ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში უამრავ მოგონებას ვაგროვებთ, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ძნელად გასახსენებელი ხდება. ხშირად ამას ტვინში მახსოვრობაზე პასუხისმგებელი უჯრედების ცვლილებას უკავშირებენ, რადგან მიიჩნევა, რომ მათში ყველა მოგონების მხოლოდ ერთი “დედანი” ინახება.
ამის მიუხედავად, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, ასე სულაც არ იყოს და ტვინში თითოეული მოგონების სულ მცირე სამი “ასლი” ინახებოდეს, რომლებიც ჰიპოკამპუსის სხვადასხვა რეგიონში, ნეირონების სხვადასხვა ჯგუფის მიერაა კოდირებული. ეს მეცნიერებმა მღრღნელების შესწავლის შედეგად დაასკვნეს.
დადგინდა, რომ როცა თაგვებში ახალი მოგონების კოდირება მიმდინარეობს, პირველ რიგში, ე.წ. ნაადრევი ნეირონები წარმოიქმნება, რომელთა ფუნქციაც ხანგრძლივად შენარჩუნებადი “ასლის” შენახვაა (ამგვარი მეხსიერება ჯერ სუსტია, შემდეგ კი ნელ-ნელა ძლიერდება). მათ უკვე საშუალო ფაზის ნეირონები მოჰყვება, რომლებიც უფრო სტაბილურია, ბოლოს კი ყველაზე გვიან გაჩენილი ნერვული უჯრედები ფორმირდება, რომლებიც მოგონების ძალიან ძლიერი “ასლის” კოდირებაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ის დროთა განმავლობაში სუსტდება.
ამ ყველაფრის შესახებ მონაცემები სპეციალისტებმა ცხოველთა ჰიპოკამპუსის სხვადასხვა რეგიონში ნეირონების ჯგუფების აქტიურობაზე დაკვირვების გზით მოიპოვეს. ეს მას შემდეგ, რაც თაგვები ისეთ გარემოში მოათავსეს, რომელშიც მოუწიათ დამახსოვრება, როგორ აერიდებინათ საფრთხისთვის თავი.
იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს ნეირონების თითოეული ჯგუფი სიცოცხლის ამა თუ იმ ეტაპზე, შესაძლოა, ტვინის მიერ დროთა განმავლობაში მეხსიერების რეგულირების პროცესის უკეთ გააზრებაში დაგვეხმაროს. ამჟამად უცნობია, როგორ ურთიერთქმედებს ისინი ერთმანეთთან, მაგრამ ვიცით, რომ ადრეული ნეირონების მიერ კოდირებული მოგონებები უფრო სტაბილურია, გვიანდელ “ასლებს” კი ახალი ინფორმაცია ასუსტებს.
თუ ეს ადამიანის შემთხვევაშიც ასეა, შესაძლოა, ახალი მიგნება ისეთი აშლილობებისა და დაავადებების სამკურნალო თერაპიების შემუშავებაში დაგვეხმაროს, როგორიც PTSD ან დემენციაა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”