კემბრიჯის უნივერსიტეტში ახლახან გახსნილი კიბოს ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უჯრედებში ცვლილებების შემჩნევა იმაზე ბევრად ადრეა შესაძლებელი, ვიდრე ისინი სიმსივნედ ჩამოყალიბდებიან. მეცნიერთა თქმით, ეს კვლევა კიბოს მკურნალობის რადიკალურად სხვაგვარი გზების შემუშავებას შეუწყობს ხელს.
- “ადრეული კიბოს” ინსტიტუტი სიმსივნეების დაძლევის გზების ძიებაზეა ორიენტირებული, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ისინი სიმპტომებს წარმოქმნიან.
ეს კვლევა ბოლოდროინდელ აღმოჩენებს დაეყრდნობა, რომლებიც აჩვენებენ, რომ ბევრ ადამიანს წინასიმსივნური მაჩვენებლები წლებით ადრე უვითარდება. “კიბოს განვითარების შეყოვნება, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ხან ათი, ან ოცი წელიც კი გრძელდება მანამ, სანამ ეს დაავადება პაციენტებში თავს იჩენს”,- აცხადებს ინსტიტუტის დირექტორი და პროფესორი რებეკა ფიცჯერალდი.
“ექიმები ბოლოს იგებენ, რომ სიმსივნესთან აქვთ საქმე, როცა კიბო უკვე პაციენტის სხეულშია გავრცელებული. სხვანაირი მიდგომაა საჭირო, ისეთი, რომელიც ტესტებზე დაყრდნობით დაადგენს, რომელი ადამიანია კიბოს რისკის ქვეშ. ასეთი ტესტების ჩატარება ბევრ ადამიანს უნდა შეეძლოს.”
- ასეთი ტესტების ერთ-ერთი მაგალითია ციტოსპონჯი (ციტოღრუბელი). ეს ძაფზე მიმაგრებული ღრუბელია, რომელიც ფიცჯერალდმა თავის გუნდთან ერთად შეიმუშავა. მას პაციენტი მედიკამენტივით ყლაპავს, შემდეგ ის კუჭში ფართოვდბა და გზად საყლაპავის უჯრედებს აგროვებს. ის უჯრედები, რომლებიც პროტეინს, სახელად TFF3-ს შეიცავს, ადრეულ გაფრთხილებას გვაძლევენ, რომ პაციენტს საყლაპავის კიბოს რისკი ემუქრება და მეთვალყურეობას საჭიროებს, რადგან TFF3 მხოლოდ წინასიმსივნურ უჯრედებში გვხვდება. რაც მთავარია, ამ ტესტის ჩატარება მარტივად და ფართო მასშტაბითაა შესაძლებელი.
“ამჟამად, ჩვენ კიბოს ბევრ სახეობას ზედმეტად გვიან ვავლენთ და სხვადასხვა მედიკამენტების გამომუშავება გვიწევს, რაც თანდათან გაძვირდა. სიცოცხლის გახანგრძლივება ხშირად რამდენიმე კვირითღაა შესაძლებელი და ისიც ათიათასობით დოლარის ხარჯზე. დროა, რომ სხვა მიდგომა ავირჩიოთ”,- ამბობს ფიცჯერალდი.
ადრეული კიბოს ინსტიტუტს ქალმა პაციენტებმა 200 000-მდე სისხლის ნიმუში მიაწოდეს. სწორედ ამ ნიმუშების საფუძველზე შეძლეს მკვლევარებმა იმ ცვლილებების დადგენა, რაც წინასიმსივნური უჯრედების მქონე პაციენტებში ხდება.
“აღმოვაჩინეთ, რომ ლეიკემიის სიმპტომების გამოვლენამდე, ადამიანის სისხლში აშკარა გენეტიკური ცვლილებები ათ წელზე მეტი ხნით ადრე შეინიშნება. ეს შანსს გვაძლევს, რომ მკურნალობა ადრეულად ჩავატაროთ და კიბოს განვითარების შანსები შევამციროთ”,- აცხადებს ფიცჯერალდი.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”