თანამედროვე კოსმოლოგიაში სამყაროს აჩქარებული გაფართოების ყველაზე სარწმუნო მიზეზად ბნელი ენერგიამიიჩნევა, რომელიც დაკვირვებადი კოსმოსის ენერგიის თითქმის 70%-ზეა პასუხისმგებელი. ზუსტად რას უკავშირდება მისი წარმოქმნა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები საინტერესო ჰიპოთეზას გვთავაზობენ.
მოსაზრება, რომ ბნელი ენერგია გიგანტური შავი ხვრელების მიერ ფორმირდება, აქამდეც გაჟღერებულა, მაგრამ ახლა ასტრონომები ამის სავარაუდო მინიშნებაზე საუბრობენ. კავშირზე, რომელიც ბნელი ენერგიის მზარდ სიმკვრივესა და შავი ხვრელების ასევე მზარდ მასას შორისაა, რაც სამყაროს ხნიერების მატების პროპორციულია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ისეთი ძლიერი გრავიტაცია, როგორიც კოსმოსის დასაბამში იყო, ახლა შავი ხვრელების შუაგულშია. მათი აზრით, შესაძლებელია, მასიური ვარსკვლავის შემადგენელი მატერია გრავიტაციული კოლაფსისას ისევ ბნელ ენერგიად გარდაიქმნებოდეს. ეს მცირემასშტაბიანი დიდი აფეთქების ერთგვარ უკუპროცესად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
ამ საკითხის შესასწავლად მკვლევრებმა ნიკოლას მეიოლის სახელობის ტელესკოპზე დამონტაჟებული სპექტროსკოპი DESI გამოიყენეს. ეს ობსერვატორია მილიონობით გალაქტიკის მდებარეობას ყოველთვიურად აკვირდება, რათა სამყაროს გაფართოების შესახებ მონაცემები მოიპოვოს. ის შესაძლებლობას იძლევა, რომ კოსმოსის ევოლუციის განმავლობაში ბნელი ენერგიის სიმკვრივის ცვლილებაზე მეტი შევიტყოთ.
ბნელი ენერგიის შესახებ აღნიშნული მონაცემები მეცნიერებმა სამყაროს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შავი ხვრელების ზრდას შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ორი ფენომენი თანხვედრაშია. კერძოდ, მასიური ვარსკვლავების სიკვდილისას შავი ხვრელების წარმოქმნის პარალელურად კოსმოსში ბნელი ენერგიაც იმატებდა, ანუ შესაძლებელია, პირველი მეორის წყარო იყოს.
თუ ეს მოსაზრება მართებულია, მაშინ კოსმოლოგიის უმნიშვნელოვანეს კითხვას გაეცემა პასუხი. ამის მიუხედავად, რაიმე დასკვნის გამოსატანად კიდევ ბევრი დაკვირვება და ექსპერიმენტია საჭირო.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Cosmology and Astroparticle Physics გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”