“ქართული კულტურული მემკვიდრეობა უძველესი მოზაიკით გამდიდრდა. აჭარაში, პეტრას ციხის საეპისკოპოსო ტაძრის საკურთხეველში აღმოჩენილია იატაკზე დაგებული მოზაიკის ფილები“ , – ინფორმაციას და ფოტოებს გოგა ჩანადირი ავრცელებს.
როგორც ფოტორაფი წერს, არსებულ არტეფაქტებს თავდაპირველად 1960- იან წლებში მიაკვლიეს, თუმცა დიდი ხნით ადგილი დაილუქა. რამდენიმე დღის წინ კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტებმა და პოლონეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა საოცარი აღმოჩენები გააკეთეს – მოზაიკის ახალი ფრაგმენტი, რომელიც მე-5-მე-6 საუკუნის ნამუშევრად მიიჩნევა.
“თავდაპირველად, ნამუშევარს არასრული სახით 1960-იან წლებში მიაკვლიეს, მასზე მუშაობა კი შესაბამისი დროისთვის გადადეს და მიწით დახურეს. საბოლოოდ აღმოჩენა რამდენიმე დღის წინათ გახსნეს და მისი გაწმენდა დაიწყეს. ამოვიდა სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ფრაგმენტიც.
სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტები და პოლონეთიდან მოწვეული ექსპერტი ახორციელებენ. გამოსახულია ვაზი და გაწმენდის შემდეგ უკვე კარგად იკითხება.
სააგენტო მოზაიკას პეტრას ციხის მუზეუმში გადაიტანს და ყველას შეეძლება ნახვა.
მიიჩნევა, რომ მე-5-მე-6 საუკუნის მოზაიკაა და ჰგავს ბიჭვინთურს. სპეციალისტთა აზრით, რადგან ფილებად არის შესრულებული, მოტანილია გარედან და არა ადგილზეა დამზადებული. შესაძლოა, ეს ტაძრის შესაწირიც ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ უძველეს ქართულ მოზაიკად მიჩნეულია ძალისის ნაქალაქარის, კერძოდ აბანოს მოზაიკა“, – წერს ჩანადირი.
- გარდა ამისა, საზოგადოებას მუზეუმში მალე შეეძლება ახლად აღმოჩენილი ჭრაქის ხილვა
“ჭრაქი, სულ ახალი აღმოჩენაა გონიოს ციხეში. მალე აქვე, მუზეუმში ყველას შეეძლება ნახვა“, – აქვეყნებს ფოტოს გოგა ჩანადირი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”