close
გამოგონება - ინოვაცია

შესაძლებლობა ქართველ ახალგაზრდა გამომგონებლებს ანუ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

18ოქტომბერს დასრულდა რეგისტრაცია პროექტში ,,ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი,“ რომელიც განკუთვნილია საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის და არაჩვეულებრივ შანსს აძლევს დამწყებ გამომგონებლებს  განახორციელონ თავიანთი იდეები და მოხვდნენ აშშ-ში გამართულ ინოვაციების სამიტში. ჩვენ გავესაუბრეთ პროექტის კოორდინატორს, ქ-ნ ანა ბერძენაძეს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა კონკურსის შესახებ:

-ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს, აშშ-ს საელჩოსა და კომპანია ჯეოსელის თანამშრომლობითი, საინტერესოა ვის ეკუთვნის თავად ამ პროექტის წამოწყების იდეა?

-აღნიშნულ კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო, კონკურსის იდეაც შესაბამისად ამ ფონდს ეკუთვნის და ჩვენი ფონდივე უზრუნველყოფს მის განხორციელებას, რაც შეეხება აშშ-ს საელჩოსა და კომპანია ჯეოსელს, ისინი კონკურსს მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, ანუ არიან ჩართულები როგორც სპონსორები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც არის ასევე კონკურსის მხარდამჭერი.

– რა გამოხმაურება მოჰყვა გასულ კონკურსებში გამარჯვებულ პროექტებს და ხომ არ ჰქონია მათ წარმატებას  გაგრძელება საქართველოში?

-კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ცხადდება, პირველ წელს გაიმარჯვა ორმა ახალციხელმა ახალგაზრდამ ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა (პროექტით ,,მულტიკლიმატიზატორი“), ხოლო შარშან გამარჯვებული გახდა სკოლა ,,აია-GESS”-ის ოთხი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი (პროექტით ,,მზის პანელის მქკ-ის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია“). რაც შეეხება გამოხმაურებას, მათ ეს პროექტები წარადგინეს კონრადის ფონდის საერთაშორისო ინოვაციების სამიტზე, რომელიც ყოველწლიური ინოვაციების სამიტია და მასში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდი იღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველომ 2015 წელს მიიღო პირველად მონაწილეობა და ძალიან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა ადგილობრივი კომისიის წევრების, მასწავლებლებისა და კერძო სექტორის მხრიდან.

– რამდენი წელია რაც აღნიშნული  სამიტი იმართება ყოველწლიურად?

– ეს სამიტი თორმეტი წელია რაც იმართება, მას ორგანიზებას უწევს კონრადის ფონდი, რომელსაც მართავს გარდაცვლილი ასტრონავტის პიტ კონრადის მეუღლე ნენსი კონრადი. პიტ კონრადი გახლავთ NASA-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასტრონავტი, რომელიც სამჯერ გაემგზავრა მთვარეზე, 1999 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისმა მეუღლემ დაარსა მისივე სახელობის ფონდი,რომელიც ყოველწლიურად ატარებს ამ ღონისძიებას.

– გასული წლებისგან განსხვავებით წელს ხომ არ არის კონკურსის ფორმატში რაიმე სიახლე?

          – წელს ცვლილება გვაქვს იმ კუთხით, რომ დაემატა ახალი საკონკურსო კატეგორია – მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები. ასევე, პროექტში ჩაერთო კერძო სექტორიც, ვგულისხმობ კომპანია ჯეოსელს და აქედან გამომდინარე იგეგმება პროექტის  მასშტაბების გაზრდა და უფრო მეტი ახალგაზრდის მოზიდვა.

-რაც შეეხება კონკურსის მიმდინარეობის პროცესს, რა არის ზოგადად მასში მონაწილეობის წინაპირობა და რა ეტაპების გავლა მოუწევთ მონაწილეებს?

