close
კვლევები

კოვიდპანდემიამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეამცირა

მასშტაბური კვლევის თანახმად, Covid-19-ის პანდემიამ სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა 1.6 წლით შეამცირა. მაჩვენებელმა პირველი ორი წლის განმავლობაში გლობალურად დაიკლო. ცვლილება მეცნიერთათვის მოსალოდნელზე მასშტაბური აღმოჩნდა.

IHME-ს მონაცემებით, სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ათწლეულების განმავლობაში მატულობდა. შესაბამისად, პანდემიის პერიოდი ამ მხრივ გარდამტეხი აღმოჩნდა.

ნაშრომი ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

„Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ზრდასრულ მოსახლეობაზე იმაზე დიდი გავლენა იქონია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მოვლენამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში, იქნება ეს კონფლიქტები თუ ბუნებრივი კატასტროფები”, — განაცხადა ოსტინ შუმახერმა, IHME-ს მეცნიერმა და ნაშრომის მთავარმა ავტორმა.

კვლევის ფარგლებში 204 ქვეყანა და ტერიტორია გააანალიზეს. 2020-2021 წლებში სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა მათ 84%-ში შემცირდა. მკვლევრების თქმით, ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ გამანადგურებელი გავლენა შეიძლება იქონიოს ხალხზე ახალმა ვირუსმა.

ამ დროის განმავლობაში 15 წელს ზემოთ ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 22%-ით გაიზარდა კაცების შემთხვევაში, ქალებში კი — 17%-ით.

მეხიკო, პერუ და ბოლივია იმ ადგილებს შორისაა, სადაც სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა ყველაზე მეტად შემცირდა.

საგულისხმოა, რომ IHME-ს გლობალური ავადობის ტვირთის კვლევის მონაცემებით დადებითი ტენდენციაც გამოვლინდა: ხუთ წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 2021 წელს იმაზე ნახევარი მილიონით ნაკლები ბავშვი დაიხოცა, ვიდრე 2019-ში. გამოდის, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებას განაგრძობს.

ამასთანავე, პანდემიამ სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა შეამცირა, თუმცა, მკვლევრების თქმით, ხალხი მაინც იმაზე ბევრად დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე უწინ. ცნობილია, რომ 1950-2021 წლების შუალედში დაბადებისას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 23 წლით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, კერძოდ, 49 წლიდან 72 წლამდე ავიდა.

ცნობისთვის, მკვლევართა შეფასებით, კოვიდის შედეგად 2020-2021 წლებში იმაზე 15.9 მილიონით მეტი ადამიანი დაიხოცა, ვიდრე ეს პანდემიის გარეშე მოხდებოდა. სიკვდილის შემთხვევები ან თავად ვირუსმა გამოიწვია, ანდაც პანდემიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ დაბერებული, მდიდარი ერების მოსახლეობამ შემცირება დაიწყო, ნაკლებად შეძლებულ სახელმწიფოებში კი ეს რიცხვი ზრდას განაგრძობს.

„ეს დინამიკა უპრეცედენტო სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებს მოიტანს, თუნდაც მუშახელის შემცირებას ისეთ ადგილებში, სადაც ახალგაზრდა პოპულაცია მცირდება; ასევე რესურსების ნაკლებობას ისეთ ადგილებში, სადაც პოპულაციის ზომა სწრაფად განაგრძობს ზრდას”, — განაცხადა ოსტინ შუმახერმა – „მსოფლიოს ერებს ერთმანეთთან თანამშრომლობა დასჭირდებათ ნებაყოფლობითი ემიგრაციის კუთხით”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0