”ნუთუ არ იცით,რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა” -წერდა პავლე მოციქული კორინთელებს ეპისტოლეში.კაცობრიობის არსებობის დანიშნულება განვითარებაა. ამისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა საჭირო. ეს კი ჯანმრთელობის გარეშე წარმოუდგენელია.
ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს და რადგან ეს პრობლემა ჩვენს სტრესებით დახუნძლულ და ეკოლოგიურად დაბინძურებულ რეალობაში ბევრს აწუხებს, შევეცდები ზოგადად მიმოვიხილო ეს საკითხი და შეგახსენოთ, რომ ადამიანის ორგანიზმი თვითგანკურნებადი მექანიზმია. მას აქვს რეზერვები,რომელთა მობილიზებითაც შეიძლება ფიზიკური დარღვევების აღდგენა. მედიცინაში რევოლუციურ აღმოჩენათა უმეტესობა ადამიანის სხეულის თვითგადარჩენის ბუნებრივ უნარს ეფუძნება და ეს უნარი ძირითადად მის ფსიქიკურ რესურსებშია.ალბათ გაგიგიათ გამონათქვამი, რომ არ არსებობს განუკურნავი სნეულებები, არსებობენ განუკურნავი ავადმყოფები. საჭიროა მხოლოდ ორგანიზმის თვითრეგულირებადი სისტემის გამოღვიძება და გააქტიურება. თუ ადამიანები ახერხებენ თავად დაიავადონ თავი, ე.ი.შეუძლიათ თავადაც განიკურნონ. ”თუ სულსა და ხორცს სისტემატურად ავარჯიშებ,არავითარი მკურნალობა არ დაგჭირდება”-ამბობდა ავიცენა. ასეთ პირობებში, თანამედროვე მეცნიერთა აზრით, ადამიანს 120 წლის სიცოცხლის შესაძლებლობა აქვს. ”აგნი იოგა” უფრო შორს მიდის და თვლის, რომ სულს, რომელსაც კოსმიური ენერგიები ამარაგებს, ჰათჰა იოგაც კი არ სჭირდება. ეს კოსმოსური ენერგია კი ფსიქიკური ენერგიაა. ამ სტატიაში შევეცდები ზოგადად დაგანახოთ, თუ როგორაა დაკავშირებული ადამიანის ფიზიკური სხეული სულიერ სხეულთან ემოციების საშუალებით.
თანამედროვე მედიცინა განიხილავს ადამიანს,როგორც მხოლოდ ფიზიკურ არსებას. საუკუნეების წინ კი იცოდნენ,რომ მისი ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური ანატომია კავშირშია უხილავ სამყაროსთან და როგორც არისტოტელე ამბობდა, ”სხეული ისე ვერ განიკურნება,თუ ჯერ სული არ განიკურნა”. როგორც ჩონჩხი ფიზიკურ სხეულს, ისე აგებს ნერვები სულიერს. ამიტომაც დაავადებების უმრავლესობის მიზეზი, დამიდასტურებენ მედიკოსები, ფსიქოსომატურია.
გახსოვთ ალბათ, რას ამბობს ო. ჰენრის ცნობილ მოთხრობაში ექიმი: თუ ავადმყოფს მოდების ჟურნალის მიმართ ინტერესი გაუჩნდა, ჩათვალეთ, რომ ის უკვე გამოჯანმრთელების გზაზეაო. ჩემს ბავშვობაში, როდესაც ავად ვხდებოდი, კარგი კომედია საუკეთესო წამალი იყო. საათნახევარი ყურადღების გადართვა დადებითზე საკმარისი იყო სიცხის დასაწევად. მაშინ მე არაფერი ვიცოდი ნერვული სისიტემისა და ასტრალური სხეულის, სეკრეციის ჯირკვლებისა და ფსიქიკური ენერგიის, დნმ-ისა და კვანტური ლევიტაციის შესახებ.
დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ თუ ერთის მხრივ, სულიერი მდგომარეობა აისახება ფიზიკურზე, მეორეს მხრივ, არაჯანსაღ სხეულსაც შეუძლია სულის მოქმედებათა დასუსტება. მათი ჰარმონიაა საჭირო, რომ ადამიანი გამთლიანდეს, ანუ მიაღწიოს ”ჯანის მთლიანობას”. ამას ამბობს აიურვედაც, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობა წესრიგია, ჰარმონიაა საკუთარ თავთან და გარემოსთან, მთლიანობაა სულსა და ხორცს შორის. სანსკრიტზე სიტყვა-ჯანმრთელობა – ნიშნავს: იყო ის, რაც ხარ. როდესაც ცხოვრება ეწინააღმდეგება სულისა და სხეულის მოთხოვნებს, ხდება ორგანიზმის რღვევა. სნეულება კი ამ წონასწორობის დაკარგვაზე მიუთითებს. თუ დააკვირდებით, ყოველი დაავადება მიანიშნებს შეცდომაზე, რა საკითხში ავცდით კოსმიურ კანონებს, რა უნდა შეიცვალოს, რა გზით უნდა წავიდეს ადამიანის განვითარება. ეს სიგნალია, რომელიც გვატყობინებს, რისი თქმა, სწავლება უნდა ამით ჩვენთვის სამყაროს. მას ხომ ბრმა კოსმოსური კანონები მართავს, რომელსაც სულ არ აინტერესებს წონასწორობის დარღვევის მიზეზები ობიექტურია თუ სუბიექტური, ეგოისტური თუ ალტრუისტული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი სნეულება საშუალებაა განვითარებისათვის. განვითარების გზა კი უპირველესად შინაგან ტრანსფორმაციაზე გადის. რადიკალური ცვლილებების შეტანა ცხოვრებაში გამოიწვევს ჯანსაღ ემოციურ მდგომარეობას და მაშინ, ახალ ენერგეტიკულ გარემოში, ძველი პრობლემებისთვის ნიადაგი აღარ იქნება.
იცოდით, რომ მორწმუნეების გამოჯანმრთელება გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე ათეისტთა?!ქრისტიანთათვის საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა განკურნების საუკეთესო საშუალებად ითვლება,განსაკუთრებით აღსარება. წმინდა მამები ამბობენ, რომ ვინც ინანიებს,აღარ ისჯება სნეულებებით. სინანული საჭიროა,რათა ნეგატიური პროგრამები არაცნობიერში არ გადავიდეს.”შენზეა დამოკიდებული : თუ უსულგულო იქნები ან უწმინდურად იცხოვრებ,დაავადდები,სანამ საკუთარ თავში საჭირო წესრიგს არ დაამყარებ.ხოლო სინანულით სასჯელად მოვლენილ სნეულებათაგან შესაძლებელია განთავისუფლდე”( ღირსი ბარსანოფი დიდი). ხშირია სასწაულებრივი განკურნების შემთხვევები დანაშაულის ხმამაღლა აღიარების, აღსარების და ყველას, მათ შორის საკუთარი თავის უპირობო პატიების შემდეგ. განსჯის, პრეტენზიების, დადანაშაულების გარეშე ცხოვრება იმუნიტეტს აძლიერებს. მუდმივი კონტაქტი მაღალ ვიბრაციებთან, რომელიც წმინდა ადგილებში და სიწმინდეებზეა დალექილი, აღადგენს ადამიანის აურას. ზეთისცხების საიდუმლო გენურ სტრუქტურასაც კი ცვლის. ხოლო ზიარება, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებაშიც ეხმარება. სნეულებებისგან დამცველი საშუალებაა ლოცვა, იმედით და ნდობით წარმოთქმული. რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ”აიძულებს” მფარველ ძალებს დაგვეხმარონ. განკურნების ყველაზე დიდი საბაბი, რომელსაც ზეციური იერარქები ანგარიშს უწევენ, საკუთარი თავის სრულყოფაა. ამიტომ იპოვო მოტივაცია, თუ რისთვის ღირს შენი დახმარება, ახალი შანსია. ხოლო ”თუ განიკურნე, ნუღარ შესცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს”(იოანე 21). ქრისტიანთათვის მთავარანგელოზი რაფაელი ჯანმრთელობის მფარველია.მისი ენერგიები დაკავშირებულია ოთხშაბათთან და მწვანე ფერთან.
ახლა მინდა ძალიან მოკლედ აღვწერო ადამიანის ენერგეტიკული სხეული.