          -იმისათვის რომ მოზარდი კონკურსში ჩაერთოს, პირველ რიგში აუცილებელია რომ აკმაყოფილებდეს ასაკობრივ კრიტერიუმს, ანუ დაბადებული უნდა იყოს 1998 წლის 1-აპრილიდან 2004 წლის პირველ აპრილის ჩათვლით, ის აუცილებლად უნდა იყოს სკოლის მოსწავლე და ამასთანავე ინდივიდუალურად ჩვენს კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, ვინაიდან ეს არის გუნდური კონკურსი, ამრიგად უნდა შექმნან გუნდი რომელიც დაკომპლექტებული იქნება მინიმუმ ორი, მაქსიმუმ კი ხუთი წევრისგან. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი სადაც ძალიან მარტივად, სულ 250 სიტყით აღწერენ თავიანთი ინოვაციური პროექტის მხოლოდ იდეას. აპლიკაცია ფასდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება სფეროს ექსპერტებისგან, თუ გუნდი წარმატებით გადალახავს პირველ საფეხურს ის დაბარებული იქნება ინტერვიუზე, ანუ მეორე ეტაპი უკვე მოიცავს გასაუბრებას გუნდებთან. შემოსული აპლიკაციების სავარაუდოდ ნახევარი გადავა მეორე ეტაპზე, საშუალოდ ეს არის 30-35 გუნდი, სადაც შეირჩევიან უკვე ფინალისტები, რომელბსაც ფონდი გაუწევს ფინანსურ დახმარებას იმისათვის, რომ განახორციელონ თავიანთი იდეები და შექმნან პროექტები, ან პროექტების მაკეტები, ასევე ვუზრუნველყოფთ მათ მენტორული მხარდაჭერითაც. ფინალი გაიმართება 2017 წლის თებერვალში, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც 2017 წლის აპრილში ერთი კვირით გაემგზავრება აშშ-ში, NASA-ში.

– უკვე ხომ არ არის ცნობილი წლევანდელი კომისიის წევრების ვინაობა?

კომისიის წევრების სახელები ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია, თუმცა კონკურსის წესებიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ მათი ვინაობის გამხელისგან. კონკურსს სულ ცხრა კომისიის წევრი ჰყავს და მათ შორის არის კერძო სექტორის წარმომადგენელიც, რომელიც აფასებს კომერციალიზაციის პოტენციალს.

-როგორც უკვე თქვით პროექტს ამჯერად ხუთი საკონკურსო კატეგორია გააჩნია, გასულ წლებში წარმოდგენილი პროექტებიდან გამომდინარე რომელი სფერო გამოირჩევა განსაკუთრებული პოპულარობით?

წინა ორი წლის გამოცდილებით შეიძლება ითქვას რომ ყველაზე მეტი აპლიკაცია შემოდის გარემოს დაცვის კატეგორიაში, ხოლო ყველაზე ნაკლები კატეგორიაში -კოსმოსი და ავიაცია.

-უახლოეს მომავალში თქვენი ფონდი ხომ არ გეგმავს, სხვა,  მსგავსი სახის კონკურსებისა, თუ ღონისძიებების ჩატარებას, რომებიც ასევე ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად?

ჩვენი პროექტი არ მოიცავს მხოლოდ ამ ეროვნულ კონკურსს და მოსწავლეების ერთჯერადად გაშვებასNASA-ში, ეს არის ერთწლიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს ასევე ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას. ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩვენ სამი თვის განმავლობაში, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ვმოგზაურობთ რეგიონებში ჩვენს ფინალისტ გუნდებთან ერთად და ვხვდებით ადგილობრივ მოსწავლეებს, რომლებსაც ჩვენი გამარჯვებულები აცნობენ თავიანთ პროექტებს. ზოგადად ეს კამპანია ემსახურება მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას. გარდა ამისა, შუალედებში დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, ასე რომ ვფიქრობ საინტერესო წელი იქნება როგორც კონკურსის მონაწილეებისთვის, ისევე მათთვის, ვინც ჯერ არ ჩართულან კონკურსში, მაგრამ გეგმავენ რომ მიიღონ მონაწილეობა.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0