შიზოფრენიის დროული დიაგნოსტირება გონებასა და სხეულზე მისი უარყოფითი გავლენის შემცირების საშუალებას იძლევა, თუმცა ადრეულ ეტაპზე სიმპტომების შემჩნევა ძნელია.
ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ახალი ტესტი, რომელიც ამ მხრივ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან შიზოფრენიის სიმწვავესა და რისკს ავლენს.
„ფსიქოზი ადრეულ ზრდასრულობაში ვლინდება – სიცოცხლის ძირითად პერიოდში. სტრესი და ნარკოტიკები, მათ შორის მარიხუანა, გენეტიკური მოწყვლადობის დამაჩქარებელი ფაქტორებია.
თუ ფსიქოზს უყურადღებოდ დავტოვებთ, ის ბიოლოგიურად, სოციალურად და ფსიქოლოგიურად დაგვაზიანებს”, — აცხადებენ სპეციალისტები.
შიზოფრენია ტვინს რეალობის უწყვეტ აღქმაში უშლის ხელს და მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევაც შეუძლია. ამის მიუხედავად, მისი კონტროლი შესაძლებელია, მაგრამ, პირველ რიგში, დიაგნოზის დასმაა საჭირო. სისხლის ტესტი სწორედ ფსიქოზთან ასოცირებული ფიზიკური ცვლილებების, ბიოინდიკატორების, იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
მკვლევრებმა სისხლში ზემოხსენებული ცვლილებების კვალის შესასწავლად პაციენტთა 1-დეკადიანი მონაცემები გამოიყენეს და ახალი ტესტი შექმნეს. ზოგიერთი ასეთი ბიომარკერი ამჟამინდელი თერაპიების სამიზნეა, ანუ შესაძლებელია, შიზოფრენიის ადრეული დიაგნოსტირების შემდეგ მათ აღმოფხვრას ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტებით ვეცადოთ.
მეცნიერები ამბობენ, რომ სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ ტესტზე ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გავლენის შესწავლაცაა საჭირო, მაგრამ ის, სავარაუდოდ, წელსვე იქნება ხელმისაწვდომი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”