ადამიანი რთული ენერგეტიკული სტრუქტურაა. ის ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში არსებობს. 30% მატერიალური არსებაა, 70% კი _ ანტიმატერიალური. მას აქვს 7 ენერგეტიკული სხეული. ფიზიკური გარსი დანარჩენების დროებითი სამოსელია. რაც უფრო განვითარებულია ზედა ენერგეტიკული სხეულები, მით მეტად ინარჩუნებს ორგანიზმი ღვთიურ ცეცხლს, ანუ სინათლეს, რომლითაც ხდება ზეენერგიებთან დაკავშირება. ამისათვის ქვედა სხეულები(ფიზიკა, ემოციები, აზრები და მეხსიერება) უნდა იყოს განწმენდილი და ემორჩილებოდეს ზედა სხეულებს.ასტრალური სხეული ემოციებს მართავს და რაც უფრო მაღალი ვიბრაციის ენერგიებით მარაგდება, მით მეტ სასიკეთო გავლენას ახდენს ფიზიკურზე. ენერგეტიკულ სხეულებს შორის კავშირს უზრუნველყოფს ფაქიზ ენერგიათა მერიდიანული ნაკადები. ჯანმრთელობაზე და ჰარმონიულობაზე ენერგეტიკული მერიდიანების სისუფთავეც აისახება. ადამიანის ორგანიზმი კოსმიური ენერგიების მიმღები, გარდამქმნელი და გენერატორია. ამისთვის ენერგეტიკულ სხეულზე არსებობს 7 ძირითადი ჩაკრა, ანუ ნერვულ-ენდოკრინული ორგანოს პროტოტიპი ცენტრი . 7 ჩაკრით ჩვენ კოსმიური ენერგიების 7 ასპექტს ვუკავშირდებით. გახსნილი, ჰარმონიულად მომუშავე ჩაკრა ზრდის ფიზიკურ შესაძლებლობებს, ჩაკეტილი კი აფერხებს კოსმიური ენერგიების შემოსვლას ორგანიზმში. ნეგატიური ემოციები და ცხოვრების არასწორი წესი არღვევს ჩაკრების სწორ ფუნქციონირებას და იწვევს შესაბამისი ორგანოს დაზიანებას.
ენერგეტიკული სხეულები ქმნიან გამოსხივების ველს ანუ აურას. მასზე აისახება ადამიანის ყოველი აზრი, სიტყვა, წარმოსახვა და ემოცია. ფსიქიკის უარყოფითი ინსტრუქციები და დაბინძურება მას აზიანებს. დაავადება ჯერ ენერგეტიკული ველის დონეზე ყალიბდება, შემდეგ კი მისი სტრუქტურის დეფორმაცია იწვევს შესაბამისი ორგანოს დაზიანებას. გარდა ამისა, დასუსტებული აურა გარე ნეგატიური ენერგიების სამიზნეც ხდება. დარღვეული მთლიანობის წყალობით ისინი აღწევენ ორგანიზმში და იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს. მოკლედ, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც აურაზე იჩენს თავს, დროთა განმავლობაში აზიანებს ფიზიკურ სხეულს. ადამიანის ფაქიზი სხეულიდან პათოგენური ენერგეტიკული სტრუქტურების გამოდევნა შესაძლებელია მხოლოდ ენერგიების სიხშირის ამაღლებით, რაც მიიღწევა შინაგანი და გარეგანი ცხოვრების მოწესრიგების შემდეგ და არა მხოლოდ მედიკამენტებით.კვანტური ფიზიკის მიხედვით, სამყარო გიგანტური ენერგეტიკული ქსელია და მასში ყველაფერი ენერგიაა. თუმცა ამის გარეშეც ნათელია, რომ ენერგიის გარეშე არ არსებობს არც ჯანმრთელობა, არც წარმატება, არც პირადი ბედნიერება. ადრე ადამიანები ახერხებდნენ კოსმოსიდან მიეღოთ ენერგიების საჭირო რაოდენობა, შთაენთქათ და ენერგეტიკულ საკვებად გამოეყენებინათ, რადგან მათი ენერგეტიკული სხეული უფრო სუფთა იყო, გარემო კი ნაკლებად დაბინძურებული. ცხოვრების თანამედროვე წესმა ეს შესაძლებლობა შეამცირა პლანეტაზე. ამიტომ ახლა ენერგიების მიღება უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე. ინფორმაციული ბუმის და ინტელექტის ეპოქაში ენერგიების დანაკარგიც მეტია. როდესაც ენერგიები დიდი რაოდენობით იხარჯება, განსაკუთრებით გონებრივი და ფსიქიკური გადატვირთვის დროს, წონასწორობა ადვილად ირღვევა. ადამიანები ხდებიან ენერგეტიკული ბანკროტები, რაც აისახება მათ ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც. ეს იწვევს უიღბლობას, დეპრესიას, ქრონიკულ დაღლილობას და სერიოზულ დაავადებებს. ენერგეტიკულად სუსტი ადამიანები ხშირად ღრუბელივით იწოვენ სხვათა ნეგატივს და ზარალდებიან. ჩვენ ვეღარ შევცვლით კოსმოსურ პირობებს, მაგრამ შეგვიძლია სამყაროზე ჩვენი შეხედულებების გადახედვითა და პოზიტიური თვითრეგულაციების პრაქტიკებით ენერგიების დაბალანსება.
