFP-ს.
მიუხედავად ამისა, ექიმებმა მკურნლობის კურსი კიდევ გააგრძელეს. შედეგები მართლაც გასაოცარია.
„სხვა ასეთი შემთხვევა არ მინახავს”, – თქვა გრილმა.
ზუსტად როგორ გამოჯანმრთელდა ლუკასი სრულად და როგორ შეიძლება მისი შემთხვევა მომავალში ამავე დიაგნოზის მქონე სხვა ბავშვებსაც დაეხმაროს, უცნობია. ამავე ცდაში მონაწილე სხვა შვიდი ბავშვიც ცოცხალია. თუმცა, მხოლოდ ლუკასის დაავადება გაქრა სრულად.
ამის მიზეზი შეიძლება ბავშვების ინდივიდუალური სიმსივნეების “ბიოლოგიური თავისებურებებია”.
„ლუკასის სიმსივნეს უკიდურესად იშვიათი მუტაცია ჰქონდა, რომელიც, ჩვენი აზრით, მის უჯრედებს წამლის მიმართ ბევრად უფრო მგრძნობიარეს ხდიდა”, – აღნიშნა გრილმა.
მიუხედავად ასეთი შედეგებისა, შესაბამისი პრეპარატის დანერგვას შეიძლება 10-15 წელი დასჭირდეს. მკვლევრების თქმით, ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”