close
ტრანსპორტი

ჩინეთში ტვინის საშუალებით მართვადი ავტომობილი შექმნეს

Researcher Zhang Zhao wearing a brain signal-reading equipment prepares to move a car with his brain wave, during a demonstration at Nankai University in Tianjin, China, November 17, 2015. REUTERS/Kim Kyung-Hoon

ჩინეთის ქალაქ ტიანძინში პირველი გონებით კონტროლირებადი მანქანა შექმნეს.

ჩინელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მანქანა, რომლის მართვა მხოლოდ და მხოლოდ ტვინის ძალითაა შესაძლებელი.

ნანკაის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდს ორი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ გონებით კონტროლირებადი ავტომანქანა რეალობად ექცია.

ტვინის სიგნალის წამკითხველი აღჭურვილობის საშუალებით მძღოლს შეუძლია ხელის ან ფეხის მოძრაობის გარეშე აკონტროლოს მანქანის წინ წასვლა, უკანსვლა, გაჩერება, მანქანის ჩაკეტვა და გაღება.

მკვლევარმა ჟანგ ჟაომ როიტერსს განუცხადა, რომ აღჭურვილობა შეიცავს 16 სენსორს, რომელიც იჭერს  EEG (ელექტროენცეფალოგრამის) სიგნალებს მძღოლის ტვინიდან. მათ შეიმუშავეს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ირჩევს და გადაცემს შესაბამის სიგნალებს, რაც მანქანის კონტროლის საშუალებას იძლევა.

“ტვინის სიგნალის წამკითხველი მოწყობილობა ტესტერის EEG სიგნალებს კრებს და კომპიუტერს უსადენოდ გადასცემს. კომპიუტერი სიგნალებს ამუშავებს, რათა ადამიანების განზრახვების კატეგორიზაცია და ამოცნობა მოახერხოს, შემდეგ ამ სიგნალებს მანქანის კონტროლირებულ ბრძანებად აქცევს. მთელი ამ პროცესის არსი არის EEG სიგნალების დამუშავება, რაც კომპიუტერით კეთდება,“ – განაცხადა ჟანგ ჟაომ.

პროექტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი დუან ფენგია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის მიზანი ადამიანთა უკეთესი მომსახურებაა და მალე ტვინით კონტროლირებადი ტექნოლოგიისა და თვითმართვადი ავტომობილების, როგორიცაა Google Self Driving Car (SDC), კომბინირება იქნება შესაძლებელი.

მკვლევარების თქმით, აღნიშნული ავტომობილის შექმნის იდეა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენის სურვილით იყო ინსპირირებული.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0