close
ემიგრანტიმედიცინა

“ყველა გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებით იწყება” – მომავლის რადიოლოგი საქართველოდან

ნინო ბოგვერაძე, ახალგაზრდა ქართველი რადიოლოგი, რომელიც დღეს ვენაში მოღვაწეობს, გვიზიარებს მის მიერ განვლილ კარიერულ გზას საქართველოდან საერთაშორისო აღიარებამდე. როგორ გახდა “მომავლის რადიოლოგის” ბავშვობის მიზანი პროფესიონალიზმად ქცეული რეალობა, როგორ ფორმირდება პროფესიული იდენტობა მრავალკულტურულ გარემოში და რა გამოცდილებით აპირებს ის საქართველოში დაბრუნებას.

ნინო, რამდენიმე წელია საქართველოში აღარ ცხოვრობთ და კარიერულ განვითარებას საზღვარგარეთ აგრძელებთ, მოგვიყევით თქვენი ცხოვრების ამ გარდამავალი პერიოდის შესახებ.

– დიახ, ამჯერად ვენაში, ავსტრიაში ვიმყოფები და აქ განვაგრძობ კარიერულ მოღვაწეობას პოსტოქტორალურ პოზიციაზე.

პროფესიული განვითარებისთვის საქართველოს დატოვება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, გარდამავალი პერიოდი რთულია. რაც ჩემს ქვეყანასთან, ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან, ნაცნობ გარემოსთან დაშორებასთან ასოცირდება, თუმცა ბავშვობიდანვე დავისახე მიზნად, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი უნდა გავმხდარიყავი, და ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის რომ ჩემი ცოდნა ყოფილიყო სრულიად შესაბამისი პაციენტებისთვის საჭირო მკურნალობის აღმოსაჩენად.  უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე, გავაანალიზე რომ ცოდნა, განსაკუთრებით ჩემს სფეროში – რადიოლოგიაში, გაცილებით გლობალურ მიდგომას მოითხოვდა. ამ მხრივ, გავიხსენებდი ევროპის რადიოლოგიის კონგრესზე ჩემს პირველ ვიზიტს, რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან გავიაზრე, რომ მიუხედავად ჩემი სწავლების პრინციპები, მეთოდოლოგია და სამეცნიერო ხედვა განსხვავდებოდა ჩვენი ქვეყნისგან.

სწორედ ეს გახდა მოტივაცია იმისა, რომ აპლიკაცია  გამეგზავნა ჯერ ევროპის რადიოლოგიის სკოლაში, შემდეგ კი, უკვე არაერთი სხვა  ფელოუშიფის მოსაპოვებლად. ალბათ, მთავარი ბიძგი, პირველ რიგში, მეტის სწავლის სურვილი და შემდგომ კი, ჩემ მიერ მოგებული ევროპული რადიოლოგიის სკოლის მიერ დაფინანსებული ფელოუშიფი გახდა, რადგან სამწუხაროდ, ქართველი რეზიდენტისთვის ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად მხოლოდ სურვილი ფინანსების გარეშე საკმარისი არ არის.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი სარგებელი სამედიცინო პროფესიონალისთვის, განსაკუთრებით რადიოლოგისთვის, საზღვარგარეთ მუშაობისას და როგორ შეცვალა თქვენმა საერთაშორისო გამოცდილებამ თქვენი კარიერა და მიდგომა მედიცინის მიმართ?

– საზღვარგარეთ მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი სამედიცინო პროფესიონალისთვის, ჩემს შემთხვევაში რადიოლოგისთვის, არის მაღალი სტანდარტების გათავისება როგორც განათლებასა და სამეცნიერო კვლევებში, ასევე კლინიკური პრაქტიკასა თუ ინოვაციური ტექნოლოგიებში. სხვადასხვა ქვეყნის წამყვან საუნივერსიტეტო თუ ონკოლოგიურ ცენტრებში მიღებულმა გამოცდილებამ თვალნათლივ დამანახა რადიოლოგიის, როგორც ერთ-ერთი საკვანძო რგოლის,  მნიშვნელობა კლინიკურ კონტექსტში.