ამ ბალანსის ერთ-ერთი საშუალებაა საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება. ჯანმრთელობა ხომ საკუთარი თავის სიყვარულით იწყება, საკუთარი თავის რწმენითა და პატივისცემით. იყო ის, რაც ხარ – იმუნიტეტს აძლიერებს. ამიტომ აპატიეთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მიიღეთ ის პრეტენზიების გარეშე. უარი თქვით თვითგვემის ჩვევაზე. დაივიწყეთ არასასიამოვნო წარსული და ნუ ატრიალებთ მის სლაიდებს გონების ეკრანზე,რადგან სნეულებების უმეტესობა ინიცირებულია წარსულის ემოციური ტრავმებით. დაივიწყო არასასიამოვნო, დაინახო პოზიტივი შენს ცხოვრებაში, იყო გულწრფელი საკუთარ თავთან და სხვებთან, ილაპარაკო მხოლოდ სიმართლე – არაცნობიერი ფსიქიკის სასჯელისგან გვიცავს. ის ვინც ყოველთვის თამამად გამოხატავს თავის აზრს, დღეგრძელია და ძლიერი ორგანიზმი აქვს. საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს სხვების, სამყაროს დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ, ეს კი ჩვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება. გიყვარდეს შენი თავი ნიშნავს არ მისცე სხვებს უფლება შენ მაგივრად გააკეთონ არჩევანი, დაიცვა შენი ინტერესები, შეინარჩუნო ავტონომიურობა და აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე ადამიანები აგრესიულები ან დეპრესიულები ხდებიან. დაბალი თვითშეფასების მქონენი ხშირად იტანჯებიან სნეულებებით, ხოლო დანაშაულის შეგრძნების დროს ნებისმიერი დაავადება შეიძლება გაცილებით ცუდად დამთავრდეს, ვიდრე სხვა შემთხვევაში. როდესაც გიყვარს შენი თავი, შეგიძლია უსურვო მას საუკეთესო, მისცე თავს უფლება მიიღო სამყაროსგან სასიამოვნო საჩუქრები, რადგან თვლი, რომ ამას იმსახურებ.
მედიკოსები გამოჯანმრთელებას რემისიასაც უწოდებენ. თვითშეფასება იზრდება, როდესაც იცი შენი არსებობის დანიშნულება. ”ადამიანი ცოცხალია მანამ, სანამ მას აქვს სიცოცხლის სურვილი და მიზანი”(აგნი იოგა). ცხოვრების აზრი და მისია ის სტიმული და მოტივაციაა, რომელიც ყველა დაავადებას ამარცხებს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ვინც მომავალს ვერ ხედავს, სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. აკეთო ის, რაც გიყვარს, იმუნიტეტს აძლიერებს. შრომის რიტმი ფსიქიკურ ენერგიას წარმოშობს. ის კი პანაცეაა ყველაზე რთული დავადებების სამკურნალოდ. გადახედეთ გარშემომყოფებს. რეალიზებული ადამიანები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ პროფესიული საქმიანობით, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ, რომლებსაც ამის გამო პატივს სცემენ და რომელთა მადლიერებიც არიან, კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
მინდა ისევ ფსიქიკურ ენერგიას დავუბრუნდე, რადგან ბუნება ამ ენერგიის დიდი რეზერვუარია. როგორც აგნი იოგა გვამცნობს, არ არსებობს დაავადება, რომლის დაძლევაც ფსიქიკური ენერგიით არ შეიძლება. ეს ენერგია სივრცული ცეცხლის გამოვლინებაა ადამიანში და წარმოიქმნება რელიგიური ექსტაზის, შემოქმედებითი აღმაფრენის, სიყვარულის, ერთობლივი საქმიანობის დროს. თავმდაბალ ადამიანებს ფსიქიკური ენერგიის მეტი მარაგი აქვთ.ამ ენერგიებს ფლობს მუშკი, ყურძენი,რძე, კატაბალახა, წიწვოვანი მცენარეები, ქარვა, ვარდის ზეთი, თაფლი, ხორბალი, სოდა და ა.შ.ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესები დიდწილად პრანის სასიცოცხლო ენერგიაზეა დამოკიდებული, პრანა კი ჟანგბადით გაჯერებულ ჰაერზე და სწორ სუნთქვაზე. ღრმა და ნელი სუნთქვა (რაც მასზე დაკვირვებითაც მიიღწევა), ჟანგბადით უკეთ ამარაგებს ორგანიზმს, ეს აწონასწორებს “ინ” და “იან” ენერგიებს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, ანთებს გულის ცეცხლს. ამ დროს ფსიქიკა დაცული და დაბალანსებულია. ალბათ დაკვირვებიხართ, როგორ ცვლის ნერვიულობის დროს სუფთა ჰაერზე გასვლა მომენტალურად განწყობას. ეს იოგების დღეგრძელობის მიზეზია.
