close
ბიოლოგია

Y ქრომოსომა ევოლუციას X ქრომოსომაზე სწრაფად განიცდის — რას ნიშნავს ეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა პრიმატების (საუბარია პრიმატთა იმ სახეობებზე, რომლებიც ადამიანები არ არიან) სასქესო ქრომოსომები სრულად გაშიფრეს. შედეგად დაადგინეს, რომ Y ქრომოსომები ევოლუციას ძალიან სწრაფად განიცდის, X ქრომოსომები კი უმეტესად იგივე რჩება. მიგნებები მეცნიერებმა ადამიანის გენომს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ Y ქრომოსომა ჩვენს სახეობაშიც ასევე სწრაფად იცვლება.

ცნობილია, რომ ყველა ადამიანს 23 წყვილი ქრომოსომა აქვს, ერთ-ერთი მათგანი კი სასქესო ქრომოსომებს შეიცავს. ქალებში ეს ორი X ქრომოსომაა, ხოლო კაცებში კი — ერთი X და ერთი Y.

ახალი კვლევის ავტორებმა ადამიანის მსგავსი მაიმუნების, მათი 5 სახეობის, X და Y ქრომოსომებისთვის სრული გენომები შეადგინეს. კვლევაში მათ ადამიანების გენეტიკური ინფორმაციაც მოიცვეს და 7 სხვადასხვა პრიმატის მონაცემები შეადარეს ერთმანეთს. შედეგად დაადგინეს, რომ სახეობებს შორის Y ქრომოსომები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, X ქრომოსომები კი დიდწილად მსგავსია.

მაგალითისთვის, მაიმუნის X ქრომოსომის მიმდევრობათა 90% ადამიანის X ქრომოსომისას ემთხვევა, რაც მილიონობით წლის ევოლუციის შედეგად მცირე ცვლილებაზე მიანიშნებს. ამის საპირისპიროდ, მაიმუნის Y ქრომოსომის მხოლოდ 14-27% ემთხვევა ადამიანის Y ქრომოსომას, ეს კი ბევრი სწრაფი ცვლილების მანიშნებელია.

“აღნიშნულ სახეობებში Y ქრომოსომების განსხვავების ხარისხი ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა”, — განაცხადა კატერინა მაკოვამ, ნაშრომის ავტორმა — “აქედან ზოგიერთი სახეობა სულ შვიდი მილიონი წლის წინ წარმოიშვა ადამიანთა მოდგმისგან, რაც ევოლუციის კონტექსტში დიდი დრო არაა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ Y ქრომოსომები ძალიან სწრაფად განიცდის ევოლუციას”.

ესოდენ დიდ ვარიაციას, სავარაუდოდ, ის განაპირობებს, რომ Y ქრომოსომა სხვა ქრომოსომებთან ბევრ გენეტიკურ ინფორმაციას არ მიმოცვლის; შედეგად იგი, როგორც წესი, ბევრ დელეციასა თუ სხვა ტიპის მუტაციას იღებს, რის გამოც ეს ქრომოსომა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მოკლდება. იგი მრავალ მუტაციასა თუ გამეორებას აგროვებს და გენებს კარგავს.

“ამ დეგრადაციის გამო ივარაუდება, რომ Y ქრომოსომა ძუძუმწოვრებში გაქრობის გზას ადგას”, — წერენ ნაშრომის ავტორები.

Y ქრომოსომა შეიძლება პატარავდება, თუმცა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნაკლები შანსია, იგი სრულად გაქრეს. ეს იმიტომ, რომ მისი ზოგიერთი გენი “გამწმენდი გადარჩევის ქვეშ განიცდის ევოლუციას”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგიერთ გენს უსაფრთხოების მექანიზმები იცავს და მნიშვნელოვანი მიმდევრობები ხელუხლებელი რჩება.

გადარჩენის ერთ-ერთი სტრატეგია პალინდრომების გამოყენებას გულისხმობს. შედეგად გენების მიმდევრობები ერთმანეთს სარკისებურად იმეორებს და ორი იდენტური ასლი იქმნება, რომლებიც ერთმანეთს შუაში ხვდება. შედეგად, თუკი ერთი ასლი დაზიანდა, შესაძლებელია, რომ იგი მომიჯნავე დნმ-ის ნაწილთან ინფორმაციის მიმოცვლით აღდგეს.

“ამ გენების პალინდრომებში ქონა სარეზერვო ასლის შენახვას ჰგავს”, — აცხადებს ადამ ფილიპი, ნაშრომის ავტორი.

მკვლევართა თქმით, პალინდრომებით დაცული გენები სახეობებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა ბევრი მათგანი სპერმატოგენეზში მონაწილეობს.

იმის გათვალისწინებით, რომ Y ქრომოსომის გარეშე მამრები ვერ იარსებებენ, ბუნებრივი გადარჩევის ასეთი მექანიზმები კაცობრიობის მომავლისთვის მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს. ბოლო დროს ის აზრიც გაჩნდა, რომ XY კომბინაცია მალე წარსულს ჩაბარდება, თუმცა ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, რომ “ნაკლებსავარაუდოა, Y ქრომოსომა ახლო მომავალში გაქრეს”.

ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0