გულის უეცარ გაჩერებას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მაგრამ ამის წინმსწრები ნიშნების დაფიქსირება მარტივი არაა. ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ახალი მეთოდი, რომელიც შესაძლოა, მსგავსი რისკის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს.
ესაა ალგორითმი, რომელიც ე.წ. დეტენდენციური ფლუქტუაციის ანალიზს (DFA2 a1) ეყრდნობა, რისი მეშვეობითაც დროთა განმავლობაში გულისცემის რიტმის ცვლილებას ავლენს. სპეციალისტებმა 2 794 ზრდასრული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს, დაკვირვების პერიოდი კი საშუალოდ 8.3 წელი იყო.
შედეგად დადგინდა, რომ DFA2 a1 გულის უეცარი გაჩერების “ძლიერი და დამოუკიდებელი” მაპროგნოზირებელია. მსგავსი ასოციაცია ყველაზე მკაფიო მაშინაა, როცა სხეული მოსვენებულ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიკური აქტიურობისას სხვაგვარი მაჩვენებლები მიიღება. კერძოდ, მაღალი რისკის ინდივიდებში მოსვენებისას არსებული გულისცემის რიტმის ინტერვალები ფიზიკურად დატვირთული ჯანმრთელი ადამიანებისას ჰგავს.
მეცნიერებმა DFA2 a1 ანალიზის შედეგები გულის უეცარ გაჩერებასთან სტატისტიკური მეთოდებით დააკავშირეს. გაითვალისწინეს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, როგორიცაა ასაკი, გულის უკვე არსებული პრობლემები და სხვა. უნდა ითქვას ისიც, რომ რიტმზე დაკვირვებას მხოლოდ 1 წუთი სჭირდება და ამის გაკეთება სენსორებითაცაა შესაძლებელი, რომლებიც ჭკვიან საათშიც დამონტაჟდება, ანუ ამისთვის კლინიკაში მისვლაც არ იქნება აუცილებელი.
ახალი ალგორითმი ამჟამად გამოყენებად მეთოდებზე ზუსტია. როგორც წესი, ისინი კარდიოპულმონარულ მონაცემებს ეყრდნობა, ანუ ზომავს, რამდენად შეუძლია ადამიანის ორგანიზმს კუნთებში ჟანგბადის გადატანა და რა რაოდენობით მოიხმარს მას ფიზიკური დატვირთვისას.
ავტორები გეგმავენ, რომ მომდევნო ეტაპზე კვლევაში უფრო მეტი ინდივიდი ჩართონ და თავიანთი მეთოდი გულის სხვა პრობლემებზეც გამოცადონ. საბოლოოდ, შესაძლებელია მივიღოთ ინსტრუმენტი, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”