ასტრონომებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მათ მზის სისტემაში სავარაუდოდ მინიატურული პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე აღმოჩენილ სხეულებთან შედარებით მზისგან ყველაზე შორს მდებარეობს.
„ჩვენ ჯერჯერობით დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა ობიექტია ეს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინეთ. ჩვენ ჯერ მისი ორბიტა არ ვიცით“ – განაცხადა კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტის ასტრონომმა სკოტ შეფარდმა.
მეცნიერები ახლად აღმოჩენილი ობიექტის არეკვლით უნარზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ეს ყინულოვანი სხეული, რომელიც ცნობილია როგორც V774101, 500-1000 კმ დიამეტრისაა და დედამიწიდან დაახლოებით 10 მილიარდი მილის დაშორებით მდებარეობს, ანუ პლანეტა პლუტონზე სამჯერ უფრო შორს.
ამჟამად, მზის სისტემის ყველაზე შორეული პლანეტის მსგავსი სხეულებია სედნა, რომელიც 2003 წელს აღმოაჩინეს, და 2012 წელს აღმოჩენილი VP113. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სხეული დედამიწასთან შედარებით მზისგან 80-ჯერ უფრო შორს მდებარეობს, ისინი ახლადაღმოჩენილ V774101-თან შედარებით მაინც ახლოს იმყოფებიან. ასტრონომების განცხადებით, V774101 მზისგან დაახლოებით 103-ჯერ უფრო შორს მდებარეობს, ვიდრე დედამიწა.
როგორც შეფარდი აღნიშნავს, დაახლოებით ერთი წელი დაჭირდება იმის დადგენას, V774101 მოძრაობს თუ არა პლუტონის მახლობლად, ე.წ. კოიპერის სარტყელში. კოსმოსის ეს ნაწილი, რომელიც ათასობით პატარა პლანეტას მოიცავს, მზისგან 40-50-ჯერ შორსაა, ვიდრე დედამიწა.
“თუ ეს ობიექტი ნეპტუნთან ახლოს არ მოხვედრილა, მაშინ იგი ძალიან საინტერესო გახდება ჩვენთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ მისი ორბიტა გიგანტური პლანეტების მიერ „აწიოკებული“ არაა, რაც საშუალებას მოგვცემს გარე მზის სისტემის დინამიკა შევისწავლოთ,“ – განაცხადა შეფარდმა.
სკოტ შეფარდი იმ გუნდის წევრია, რომელიც მზის სისტემის შორეული ობიექტების ყველაზე ფართო გამოკვლევას აწარმოებს.
აღნიშნული აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების პლანეტარული მეცნიერებების შეხვედრაზე განაცხადეს, რომელიც მიმდინარე კვირაში მერილენდში ჩატარდა.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”