close
ასტრონომია - კოსმოსი

საიდან მოხვდა დედამიწაზე მეტეორიტების უმეტესობა?

დედამიწაზე მეტეორიტები ყოველდღიურად ცვივა. მათი მხოლოდ მცირე ნაწილის შემთხვევაშია ცნობილი ის სხეული, რომელსაც ისინი გამოყო, სანამ ჩვენს პლანეტაზე მოხვდებოდა. ასეთი ობიექტების უმრავლესობის შედგენილობა საერთო წარმომავლობაზე მიანიშნებს, რადიაციის კვალი კი მიუთითებს, რომ განცალკევება ახლო წარსულში მოხდა.

მეცნიერებმა მეტეორიტების წყაროების შესასწავლად კომპიუტერული სიმულაციები და ტელესკოპების მიერ ასტეროიდების შესახებ მოპოვებული მონაცემები შეაჯერეს. შედეგად დაადგინეს, საიდან მომდინარეობს მეტეორიტების 90%-ზე მეტი.

ყურადღება H და L ტიპის ქონდრიტებზე გამახვილდა, რომელთაგანაც პირველს რკინის მაღალი, მეორეს კი დაბალი შემცველობა გამოარჩევს. ისინი ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში ყველაზე გავრცელებულია.

ატაკამის უდაბნოში აღმოჩენილი მეტეორიტი.

ფოტო: Jérôme Gattacceca/CNRS/CEREGE

მათი წარმომავლობა მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყლის 3 ჯგუფს დაუკავშირეს: მასალიას, კარინსა და კორონისს. გამოთვლებით გაირკვა ისიც, რომ პირველ ჯგუფში შეჯახებები 466 და 40 მილიონი წლის წინ მოხდა, დანარჩენ ორში კი — დაახლოებით 5.8 და 7.6 მილიონი წლის წინ.

ამის დასტური მტვრის მასები, ქონდრიტებზე დამჩნეული რადიაციის კვალი და ატმოსფეროში შემოსვლამდე მათი ტრაექტორიაა. ასტეროიდთა გვიანდელი შეჯახებების შედეგად მცირე ზომის ის ობიექტები უნდა წარმოქმნილიყო, რომლებიც დედამიწაზე ახლა ცვივა.

სპეციალისტებმა სხვაგვარი ქონდრიტებიც შეისწავლეს, რომლებიც ვერიტასის, პოლანასა და ეოსის ჯგუფებთან დააკავშირეს. ამით მეტეორიტების 90%-ზე მეტის წყარო გახდა ცნობილი. სამომავლოდ გეგმავენ, რომ დარჩენილი მეტეორიტების წარმომავლობაც გაარკვიონ.

ავტორთა ორი ნაშრომი (1,2) გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0