მეცნიერებმა ლაბორატორიაში ორი სათესლე ჯირკვალი წარმატებით შექმნეს, რისთვისაც ახალდაბადებული თაგვის სათესლე უჯრედები გამოიყენეს. ამ ბიოლოგიური მასალიდან ნამდვილი ჯირკვლების მსგავსი სტრუქტურები მალევე გაიზარდა და შესაძლოა, იქ სპერმაც წარმოიქმნას.
ასეთ სტრუქტურებს ორგანოიდები ეწოდება და ისინი სპეციალისტებს ორგანოების ჩამოყალიბებისა და სხვადასხვა დაავადების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. აქამდე სათესლე ჯირკვლების მოდელირებისთვის ლაბორატორიული სისტემა არ არსებობდა, ამიტომ ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი მიღწევა სქესობრივი ფუნქციების სიღრმისეულ კვლევებს გაუხსნის გზას.
ხელოვნური სათესლე ჯირკვლები მათი ფუნქციების განვითარებაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა სქესობრივი დარღვევებისა და უნაყოფობის საწინააღმდეგო თერაპიების შემუშავებაში დაგვეხმაროს.
უჯრედთა ასეთი ორგანოიდული შეჯგუფებების შესაქმნელად, რომლებშიც სათესლე ჯირკვლებში მიმდინარე პროცესები მეორდება, მეცნიერებმა ახალდაბადებული თაგვის უჯრედები სპეციალურ საზრდელ გარემოში მოათავსეს. სულ რაღაც ორ დღეში მცირე ზომის ორგანოიდებში ნამდვილ გონადებში, ანუ რეპროდუქციულ ჯირკვლებში, არსებულის მსგავსი მილოვანი სტრუქტურები ჩამოყალიბდა.
როგორც წესი, ასეთ ორგანოიდებს მათ ემბრიონულ ფაზამდე ზრდიან, მაგრამ მეცნიერებმა მინიატიურული სათესლე ჯირკვლები შედარებით “მომწიფებულ” ფაზამდე გაზარდეს. საერთო ჯამში მკვლევრებმა ეს ნიმუშები 9 კვირის განმავლობაში შეინარჩუნეს. ამ დროის განმავლობაში ისინი ზომაში გაიზარდა, სანამ უფრო მეტი სისხლის საჭიროების გამო კოლაფსს განიცდიდა.
ავტორებმა ყურადღება სერტოლის უჯრედების განვითარებაზე გაამახვილეს, რომლებიც სპერმის წარმოქმნაში იღებს მონაწილეობას. დადგინდა, რომ 9-კვირიან პერიოდში ამ უჯრედების მომწიფება ისევე მიმდინარეობდა, როგორც ცოცხალ თაგვებში იმავე ფაზების გავლისას.
აღსანიშნავია, რომ ამ მღრღნელებში სპერმის ფორმირებას დაახლოებით 35 დღე სჭირდება, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, ლაბორატორიულ პირობებში გაზრდილ სათესლე ჯირკვლებში ეს მიიღწეს. ექსპერიმენტმა ორგანოიდებში ამის ბიოლოგიური წინაპირობა აჩვენა, კერძოდ მეიოზის, ანუ უჯრედული დაყოფის, რაც სპერმის წარმოსაქმნელად მნიშვნელოვანია.
ავტორები ამბობენ, რომ შესაძლებელია, ამგვარი ორგანოიდები ადამიანის უჯრედებისგანაც შეიქმნას და, პოტენციურად, უნაყოფობის სამკურნალო მეთოდების შემუშავებაში დაეხმაროს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”