თბილი აბაზანა ფიზიკური თუ ფსიქიკური რელაქსაციის, მოდუნების საუკეთესო საშუალებაა. ის ორგანიზმს ნეგატივისგან წმენდს, აღადგენს დაზიანებულ აურას. ასევე ათავისუფლებს ორგანიზმს დაუხარჯავი ენერგიებისაგან. დადებითი აზრებით დამუხტული წყლის სმა კი ფიზიკური სხეულის სტრუქტურას ცვლის. თუ იფიქრებთ და ისაუბრებთ მხოლოდ კარგზე, როდესაც სითხეებს იღებთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ინფორმაციულ-ენერგეტიკულ სხეულზე. იქნებ სადღეგრძელოების მეტაფიზიკური არსი ამაშიცაა?!
ყველამ იცის, რომ მარხვა თერაპიაა, რადგან ხორციანი საკვები ცხოველის ენერგეტიკას და ტკივილის ინფორმაციას ატარებს. თვეში 1 დღე შიმშილობა ორგანიზმს წმენდს და შეგნებას ანატიფებს, ანადგურებს ავადმყოფ უჯრედებს. მცენარეული პროდუქტები შეიცავს მზის კოსმიურ ენერგიებს და ეხმარება ორგანიზმს ტუტე რეაქციის შენარჩუნებში. მასში არსებული ვიტამინები და მინერალები კი ფსიქიკური ენერგიით ამარაგებს ადამიანს. შუა საუკუნეების ცნობილ სალერნოს ჯანმრთელობის კოდექსში წერია:”სჯობს მწვანილეული საკვები და სიყვარული, ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი”. იცით, რომ სასწაულები მარხვის შემდეგ ხდება? მაგრამ ყველამ შეიძლება არ იცოდეს, რომ მარხვისა და შიმშილით მკურნალობის დროს აუცილებელია დადებითი ემოციები და მაღალ ვიბრაციებთან კავშირი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შედეგი საპირისპირო აღმოჩნდეს.
ფიზიკური აქტიურობა, სპორტი, ცეკვა, ენერგოპლასტიკა ებრძვის სტრესებს და ამცირებს სნეულებების რისკს, ააქტიურებს სასიცოცხლო რეზერვებს, აღადგენს ჰორმონალურ წონასწორობას. რაც არ ვარჯიშდება, კვდება, რიტმული მოძრაობისას კი ენერგია ნაკლებად იკარგება. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებს. მაგრამ აქტიურობასთან ერთად დასვენებაც აუცილებელია. ყოველდღიური რელაქსაცია, მოდუნება, მასაჟი თუ ჯანსაღი ძილი ენერგეტიკული ბალანსისათვის ისევე საჭიროა, როგორც _ ვარჯიში. სხეულისათვის დასვენების აკრძალვა ანგრევს ორგანიზმს და ფსიქიკას. ფიზიკურად აქტიური ადამიანები, რომლებიც არ აკეთებენ ეკონომიას დასვენებაზე, მდგრადი ფიზიკური და ფსიქიკური მონაცემებით გამოირჩევიან.
ძველ საბერძნეთში მედიცინის რეფორმატორი ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ავადმყოფის გამოჯანმრთელება მის გვერდით მყოფებზეც იყო დამოკიდებული. ალბათ გაგიგიათ ჰაგოთერაპიის შესახებაც. ესაა მკურნალობა მოფერებით. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ეს საკითხი და დაადასტურეს, რომ დიდხანს ცოცხლობენ ისინი, ვისაც ხშირად ეფერებიან. რა გასაკვირია, როცა სითბო და სიყვარული გამხმარ ხესაც კი უბრუნებს სიცოცხლეს. ერთ-ერთ ლაბორატორიაში ბაჭიებს აკვირდებოდნენ და შხამებით კვებავდნენ. მალე მათი უმრავლესობა დაიხოცა. თურმე მხოლოდ ის ბაჭიები გადარჩნენ, რომლებსაც მომვლელი ყოველდღე ეფერებოდა.
