ისრაელელმა მეცნიერებმა მინიატურული ცოცხალი ორგანიზმი შექმნეს, რომელიც ემბრიონისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა, არსებობს ერთი ძირითადი სხვაობა – თუკი ბუნებრივი ემბრიონის შექმნაში სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი მონაწილეობს, მისი “ლაბორატორიული ასლის“ შექმნაში არც ერთია საჭირო და არც – მეორე.
ისრაელის ვეიცმანის ინსტიტუტის მკვლევართა აზრით, ემბრიონის ახლებური მოდელი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მისი ბიოლოგიური ანალოგი.
ზრდის პროცესში მასში დაფიქსირდა ჰორმონებიც, რომლებსაც ექიმები ორსულობის დასადგენად იყენებენ – ლაბორატორიაში ჩატარებული ორსულობის ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა.
ადამიანური ემბრიონის კვლევის გზა სავსეა იურიდიული, ეთიკური და ტექნიკური დაბრკოლებებით. სწორედ ამიტომ, მეცნიერებაში შეიქმნა სწრაფად განვითარებადი მიმართულება, რომელიც ადამიანური ემბრიონის სწრაფ განვითარებას იმიტირებს.
კვლევის შედეგები ჟურნალში Nature გამოქვეყნდა, რომლის ავტორებიც ირწმუნებიან, რომ მათ ემბრიონის პირველი “სრული“ მოდელი შექმნეს, რომელსაც ყველა ის ძირითადი სტრუქტურები აქვს, რაც მისი განვითარების ადრეულ ეტაპზეა საჭირო.
უფრო კონკრეტულად კი, სპერმისა და კვერცხუჯრედის ნაცვლად, საწყისი მასალა იყო ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ქიმიკატების სერიის გამოყენებით გადამუშავდა. ადამიანის ემბრიონის განვითარების ადრეულ ეტაპზე წარმოქმნილი ოთხი ტიპის უჯრედია:
ეპიბლასტური უჯრედები, რაც ხდება ემბრიონი;
ტროფობლასტური უჯრედები, რაც ხდება პლაცენტა;
ჰიპობლასტური უჯრედები, რაც იქცევა ყვითელ პარკად;
ექსტრაემბრიონული მეზოდერმის უჯრედები.
მეცნიერებმა აურიეს 120 ასეთი უჯრედი საჭირო პროპორციით და დაკვირვება დაიწყეს.
ნარევის დაახლოებით 1%-მა ადამიანის ემბრიონის სტრუქტურის მსგავსად დაიწყო შექმნა, თუმცა არა მთლად იდენტურად. მათ დაიწყეს ზრდა და განვითარება მანამ, ვიდრე განაყოფიერებიდან 14 დღის შემდეგ ემბრიონის მსგავსი არ გახდა. ცნობისათვის, ბევრ ქვეყანაში 14 დღე არის ლეგალური ზღვარი, რომლის შემდეგაც ჩვეულებრივი ემბრიონი აღარ შეიძლება გამოიყენონ კვლევებში.
ამ პირველმა მცდელობამ კი უკვე აჩვენა, რომ ემბრიონის სხვა ნაწილები, უბრალოდ, არ წარმოიქმნება თუ ისინი არ არიან გარშემორტყმული პლაცენტური უჯრედებით.
მიიჩნევა, რომ ეს გზა ხელს შეუწყობს ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგების გაუმჯობესებას, რადგან სწორედ ამის შედეგად ექიმებს შეეძლებათ გაიგონ, რატომ ვითარდება ზოგიერთი ემბრიონი, ზოგი კი – არა.
შესაძლოა, ეს გზა გამოდგეს წარმატებული ზოგიერთი მედიკამენტის შესამოწმებლადაც, რათა დადგინდეს, რომელი მათგანია უსაფრთხო ორსულობის დროს.
პროფესორმა რობინ ლოველ ბეჯის თქმით, რომელიც შეისწავლის ემბრიონის განვითარებას ბრიტანეთის ფრენსის კრიკის ინსტიტუტში, განაცხადა, რომ ემბრიონის ეს მოდელები საკმაოდ კარგად გამოიყურება.
მაგრამ მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს მეთოდი წარმატებულად ჩაითვალოს, საჭიროა, უჯრედების 1%-ზე მეტმა მოდელში აწყობა დაიწყოს.
მიუხედავად მედიცინაში ამ რევოლუციისა და წარმოუდგენელი მნიშვნელობის კვლევისა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ ემბრიონის მოდელების გამოყენებით ნორმალური ორსულობის მიღწევა არაეთიკური, უკანონო და უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება – “ეს 120 უჯრედი უბრალოდ ვერ განვითარდება იმ დონემდე, რომ საშვილოსნოს ლორწოვან გარსში მათი წარმატებით იმპლანტაცია მოხდეს“, – აცხადებენ ისინი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”