ამასთან ერთად, ჩემი კარიერის განუყოფელი ნაწილი გახდა აქტიური მონაწილეობა სამეცნიერო კვლევებში, რაც ერთის მხრივ, განაპირობებს ჩემს პროფესიულ ზრდას და ყოველდღიურად პრაქტიკაში მეცნიერული მიდგომების ინტეგრაციას, მეორეს მხრივ კი, ხელს უწყობს ჩემი პროფესიული იდენტობის ფორმირებას.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორია ევროპის ჯანდაცვის სისტემა საქართველოსთან შედარებით, განსაკუთრებით რადიოლოგიური პრაქტიკის, რესურსების და პაციენტის მოვლის თვალსაზრისით?

– ევროპაში ყველა პაციენტს აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც მას საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლად მიმართოს ექიმს და არ იფიქროს ფინანსურ სირთულეებზე, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში სერიოზული ბარიერია.

რაც შეეხება რადიოლოგიურ პრაქტიკას, ამ მხრივ  სპეციალობის დაუფლება საზღვარგარეთ ე.წ. რეზიდენტებისთვის, მოითხოვს ხუთ-ექვს წელს, რაც გულისხმობს ყველა მოდალობაში — რენტგენიდან დაწყებული და მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიით დამთავრებული — დახელოვნებას. შედეგად კი, ლიცენზირებული რადიოლოგი არის კომპეტენტური როგორც სხვადასხვა მოდალობაში, ასევე ორგანოთა სისტემებში. საქართველოში რადიოლოგად მუშაობის უფლება სწავლებიდან სამ წელიწადში უკვე იძლევა  პროფესიული საქმიანობის დაწყების საშუალებას გარკვეულ მოდალობებში.

საზღვარგარეთის პრაქტიკა ეფუძნება მკაცრ სტანდარტებს, რაც მოიცავს მაღალტექნოლოგიური აპარატურის ფართო ხელმისაწვდომობას, სტრუქტურირებული რეპორტინგის სისტემას და მულტიდისციპლინარული გუნდური მუშაობის მკაფიო პრაქტიკას. გარდა ამისა, აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, რაც აუმჯობესებს დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და ეფექტურობას. მედიკოსთა მუდმივი განათლება და სერტიფიცირების პროცესი რეგულირდება მკაცრი აკრედიტაციის სისტემით, რაც უზრუნველყოფს პროფესიონალური კომპეტენციის შენარჩუნებას და განვითარებას.

როგორ მოერგეთ ევროპის კულტურულ და პროფესიულ გარემოს, განსაკუთრებით სხვადასხვა ეროვნების კოლეგებთან და პაციენტებთან მუშაობის თვალსაზრისით?

– მიუხედავად იმისა, რომ ახალ გარემოში ადაპტაცია, კოლეგებთან ურთიერთობა და კულტურული სხვაობები ზოგჯერ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ყველა ქვეყანაში, სადაც მიმუშავია (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ავსტრია), ყოველთვის აღიარებდნენ შრომას. როდესაც ხედავენ შენს მოტივაციას, სწავლისა და განვითარების სურვილს, არ ზოგავენ დროს და რესურსებს დაგეხმარონ და ხელი შეგიწყონ მიზნების მიღწევაში. ამ გამოცდილებამ ჩემთვის ნათელი გახადა, რომ მიუხედავად ეროვნული განსხვავებისა, ადამიანებმა ერთმანეთისგან ბევრი რამ შეიძლება ისწავლონ არამარტო პროფესიულ, არამედ ადამიანურ დონეზეც.

ევროპა ცნობილია თავისი სამედიცინო ინოვაციებით. შეგიძლიათ გაგიზიაროთ რადიოლოგიის უახლესი მიღწევები?

– აქ ფაქტობრივად ყველა არეალში აქტიურად მიმდინარეობს კვლევითი საქმიანობა, რაც  ახალი ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს, ამის მაგალითია ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელიც აქტიურად გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაშიც. AI აქტიურად ეხმარება რადიოლოგს და უზრუნველყოფს უფრო ზუსტ დიაგნოსტირებას. განსაკუთრებით საინტერესოა PET/CT და PET/MRI-ტექნოლოგიების ფართო ხელმისაწვდომობა რომელთა გამოყენებით შესაძლებელია არა მხოლოდ რადიოლოგიური გამოსახულებების, არამედ ფუნქციონალური ცვლილებების შეფასებაც.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა Photon Counting კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშანია დაბალი გამოსხივება, რის გამოც უსაფრთხოდ შეიძლება მისი გამოყენება ბავშვებში და ორსულებში. გარდა ამისა, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებების გენერირებას, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს დიაგნოსტიკის სიზუსტეს.

