close
მედიცინა

პაციენტს ტიტანისგან დამზადებული ხელოვნური გული გადაუნერგეს

58 წლის ამერიკელი კაცი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც მწყობრიდან გამოსული გული ტიტანის დროებითი, სისხლის ტუმბოთი ჩაუნაცვლეს.

ლითონის ორგანო კომპანია BiVACOR-მა დაამზადა. მიზანი ადამიანის გულის რაც შეიძლება დიდი ხნით ჩანაცვლება იყო.

BiVACOR-ის სრულიად ხელოვნური გული (TAH) რეალური გულის მსგავსად არ სცემს. თუმცა, BiVACOR-ი აცხადებს, რომ მოქნილი კამერების, ანუ სატუმბი დიაფრაგმების (პარკუჭი) გარეშეც კი, მოწყობილობა საკმარისად ძლიერია, რომ ადამიანი უზრუნველყოს ვარჯიშისას. ამავე დროს, ზომით პატარაა და უმეტეს ადამიანთან თავსებადი.

ორკამერიანი მოწყობილობა დაახლოებით მუშტის ზომისაა და პრაქტიკულად დაუმსხვრევადი, უძლებს კოროზიასა და მექანიკურ ცვეთას.

ერთადერთი მოძრავი ნაწილი მასში შიგნით იმალება; ერთი, მაგნიტურად ლევიტაციური როტორი, რომელიც სისხლს ფილტვებსა და მთელ სხეულში გადატუმბავს. ვინაიდან მბრუნავ როტორს კონტაქტი არ აქვს სხვა რომელიმე ზედაპირთან, არ არსებობს შანსი იმისა, რომ დროთა განმავლობაში ის ხახუნით გაცვდეს.

მთლიანი მოწყობილობა იკვებება პატარა, გარე, პორტაბეულური კონტროლერით, რომელიც კუჭშია მოთავსებული.

BiVACOR-მა ხელოვნური გულის შექმნას ათი წელი, მრავალი დიზაინი, ათობით ცხოველზე ჩატარებული კვლევა მოანდომა, ვიდრე ის გულის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტის მკერდში მოხვდებოდა. მოწყობილობის გადანერგვა ტეხასის გულის ინსტიტუტში, ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდა.

პაციენტის ექიმების განცხადებით, ტიტანის გულმა ძალიან კარგად იმუშავა მთელი რვა დღის განმავლობაში, იქამდე, ვიდრე რეალური გულის დონორი გამოჩნდებოდა.

„წარმოუდგენლად ამაყი ვარ, რომ მომსწრე ვარ ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნური გულის ადამიანში გადანერგვისა. ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი პირველი პაციენტისა და მისი ოჯახის სიმამაცის, ჩვენი გუნდის თავდადების და ტეხასის გულის ინსტიტუტში ჩვენი კოლაბორატორების გარეშე“, — ამბობს BiVACOR-ის დამფუძნებელი დენიელ ტიმსი.

დღეისათვის, გულის მწვავე უკმარისობის მქონე ადამიანთათვის მკურნალობის საუკეთესო საშუალება დონორის გულია, რაც ყოველთვის დროულად ხელმისაწვდომი არ არის. ყოველწლიურად მსოფლიოში გულის გადანერგვის დაახლოებით 6000 ოპერაცია ტარდება.

შესაბამისად, ხელოვნური გული სასიცოცხლო გზაა გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანთა ცხოვრების გაგრძელებისათვის.

თუმცა, გასული ოცი წლის განმავლობაში, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მხოლოდ ერთი ხელოვნური გული დაამტკიცა.

მისი სახელია SynCardia Total Artificial Heart და მისი მოქნილი მემბრანები და სარქვლები საკმაოდ დიდია, თანაც, სხეულში მოთავსების შემდეგ არც ისე გამძლე.

BiVACOR-ის გულს შემქმნელები „პარადიგმულ ცვლილებას“ უწოდებენ ხელოვნური გულის დიზაინში.

დანამდვილებით არავინ იცის, რამდენ ხანს იმუშავებს მოწყობილობა ადამიანებში, მაგრამ ლაბორატორიაში ის უკვე ოთხ წელიწადზე მეტია, რაც მუშაობს.

SynCardia-ს ხელოვნური გულიც კი, რომელიც მხოლოდ მცირე დროზეა გათვლილი, ზოგიერთ პაციენტში რამდენიმე წელიწადი მუშაობს დონორის გულის მოლოდინში.

გასული წლის ნოემბერში, BiVacor-მა FDA-სგან მიიღო დასტური, რომ 2024 წლის ბოლომდე, ხელოვნური გული გადაუნერგოს გულის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე მაქსიმუმ ხუთ პაციენტს. პირველი იმპლანტის წარმატებიდან გამომდინარე, უახლოეს თვეებში სხვა პაციენტებში გადანერგვასაც უნდა ველოდოთ.

მომზადებულია bivacor.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0