მეცნიერებმა ლიდარის ლაზერული ტექნოლოგიით იუკატანის ნახევარკუნძულის გამოკვლევისას ხეებში ჩაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც მაიას ცივილიზაციას ეკუთვნის. გამოვლენილია ჯამში 6 674 სტრუქტურა, რომელთა შორისაც პირამიდებიცაა. ქალაქის ასაკი დაახლოებით 1 500 წელი უნდა იყოს.
ვინაიდან ლიდარის გამოყენება დიდ თანხებს უკავშირდება, სპეციალისტებმა მისი მეშვეობით ამ ტერიტორიაზე უკვე შეგროვებული მონაცემები შეაჯერეს. კერძოდ, მათ აღმოსავლეთ-ცენტრალური კამპეჩეს მიმდებარედ 129 კვადრატული კილომეტრი ფართობის არეალის შესახებ არსებული ინფორმაცია გააანალიზეს და ძველი ქალაქის კვალი სწორედ ამის შედეგად დააფიქსირეს.
მას ახლომდებარე წყალმარჩხი აუზის სახელი — ვალერიანა — უწოდეს. ქალაქი კლასიკური პერიოდისაა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 250-დან 900 წლამდე გაგრძელდა. დასახლება მაიას ცივილიზაციის პოლიტიკური ცენტრის მახასიათებლებს მოიცავს, როგორიცაა ქვაფენილით ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე დახურული მოედანი, პირამიდის ფორმის ტაძრები და ბურთის სათამაშო მოედანი. პერიფერიებში ფერდობებზე შეფენილი სახლები და ტერასებიცაა, რაც მიანიშნებს, რომ ქალაქი მჭიდროდ იყო დასახლებული.
“მისი არსებობის შესახებ მთავრობამ და სამეცნიერო საზოგადოებამ არაფერი იცოდა. ეს ძახილის ნიშანს უსვამს წინადადების, რომ არა, ყველაფერი არ აღმოგვიჩენია და კი, ჯერ კიდევ ბევრი რამაა აღმოსაჩენი”, — ამბობენ არქეოლოგები, რომელთა შემდეგი ნაბიჯიც ადგილზე ჩასვლა და ამ მიგნების დადასტურებაა.
მათი თქმით, ამგვარი დასახლებების შესწავლა გვეხმარება, რომ ძველი ურბანული ინფრასტრუქტურისა და იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ მეტი შევიტყოთ. არ გამორიცხავენ, რომ საუკუნეების წინანდელი ცოდნა თანამედროვეობაში ქალაქების უკეთ დაგეგმარებაშიც დაგვეხმაროს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”