ახალი კვლევის თანახმად, ამაზონის ტროპიკული ტყის მესამედზე მეტი კვლავ გვალვას ებრძვის. გარდა ამისა, ეკოსისტემის დაზიანებული მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენის პროცესის კრიტიკული შენელება მისი კოლაფსის საფრთხეს სულ უფრო მეტად ზრდის.
წარსულში, სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში პროცესები ბალანსდებოდა ყოველწლიურ მშრალ და წვიმიან სეზონებთან ერთად. მას ასევე ჰქონდა გვალვისგან აღდგენის უნარი. ბოლოხანს აღდგენის პროცესი სულ უფრო ნელდება, რადგან გვალვები უფრო ინტენსიური ხდება ამაზონის სამხრეთ-აღმოსავლეთით და უფრო ხშირი – ჩრდილო-დასავლეთში.
ახალი ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნებულია Proceedings of the National Academy of Sciences- ში, იკვლევს მცენარეული აქტივობის სატელიტურ სურათებს 2001 წლიდან 2019 წლამდე. ავტორების მიზანი იყო შეესწავლათ, თუ როგორ აზიანებს გვალვების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა ამაზონის მცენარეულობას.
მათმა კვლევამ აჩვენა, რომ მიყენებულ ზიანში გვალვის ინტენსივობა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ვიდრე გვალვის სიხშირე, თუმცა ამ ორის კომბინაცია ყველაზე მეტ დესტაბილიზაციას ახდენდა.
კვლევაში მონაწილე მეცნიერები ამბობენ, რომ სატელიტური სურათები მხოლოდ ზედაპირულ წარმოდგენას იძლევა და მათ მიღმა სიტუაცია შეიძლება უფრო მძიმე იყოს.
ამასთანავე, კვლევის თანახმად, წვიმიანი სეზონები უფრო მოკლე და ინტენსიური ხდება, რაც ასევე ზიანს აყენებს ტყის უნარს გვალვისაგან გამოჯანმრთელდეს, რადგან ხის მრავალი სახეობა ექსტრემალურ პირობებთან გამკლავებისთვის მზად არ არის.
მომავალში, ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან გლობალური გათბობა გაზრდის გვალვების ინტენსივობას და სიხშირეს ამაზონზე. ნაშრომში აღნიშნულია:
“მოსალოდნელია, რომ ეს გამოიწვევს ცვლილებებს ტყის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში, გაზრდის მცენარეთა სახეობების გაქრობის საფრთხეს, პოტენციურად ამაზონის სულ უფრო მეტი ტერიტორია მიუახლოვდება გარდატეხის კრიტიკულ წერტილს“. განსაკუთრებით დაუცველია ტერიტორიები, რომლებიც უკვე დაზარალებულია ადამიანის ჩარევითა და ხანძრებით.
2015-16 წლებში გვალვამ და მასთან დაკავშირებულმა ხანძარმა დაახლოებით 3 მილიარდი ხე გადაწვა და 495 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფას შეუწყო ხელი. მეცნიერების თქმით, ჩვეულებრივ ვითარებაში ამაზონის ტყე არ იწვის, მისი მაღალი ტენიანობის გამო, თუმცა ძლიერმა გვალვამ ხელი შეუწყო ტერიტორიების გამოშრობას.
კვლევის შედეგად დადგინდა ისიც, რომ ადამიანის ყოველდღიური ზემოქმედება არაფრით ჩამორჩება ხანძრების მიერ მიყენებულ ზარალს. პატარა ხეები, თხელი ქერქით, უფრო მეტად არიან მსხვერპლი, როგორც ხანძრის, ასევე ადამიანის.
მილიარდობით ხიდან, რომლებიც ძლიერი ხანძრის დროს დაიწვა, 447 მილიონი დიდი ხე იყო, ხოლო 2.5 მილიარდი პატარა.
ამაზონმა, რომელიც მსოფლიოს მტკნარი წყლის ყველაზე დიდ სახლად მიიჩნევა, გასულ წელსაც განიცადა დამანგრეველი გვალვა, რამაც მისი ოდესღაც ძლიერი შენაკადები რეკორდულად დაბალ დონეზე დატოვა, გაახშირა ტყის ხანძრები და გამოიწვია მდინარის დელფინების მასობრივი დაღუპვა.
საოცარი ბიომრავალფეროვნების გარდა, ამაზონის ტყეები დაახლოებით 150 მილიარდ ტონა ნახშირბადს ინახავს. ბევრი მეცნიერი შიშობს, რომ ტყე სწრაფად უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს, რომლის შემდეგაც ის დაიწყებს გამოშრობას, ნაწილებად დაყოფას და შემდეგ სავანად გადაიქცევა.
ამაზონის ტყეები – მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის მასივია. ის იკავებს მსოფლიოს სხვა ტროპიკული ტყეების ფართობის ნახევარს. ვრცელდება ცხრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე: ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვინეა.
ავტორი : ანი შავიშვილი
წყარო : ambebi.ge
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”