საქართველოში ნაგავსაყრელებზე სათბურის აირების გაზომვა დაიწყება და გარემოზე ნაგავსაყრელების ნეგატიური ზეგავლენა შეფასდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ავრცელებს.
USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” (WMTR) „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ ნაგავსაყრელებიდან გამოყოფილი სათბურის აირების გამზომი პორტატული მოწყობილობა გადასცა.
პროექტის ფარგლებში კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით საბაზისო კვლევას ითვალისწინებს. შემუშავებული მონაცემები გამოყენებული იქნება ნაგავსაყრელების დახურვისა და შემდგომი მოვლისათვის. ხელისმოწერის ცერომონიალს USAID- ის მისიის დირექტორი დაგლას ჰ.ბოლი ესწრებოდა.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულებები, მონიტორინგი გაუწიოს კლიმატის ცვლილებებსა და მეთანის და სხვა აირების შემცირების საკითხებს.წყარო: waste.gove.ge
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”