საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს, ჭანგ გაოლის უმასპინძლა.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით 9.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით. აღნიშნული თანხა მიმართული იქნება საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სადაც თავმოყრილი იქნება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და ფსიქო-რეაბილიტაციის განყოფილება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მოზრდილებისთვის.
დღესვე მხარეებმა ”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის“.
დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთსა და საქართველოში შეიქმნება სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანა მეწარმეების გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება იქნება. საბჭოს ბაზაზე იფუნქციონირებს სამდივნოები, სადაც მოწვეულნი იქნებიან ორივე ქვეყნის, როგორც კერძო სექტორის, ისევე მთავრობის წარმომადგენლები.
წყარო: http://gov.ge/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”