როდესაც ურთიერთობა თანამოაზრეებს ან სულიერ მეგობრებს შორისაა, შედეგები უფრო განსაცვიფრებელია, რადგან მსგავსი აურის ადამიანთან ფიზიკური კავშირისას იქმნება ძლიერი ენერგოველი, რომელიც ორმაგად იცავს ორგანიზმს. გარდა ამისა, მოსიყვარულე ადამიანი, ვინც გღებულობს ისეთს, როგორიც ხარ, გაფასებს, სჯერა, ესმის შენი და გიქმნის საკუთარ თავზე უკეთეს აზრს, შენი კვანტური თერაპევტია. ოჯახებში , სადაც სიძულვილია, მუდამ არის ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით ბავშვებში. გარშემომყოფთა გულწრფელი კეთილგანწყობა კი ადამიანის აურას აძლიერებს, იწვევს დნმ-ის გეომეტრიის შეცვლას და დაზიანებული უჯრედების სწრაფ აღდგენას. იცით, რომ ექიმის ან ახლობლის რწმენასაც კი შეუძლია განკურნოს სნეული, ყოველგვარი პრეპარატების გარეშე?! პესიმისტი ან ენერგოვამპირი ადამიანები, ვინც მუდმივად თავს დამნაშავედ გვაგრძნობინებენ, ენერგიებს გვართმევენ და იმუნიტეტს გვისუსტებენ.
გვერდით მყოფი ადამიანების გულში და გონებაში შექმნილი წარმოდგენების პროგრამები ზემოქმედებს ჩვენზე და ის ხორციელდება კიდეც. სარკისებური ნეირონების წყალობით, ჩვენი თავის ტვინი იგივე რეჟიმში იწყებს მუშაობას, ამიტომ ახლობელთა ადამიანების ენერგეტიკას, მათ მოლოდინებს, რწმენას და განწყობას ჩვენ მიმართ, ინფორმაციას, რომელსაც მათგან ვიღებთ, აქვს ჩვენზე უხილავი გავლენა. ”ილოცეთ ურთიერთისთვის, რათა განიკურნოთ, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას”-(იაკობ 5). თუ გყავთ ადამიანი, ვინც თქვენთვის ლოცულობს, მისი საშუალებით ადვილად მიიღებთ დახმარებას.
კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ : ჯანმრთელობა არ არსებობს ‘‘ინ-იან’’ ენერგიების წონასწორობის გარეშე. ის, ვინც ზრუნავს საკუთარ სექსუალურ იმიჯზე და აძლევს თავს ბედნიერების უფლებას, გამოირჩევა ძლიერი იმუნიტეტით. დარღვეული ჰორმონალური ბალანსი ჯანმრთელობის შერყევის ერთ-ერთი მიზეზია.
მედიტაციაზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს აზრების ეკოლოგიას.ეს ჯანსაღი ცხოვრების ხელოვნებაა. ”კოსმოსში არსებული ენერგიებიდან ერთ-ერთია აზრის ენერგია .ის ეთერთან შედარებით უფრო ფაქიზი მატერიაა და შუამავალია ხილულ და უხილავ სამყაროებს შორის. აზრის ენერგეტიკული სუბსტანცია არ იშლება.მისი განადგურება მხოლოდ მასზე ძლიერ საპირისპირო აზრს შეუძლია. მსგავსი აზრები მიიზიდებიან, ერწყმიან ერთმანეთს. ადამიანის თავთან ღრუბლებივით გროვდებიან და როგორც კი ადამიანი პასიურ მდგომარეობაში, დასუსტებული იქნება, ესხმიან მას თავს.”(აგნი იოგა).ამიტომ აზრი ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს და ადრე თუ გვიან, უბრუნდება ავტორს, ანუ რა ვიბრაციების ენერგიებსაც ქმნის აზროვნება, იმავეს გვიბრუნებს უკან სამყარო. ნეგატიური აზრებით იკვებებიან კოსმოსის ქაოსური ძალები და თავის ტყვეობაში აქცევენ ავტორებს. მრავალჯერ განმეორებული აზრები, განსაკუთრებით, ძლიერ ემოციასთან ერთად, ძლიერ მიზიდულობას ფლობს. დამიდასტურებთ, რომ დესტრუქციული აზროვნებისკენ მიდრეკილი