ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა “ოვოიდური უჯრედები” აღმოაჩინეს, რამაც მეხსიერებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალა. ეს შეიძლება ალცჰაიმერის, ეპილეფსიისა თუ სხვა ნევროლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ გამოდგეს.
ჩვენ გარშემო არსებული თითოეული ნივთი ჩვენი მეხსიერების ნაწილი ხდება, იდენტობას გვიყალიბებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში გზას გვიკვალავს. დროთა განმავლობაში ეს მოგონებები ფორმირდება, ხოლო ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებში გაქრობას იწყებს.
დადგინდა, რომ ახლახან აღმოჩენილი აქამდე უცნობი უჯრედები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ობიექტების აღქმასა და დამახსოვრებაში.
კვლევა, რომელიც Nature Communications-ში გამოქვეყნდა, UBC-ის მედიცინის ფაკულტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს. ეს განსაკუთრებული ნეირონები მაშინ აქტიურდება, როდესაც რაიმე ახალს ვხვდებით. ისინი მეხსიერებაში ყველა ობიექტს ინახავს და მათი თვეებისა თუ წლების შემდეგ ამოცნობის საშუალებას გვაძლევს.
“ობიექტების აღქმის მეხსიერება ჩვენი იდენტობისა და სამყაროსთან ურთიერთქმედების ცენტრალური ნაწილია”, — ამბობს დოქტორი მარკ კემბროვსკი. ის კვლევის მთავარი ავტორი და UBC-ში უჯრედული და ფიზიოლოგიური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორია. “იმის ცოდნა, ნაცნობ ობიექტს ვხედავთ თუ უცნობს, გადარჩენიდან დაწყებული ყოველდღიური ფუნქციონირებით დამთავრებული, ყველაფერს განსაზღვრავს. ამას მეხსიერებასთან დაკავშირებულ დაავადებებსა და დარღვევებთან უზარმაზარი კავშირი აქვს”.
კვერცხის ფორმის გამო ამ უჯრედებს ოვოიდური უწოდეს. ისინი ადამიანების, თაგვებისა და სხვა ცხოველების ჰიპოკამპში მცირე რაოდენობით გვხვდება.
კემბროვსკის ლაბორატორიის სტუდენტმა და კვლევის ავტორმა ადრიან კინმანმა უჯრედების განსაკუთრებული თვისებები მაშინ აღმოაჩინა, როცა თაგვის ტვინის ნიმუშს აკვირდებოდა. მან ნეირონების მცირე ჯგუფი შენიშნა, რომელშიც განსაკუთრებული გენი აქტიურდებოდა.
“ისინი იქვე, თვალსაჩინოდ იმალებოდნენ”, — ამბობს კინმანი. “დამატებითი ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ ოვოიდური უჯრედები სხვა ნეირონებისგან უჯრედულ და ფუნქციურ დონეზე საკმაოდ განსხვავდება”.
ოვოიდური უჯრედების როლის დასადგენად, კინმანმა ცდა თაგვებზე ჩაატარა. გუნდმა ერთფოტონიანი მიკროსკოპი გამოიყენა და უჯრედებს მაშინ დააკვირდა, როცა თაგვმა გარემოსთან ურთიერთობა დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ როდესაც თაგვი უცნობ ობიექტს ხვდებოდა, უჯრედები ტვინში ანათებდა, უკვე ნაცნობი საგნის დანახვისას კი რეაგირება წყდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უჯრედებმა თავისი მოვალეობა შეასრულა: თაგვმა ახალი ობიექტები დაიმახსოვრა.
“გასაოცარია, ახალი ობიექტის დანახვისას უჯრედები როგორც რეაგირებენ. იშვიათია, მათ აქტივობასა და ქცევას შორის ასეთი ნათელი კავშირი ჩანდეს”, — ამბობს კინმანი. “თაგვებში უჯრედები ობიექტებს პირველივე დანახვისას იმახსოვრებენ და თვეების მანძილზე ახსოვთ. ამ დონის მეხსიერება ცხოველებისთვის გასაოცარია”.
მეცნიერები ახლა იმ როლს იკვლევენ, რომელსაც ოვოიდური უჯრედები ტვინის სხვადასხვა დარღვევებში ასრულებს. გუნდი ფიქრობს, რომ როცა უჯრედები ძალიან აქტიურდება, ან პირიქით, ეს ალცჰაიმერის ან ეპილეფსიის განვითარების რისკს ზრდის.
“აღქმის მეხსიერების გაუარესება ალცჰაიმერის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, როცა გავიწყდება, გასაღები რა არის ან საყვარელი ადამიანი როგორ გამოიყურება. რა მოხდება, თუ დაავადების თავიდან აცილების მიზნით ამ უჯრედებს შევცვლით?” — ამბობს კინმანი. “ეპილეფსიის შემთხვევაში კი ვხედავთ, რომ ისინი ჰიპერაქტიური ხდება და შესაძლოა დაავადების გართულებაში დიდ როლს თამაშობს”.
ათწლეულების განმავლობაში აზრი არსებობდა, რომ ჰიპოკამპი მხოლოდ ერთგვარ უჯრედს შეიცავს, რომელიც მეხსიერების მრავალ ასპექტს აკონტროლებს. დოქტორი კემბროვსკის თქმით, ამ ახალი ნეირონის აღმოჩენა ყველაფერს თავდაყირა აყენებს.
“ფუნდამენტური ნევროლოგიის პერსპექტივიდან ეს ჩვენს წარმოდგენას, თუ როგორ მუშაობს მეხსიერება, ნამდვილად შეცვლის”, — ამბობს ის. “ეს შესაძლებელს ხდის, რომ ტვინში ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ნეირონები არსებობდეს. ამის გამოკვლევა დაგვეხმარება, ჩვენი მიდგომა და ტვინის მკურნალობის მეთოდები შევცვალოთ”.
სტატია მომზადებულია საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის on.ge-ს მიერ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”