close
ფიზიკა

ახალი მეთოდით, შესაძლოა, 120-ე ქიმიური ელემენტი შეიქმნას — ცდის შედეგები დამაიმედებელია

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და მიაგნეს გზას, რომელიც, შესაძლოა, ახალი ქიმიური ელემენტის შექმნაში დაგვეხმაროს. საუბარია ძალიან დიდი მასის მქონე 120-ე ელემენტზე, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეზურია. თუკი მისი სინთეზი მოხერხდება, მისმა ატომებმა შეიძლება “სტაბილურობის კუნძულს” მიაღწიოს, ეს კი მძიმე ელემენტების ქიმიისთვის რევოლუციური იქნება.

ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ამჟამად 118 ელემენტია. ყველაზე მსუბუქი წყალბადია (ცხრილში პირველი), რომლის ბირთვი მხოლოდ ერთ პროტონს შეიცავს; ბოლო, ანუ ყველაზე მძიმე, ელემენტი ოგანესონია (ეს სახელი ოფიციალურად 2016 წელს შეერქვა); ბირთვში მას მინიმუმ 294 სუბატომური ნაწილაკი აქვს — 118 პროტონი და მინიმუმ 176 ნეიტრონი.

მეცნიერებმა იციან, რომ, თეორიულად, კოსმოსში უფრო მძიმე ელემენტებიც შეიძლება არსებობდეს. მეორე მხრივ, მათი არსებობის დასადასტურებლად ისინი როგორმე ან დედამიწაზე უნდა შევქმნათ, ან მზის სისტემაში უნდა მოვძებნოთ.

ყველაზე დამაიმედებელია ორი პოტენციური ელემენტი: 119-ე ელემენტი, პირობითი სახელით უნუნენიუმი, და 120-ე ელემენტი, ე. წ. უნბინილიუმი. მათი შექმნა არაერთხელ უცდიათ, თუმცა ეს მცდელობები წარმატებით ჯერ არ დასრულებულა. თუკი ეს მოხერხდება, პერიოდულ სისტემას მერვე მწკრივი დაემატება.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ამჯერად ლივერმორიუმის, სუპერმძიმე 116-ე ელემენტის, შესაქმნელად ახალი ტექნიკა გამოცადეს. მათ პლუტონიუმ-244-ს (ელემენტ პლუტონიუმის იზოტოპი, რომლის მასაც 244 ატომური ერთეულია) ტიტანის იონები სტყორცნეს ციკლოტრონის გამოყენებით.

ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ იგივე ტექნიკა უნბინილიუმის, ახალი ელემენტის, შესაქმნელადაც შეიძლება გამოგვადგეს, თუ ტიტანის იონებს კალიფორნიუმის იზოტოპებს ვტყორცნით (კალიფორნიუმი პლუტონიუმზე მძიმეა). ახალი კვლევა აღნიშნულ კონცეფციას უფრო სარწმუნოს ხდის, მეცნიერებს კი საშუალება მიეცემათ, რომ ჰიპოთეზური ელემენტი უკეთ გამოიკვლიონ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ უნბინილიუმის სინთეზი ახლო მომავალში მოხერხდება. კვლევის ფარგლებში 22 დღეზე მეტი დასჭირდათ, რომ ლივერმორიუმის სულ რაღაც ორი ატომი შეექმნათ. უნბინილიუმის ფორმირებამ, შესაძლოა, ამაზე დიდი დრო წაიღოს.

“ვფიქრობთ, 120-ე ელემენტის შექმნას იმაზე ათჯერ დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე 116-ე ელემენტისას დასჭირდა”, — განაცხადა რეინერ კრუკენმა, ნაშრომის თანაავტორმა და ბერკლის ლაბორატორიის მკვლევარმა — “მარტივი არაა, მაგრამ უკვე განხორციელებადი ჩანს”.

ჩვეულებრივ, სუპერმძიმე ელემენტები ძალიან არასტაბილურია და ფორმირებიდან მალევე იშლება. მეორე მხრივ, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ელემენტი კონკრეტული ზომის მიღწევის შემდეგ “სტაბილურობის კუნძულს” მიაღწევს, ანუ ატომები გაცილებით გვიან დაიშლება.

ვარაუდობენ, რომ უნბინილიუმი სტაბილურობის კუნძულს მიაღწევს, ანუ მისი შექმნით სუპერმძიმე ელემენტების კვლევისათვის არაერთი პერსპექტივა გაჩნდება. მეორე მხრივ, შანსია, რომ ეს ჰიპოთეზური ელემენტი ისე არ “მოიქცეს”, როგორც მკვლევრები ელიან.

“როცა წარმოუდგენლად იშვიათი ელემენტების შექმნას ვცდილობთ, ადამიანის ცოდნის აბსოლუტურ კიდეზე ვდგავართ და არაფერი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ფიზიკის კანონები ჩვენი მოლოდინის შესაბამისად იმუშავებს”, — თქვა ჯენიფერ პორმა, ნაშრომის თანაავტორმა.

მკვლევართა ნაშრომი ჟურნალში Physical Review Letters გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0