ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „იუნანის დანხუნ ჯგუფი“ საქართველოში ქარხნის აშენებასა და საექსპორტო პროდუქციის წარმოებას გეგმავს.
ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
„იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტს ვან ტიანჩიუანს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეკონომიკისა და მდრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში სამეგრელოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ჩაის ახალი ჯიშების გაშენების საკითხების განხილვა იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქვეყნებში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ.
”ჩვენი ვიზიტის მიზანია გავეცნოთ საქართველოს ნიადაგებს და გარემო პირობებს, რათა სწორად მოხდეს ჩაის ჯიშების შერჩევა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ჩაის წარმოების კარგი პოტენციალი აქვს. ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ჩაის წარმოებას კულტურის აღდგენას. ვგეგმავთ საქართველოში ავაშენოთ ქარხანა და ვაწარმოოთ საექსპორტო პროდუქცია“, – აღნიშნა „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტმა.
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