კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა კვლევის თანახმად, საჰარის უდაბნოს მტვერი წყლის ბინადარ ფიტოპლანქტონებს საკვებით ამარაგებს. კერძოდ, რაც უფრო დიდი რაოდენობითაა იქ მსგავსი ნაწილაკები და რაც უფრო დიდ მანძილზე გადაადგილდება, მით უკეთ გარდაიქმნება მტვრის შემადგენელი რკინა საკვებად ვარგისად, რათა ამ ორგანიზმებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს.
“ეს კვლევა ადასტურებს, რომ შესაძლოა, რკინის შემცველ მტვერს მისი წყაროდან შორს არსებულ სიცოცხლეზე ჰქონდეს გავლენა”, — აცხადებს ბიოგეოქიმიკოსი ტიმოთი ლიონსი.
ჩრდილოეთ აფრიკა ჰაერში არსებული ნაწილაკების უდიდესი წყაროა. ქარის მეშვეობით ყოველწლიურად დასავლეთისკენ დაახლოებით 800 მილიონი მეტრული ტონა ასეთი მატერია გადაადგილდება, რომელშიც რკინის იზოტოპები გვხვდება. ამ ლითონს დიდი როლი აქვს ბიოქიმიურ პროცესებში, რომელთა შედეგადაც ატმოსფერული ნახშირბადისგან ორგანული მოლეკულები მიიღება. ამის მიუხედავად, ეს ელემენტი შეზღუდული რაოდენობითაა, რის გამოც, გარკვეულწილად, ის განკარგავს იმას, თუ სად “ყვავის” სიცოცხლე.
მნიშვნელოვანია, რა ფორმითაა რკინა წარმოდგენილი, რათა ცოცხალმა ორგანიზმებმა ის გამოიყენონ. მისი სასურველი ფორმის წარმოსაქმნელად ატმოსფეროში სათანადო პირობებია, სადაც მტვრის ნაწილაკები ხვდება, გარდაიქმნება და ოკეანის ზედაპირზე ჩაედინება. ამაზონის დაბლობსა და ბაჰამის კუნძულებზე ყველაზე კარგად ხსნადი და გამოსადეგი რკინის მარაგია, რადგან ის იქამდე დიდ მანძილს გადის და ატმოსფეროში ხანგრძლივადაა დაყოვნებული.
სპეციალისტებმა ოკეანის ფსკერიდან ამოღებული ნიმუშები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ მანძილთან ერთად მტვრის რაოდენობა მცირდებოდა, მაგრამ მარტივად ხსნადი და სასარგებლო რკინისა — იზრდებოდა. ეს მიანიშნებს, რომ ატმოსფეროში ნაკლებად ბიორეაქციული ლითონი უფრო ხელმისაწვდომ ფორმად გარდაიქმნება. მას ფიტოპლანქტონები და ისეთი მცენარეები იყენებენ, რომლებიც ჩვენთვის აუცილებელი ჟანგბადის უდიდეს ნაწილს წარმოქმნიან. ეს ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი მტვერი დედამიწაზე მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებისთვის.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Marine Science გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”