ადამიანები ხშირად ავადმყოფობენ, ხოლო პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანები უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. ახლანდელ პერიოდში კარმა დაჩქარებულია და ყოველი აზრი სწრაფად იქცევა რეალობად. ამიტომ პოზიტიური აზროვნება არსებობის გადარჩენისათვის აუცილებელი პირობაა. მეტაფიზიკოსები დამეთანხმებიან, რომ აზრებით მკურნალობა სხივებით მკურნალობაზე ძლიერია. პოზიტიური აზრებით მრავალი სნეულება ჩანასახშივე ითრგუნება. ადამიანის ორგანიზმის დიდი ნაწილი სითხეა. აზრი კი ადვილად ცვლის წყლის სტრუქტურას, მოქმედებს ჰორმონებზე, ელექტრული იმპულსებით გადაეცემა უჯრედებს, ხვდება ატომის სუბსტანციაში და ცვლის ბიო-ფიზიოლოგიურ პროცესებს. გადატვირთული ინტელექტუალური მუშაობა და მუდმივი აზროვნება ფიტავს, ენერგეტიკულად ასუსტებს ადამიანს. ძლიერი ემოციების დროს უჯრედები იწერენ ადამიანის შინაგან დიალოგებს და მონოლოგებს. იმუნური სისტემა ყურს უგდებს შინაგან ხმებს. ეს ენერგეტიკულ ბლოკებს ქმნის, რაც იწვევს დაავადებებს. ამიტომ დროებით აზროვნების პროცესის შეჩერებაც საუკეთესო თერაპიაა. შინაგანი სიჩუმის ფსიქიკური ენერგია გაცილებით მეტია, ვიდრე სიტყვებით გამოხატული ფიქრებისა. შინაგანი დუმილი იზიდავს კოსმიურ ენერგიებს და მომენტალურად იწვევს ენერგეტიკის გაძლიერებას ადამიანში.ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ დღეში რამდენიმე წუთის განმავლობაში მაინც.მშვიდად დააკვირდით აზრებს და ისინი ღრუბლებივით გაიფანტებიან. აღმოსავლეთში ამ მეთოდით მრავალ რთულ დაავადებას კურნავენ.
გონება საუკეთესო მკურნალია, თვლიდა ჰიპოკრატე. თანამედროვე ფსიქოლოგია კი არაცნობიერ გონებაზე საუბრობს. ის ბოლომდე შეუსწავლელი ფენომენია, თუმცა ვიცით, რომ ინტუიციით კავშირშია იმ საიდუმლო სამყაროსთან, რომელიც ფიზიოლოგიური აღქმის საზღვრებს მიღმაა.ყოველი ზრდასრული ადამიანის არაცნობიერში დევს გარკვეული ინფორმაცია-პროგრამა, რომელიც ქმნის მისი მომავლის მოდელს, განსაზღვრავს ცხოვრების შედეგებს და ჯანმრთელობასაც. ესაა არაცნობიერში გამჯდარი შეხედულებების, რწმუნებულებების მთელი სისტემა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში, განსაკუთრებით ბავშვობაში, ჩამოგვიყალიბდა. მათი საშუალებით ადამიანი მოიზიდავს ცხოვრებაში ანალოგიურ მოვლენებს,მათ დამამტკიცებელ საბუთებს. ის განხორციელდება, რისიც არაცნობიერს სჯერა. ამ პროგრამის საპირისპიროთი შეცვლით, შეიძლება სიტუაციის შეცვლაც. მაგ: ეს შესაძლებელია თვითშთაგონებით. ამით ორგანიზმი გადაერთვება ჯანმრთელი ადამიანის ცნობიერების რეჟიმში და ახდენს ფიზიკური მდგომარეობის ენერგეტიკულ მატრიცასთან შესაბამისობაში მოყვანას. რადგან მას აქვს რწმენის და მოლოდინის განსაკუთრებული ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომ გარეგანი ბრძანება რეალობად აქციოს.ნათქვამია, შეიძინე ჯანმრთელის ცნობიერება და შეიძენ ჯანმრთელობასო. ცნობილი ფსიქოლოგი ჯონ კეხო წერს: ”არაცნობიერი ბაღია,ერთნაირად იღებს სიცრუეს და სიმართლეს,მთავარია რას მიაწვდის მებაღე ანუ ცნობიერი ფსიქიკა.” ანუ რეალობა ამართლებს იმ მოლოდინებს, რომელსაც არაცნობიერი ელის.