თანამედროვე რადიოლოგია აქტიურად იყენებს 3D ვიზუალიზაციას, რაც უფრო დეტალურად და ზუსტად ასახავს ორგანოთა მდგომარეობას და ხელს უწყობს პრეოპერაციულ დაგეგმარებას. მაღალ დონეზეა განვითარებული ინტერვენციული რადიოლოგია და აქტიურად ხდება მინიინვაზიური ინტერვენციით მასიური ოპერაციების ჩანაცვლება.

ძალიან მოკლე დროში, საქართველოს სახელი თქვენი წყალობით ძალიან ბევრ საერთაშორისო კონგრესზე გაჟღერდა, სადაც დიდი სიამაყით მოგიხსენიებენ როგორც “მომავლის რადიოლოგს”, რომელი მიღწევებით ამაყობთ ყველაზე მეტად

– ჩემს კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად მაასტრიხტის უნივერსიტეტში დისერტაციის წარმატებით დაცვას მივიჩნევ. ამ პროცესში მქონდა უნიკალური შესაძლებლობა, აქტიურად მიმეღო მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად, რაც ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იყო. თუმცა წლევანდელ ევროპულ რადიოლოგიის კონგრესზე, მას შემდეგ რაც ჩემი ახალგაზრდა ქართველი კოლეგების, ჯერ კიდევ რეზიდენტების ენთუზიაზმი დავინახე, რისი ერთგვარი მოტივაციის წყარო მათთვის ჩემი გზა გახდა, გავაანალიზე რომ სწორედ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი კარიერა სამშობლოში დაბრუნების შემდგომ? 

– ამ ეტაპზე  ტელემედიცინის მეშვეობით მუდმივ კავშირში ვარ საქართველოსთან, კერძოდ  “ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისთან”. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ ჩვენი დეპარტამენტის დაარსებიდან დღემდე, თითოეული ჩემი კოლეგა უდიდესი ძალისხმევით ცდილობს უზრუნველყოს მაღალი ხარისხის რადიოლოგიური სერვისები. ციფრული საშუალებებით ჩვენ მუდმივად ვატარებთ მულტიდისციპლინარულ შეხვედრებს, რაც მედიცინაში თანამედროვე გუნდური მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი სტანდარტია.

რაც შეეხება ჩემს მომავალს საქართველოში, ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და არის ჩემი ცოდნის და გამოცდილების ინტეგრირება ქართულ პრაქტიკაში, ხელი შევუწყო ახალგაზრდა რადიოლოგების განვითარებას — გავუზიარო საერთაშორისო გამოცდილება, დავეხმარო მათ სწორედ იმ განათლების მიღებაში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებზეა დაფუძნებული. საქართველო მუდამ ჩემს გულშია, რა მანძილიც არ უნდა მაშორებდეს მასთან.

რას ურჩევდით თქვენს ახალგაზრდა კოლეგებს, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ გეგმავენ?

– ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარში ედგა ჩემს გადაწყვეტილებებს და მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, მახსოვს, როცა დედა მე და ჩემს ძმას ოთახში სამოტივაციო ციტატებს გვიკრავდა, ერთ-ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა და ვფიქრობ ერთგვარი მოტივაციაც გახდა ჩემთვის – “ყველა გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებით იწყება”. სირთულეებმა, სიახლეებმა, გამოწვევებმა არ უნდა დაჩრდილოს სურვილი რომ იყო შენი საქმის პროფესიონალი. ხშირად გვეჩვენება რომ საერთაშორისო სივრცე მიუღწეველია, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ეს ასე არ არის. აუცილებელია აქტიური გასვლა ქვეყნიდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რაც არა მარტო პიროვნებისა და პროფესიონალის ჩამოყალიბებაში გვიწყობს ხელს, არამედ ქმნის საფუძველს ჩვენი ქვეყნის მედიცინის ამ მიმართულებით განვითარებისთვის. ასე რომ გადადგით პირველი ნაბიჯი, არ დაზოგოთ თავი და წარმატება გარდაუვალი იქნება!

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0