close
ასტრონომია - კოსმოსი

მზეზე ბოლო შვიდ წელიწადში ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა მოხდა – მაღალია ძლიერი პოლარული ციალის შანსი

მზეზე ბოლო შვიდი წლის განმავლობაში უმძლავრესი ამოფრქვევა მოხდა.

3 ოქტომბერს, მზის დისკოს ზუსტად შუაში, X9.0-ის სიმძლავრის აფეთქება მოხდა. ამას გარდა, მას თან ახლდა კორონული მასის ამოფრქვევაც, რომელიც პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული.

ის 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული მეორე X-კლასის ანთებაა; ორივე მათგანი მზის ერთი და იმავე აქტიური ლაქა-რეგიონიდან ამოიფრქვა. ამავე დროს, წარმოადგენს ყველაზე მძლავრ ანთებას 2017 წლის სექტემბრის შემდეგ — მაშინდელი ამოფრქვევის სიმძლავრე X11.88 იყო.

მზის ანთებები ამჟამად ძალიან ხშირია, რადგან მზე თავისი აქტივობის 11-წლიანი ციკლის პიკს უახლოვდება. ანთებათა უმეტესობა მცირე აფეთქებებია, მაგრამ ბოლო პერიოდში აშკარად გახშირდა X-კლასის ანთებები — ყველაზე ძლიერი კატეგორია, რომლის გაზომვაც შეგვიძლია.

3 ოქტომბრის X9.0 ანთება აღრიცხულთა შორის 20 უმძლავრეს ამოფრქვევათა სიაში შედის.

ამოფრქვევა მოხდა რეგიონიდან, რომელსაც AR 3842-ს უწოდებენ; მას განსაკუთრებით კომპლექსური მაგნიტური კონფიგურაცია აქვს, რასაც „ბეტა-გამა-დელტა“ კლასიფიკაციას უწოდებენ.

მზის ლაქები არის ლაქები მზეზე, სადაც მაგნიტური ველი დროებით არის ძლიერი. ამას გარდა, ისინი მაგნიტურად ჩახლართულია; საპირისპირო პოლარობის მქონე მაგნიტური ველები ერთმანეთში იხლართება, წყდება და შემდეგ ხელახლა ერთდება. ამ ხელახლა შეერთებისას გამოიყოფა ენერგიის ჭავლი — მზის ანთება.

ბეტა-გამა მზის ლაქის რეგიონები შეიცავს საპირისპირო პოლარობის ზონებს, რომლებიც ერთმანეთს ადვილად ვერ უერთდება. დელტა ლაქებს უფრო პატარა სივრცეში ჩაფული საპირისპირო პოლარობები აქვს, რაც ზრდის იმის შანსს, რომ მთლიანი ლაქა გახდეს განმეორებითი, ინტენსიური აქტივობის რეგიონი. სწორედ ამას ვხედავთ ახლა AR 3842-ის შემთხვევაში. 1-ელ ოქტომბერს მან X7.1 ანთება გამოყო. შემდეგ მან X9.0-მდე აიწია.

მზის ანთებები დედამიწისთვის შეიძლება საზიანო იყოს. პლანეტის ზედაპირზე უსაფრთხოდ ვართ, რადგან რენტგენულ და გამა რადიაციას ატმოსფეროში ღრმად შეღწევა არ შეუძლია; მაგრამ მძლავრ რადიოჭავლებს შეუძლია ხელი შეუშალოს მაღალი სიხშირის რადიოსაკომუნიკაციო სისტემებს.

ეფექტები ყველაზე ძლიერია კორონული მასის ამოფრქვევებისას (CME). ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ეს მოვლენა მზის ანთებებს ახლავს თან.

კორონული მასის ამოფრქვევისას მზის სისტემის მასშტაბით გაიტყორცნება მილიარდობით ტონა მზის ნაწილაკი და ჩახლართული მაგნიტური ველები; ჩვენამდე მოსაღწევად მას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, მაგრამ როცა მოაღწევს, ეს ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებენ და იწვევენ გეომაგნიტურ შტორმს, რასაც გარკვეული შედეგები ახლავს თან.

ატმოსფეროს ზედა ნაწილებში გამომუშავებულმა ელექტროდენმა შეიძლება ენერგიის რხევები გამოიწვიოს დედამიწაზე, ელექტროსისტემებში; მაგალითად, შეიძლება საჭირო გახდეს ძაბვის კორექციები. იზრდება წევა თანამგზავრებზე, რის გამოც, შეიძლება საჭირო გახდეს კურსის შესწორება. შეიძლება ხელი შეეშალოს თანამგზავრულ და GPS კომუნიკაციებს.

მხოლოდ ერთი კორონული მასის ამოფრქვევისას, თუნდაც მას მძლავრი ანთებაც ახლდეს თან, ეფექტები ბევრ პრობლემას ვერ იწვევს, მაგრამ იზრდება პოლარული ციალის დანახვის შანსი 50-გრადუსიან განედზეც კი.

ციალს იწვევს დედამიწის მაგნიტურ ველზე მზის ნაწილაკების დარტყმა, რომლებიც შემდეგ, მაღალ განედებზე, მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ მიემართებიან და ჩქარდებიან; შემდეგ კი იქიდან ატმოსფეროს ზედა ნაწილში შემოედინებიან.

ატმოსფეროს ნაწილაკებთან მათი ურთიერთქმედება იწვევს იონიზაციას, რაც თავის მხრივ სხვადასხვა ფერში ნათებას განაპირობებს; ნათების ფერი დამოკიდებულია ატმოსფეროში ელემენტთა პროპორციაზე. მექანიზმი დაახლოებით იგივეა, რაც ნეონის ფლუორესცენციური ნათებისას, მაგრამ გაცილებით დიდ მასშტაბზე.

X7.1 ანთებისა და თანმხლები კორონული მასის ამოფრქვევისას უკვე გაჩნდა პოლარული ციალის მაღალი შანსი. ჰალო კორონული მასის ამოფრქვევას უწოდებენ ამ მოვლენის ისეთ ტიპს, რომელიც პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული. უახლოესი დღეების პოლარული ციალის პროგნოზი შეგიძლიათ იხილოთ აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ვებგვერდზე.

მძლავრი პოლარული ციალის შანსი განსაკუთრებით მაღალია ამ შაბათ-კვირას (5-6 ოქტომბერი).

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0