შემოსავლების სწრაფი ვარდნის შემდეგ, გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech იმედებს ამყარებს კიბოს სამკურნალო წამლის გამოშვებაზე. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
კომპანიამ, რომელმაც Pfizer-თან თანამშრომლობით კოვიდ-19-ის ვაქცინა შექმნა, 20 მარტს განაცხადა, რომ 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანიის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა და კომპანიის სრული ძალისხმევა ამიერიდან კიბოს საწინააღმდეგო წამლის შემუშავებაზე გადავა.
კომპანია ქალაქ მაინცში მდებარეობს. მათ მიერვე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, BioNTech-ის შემოსავალმა 4 მილიარდამდე ევრო შეადგინა 2023 წელს, რაც სამი მეოთხედით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. სუფთა მოგება აქედან 930.3 მილიონი ევროა, რაც 90%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე ჰქონდა კომპანიას.
კომპანიამ გაცხადებულად დაისახა მიზნად, რომ პირველ ონკოლოგიურ პრეპარატს 2026 წელს გამოუშვებს, ხოლო 2030 წლისთვის სიმსივნის 10 სახეობა იქნება დაზუსტებული, რა შემთხვევაშიც ეს პრეპარატები დაენიშნებათ პაციენტებს.
BioNTech-მა იანვარში განაცხადა, რომ 2025 წლისთვის შემოსავლები კვლავ გაეზრდება და ინვესტიციებს ონკოლოგიური ბიზნესისკენ მიმართავს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”