ე. წ. სულელური ოპტიმიზმი არაცნობიერ დონეზე ქმნის მოდელს, რომელიც ხორციელდება შინაგანი რეზერვების წყალობით. ალბათ ამიტომ არიან ხალისიანი, ოპტიმისტი ადამიანები ჯანმრთელები ორგანიზმისთვის საშიშ პირობებშიც კი. არაცნობიერი გონება ახდენს კონტროლს მთელ ორგანიზმზე ნერვული სისტემის მეშვეობით. წარმოსახვით და შთაგონებით მას შეუძლია შეცვალოს სისხლის შემადგენლობაც კი, სტიმულირება მოახდინოს ადამიანის ფარული რეზერვების და ა. შ. არაცნობიერი, მასთან დაპირისპირების შემთხვევაში, იწყებს პროტესტს და შესაძლებელია, არასასიამოვნო სიურპრიზებიც მოაწყოს. ამიტომ საჭიროა მსუბუქად და თამაშით მუშაობა მასთან. არაცნობიერის ნეგატიური ბლოკებისაგან გასაწმენდად, საჭიროა ცნობიერის კავშირი არაცნობიერთან. ეს ხდება არაცნობიერის ინვენტარიზაციით. ამის ერთ-ერთი საშუალებაა ფსიქოტიპის საპირისპირო თვისებებთან ადაპტირება. ცნობილმა ფსიქოთერაპევტმა კარლ იუნგმა ადამიანები ორ ტიპად დაყო: ექსტრავერტებად და ინტრავერტებად. ექსტრავერტებმა მარტოობასთან, ”ინურ” ენერგიებთან შეგუება უნდა შეძლონ, ინტრავერტებმა აქტიური ცხოვრება და ”იანურ” ენერგიებთან ადაპტაცია.ამ გზით ფსიქიკა გაწონასწორდება.
ძველად ფართოდ იყო განვითარებული ემოციებით მკურნალობა. კარგი განწყობა შემოქმედი ძალაა, რომელსაც სინათლე შეაქვს ადამიანის ენერგეტიკულ სხეულში. ის ხშირად დამოკიდებულია არა გარემოებებზე, არამედ პირად არჩევანზე. როდესაც შინაგანი მე ძლიერია, მას ადვილად შეუძლია შექმნას თავისი განწყობა კოსმიური ოპტიმიზმის წყალობით მაინც. `‘გიხაროდეთ… ჩემი სიხარული იყოს თქვენთან…დაე თქვენი სიხარული იყოს სრულყოფილი” ამბობს მაცხოვარი (იოანე 15) და სიყვარულთან და მშვიდობასთან ერთად სიხარულსაც ითხოვს ადამიანებისგან.
ბერძნული ”ჰე ხარის’ ‘ანუ ”მადლი” ქართულად სიხარულთან ასოცირდება. ის აქრობს შიშს და იცავს სასოწარკვეთისგან. ყოველი სიხარული ახალი შანსია, რომელიც იზიდავს კოსმოსიდან განმკურნებელ ენერგიებს. მგრძნობიარე და სულიერი განვითარების გზაზე მავალ ადამიანებს განსაკუთრებით ევალებათ ეძებონ და დაინახონ სიხარულის მიზეზები ყველაფერში, რადგან ეს არის დაცვა როგორც ხილული, ისე უხილავი განსაცდელებისაგან. ”გულის სიხარული – ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება დღეგრძელობაა მისი”(ეკლესიასტე). მთელმა სამყარომ ერთდროულად რომ გაიხაროს, ბოროტება საგრძნობლად მოიკლებდა, წერია აგნი იოგაში.
სიცილისა და იუმორის თერაპიას სასწაულების მოხდენა შეუძლია. იუმორი სულს იცავს ნეგატივისგან, სასოწარკვეთილებისგან და გულს სითბოს უნარჩუნებს. ღიმილი გულის სიხარული და მისი მკვებავია. ჯანსაღი სიცილის დროს თავის ტვინი დადებით იპულსებს აგზავნის ორგანიზმში. სიმსივნური წარმონაქმნებიც კი ქრება სიცილის საშულებით. სიცილის და ღიმილის დროს სისხლში ენდორფინების შემცველობა იზრდება. ეს ააქტიურებს ენერგეტიკულ პროცესებს და ცვლის სისხლის შემადგენლობას. გასულ საუკუნეებში ექიმები თვლიდნენ, რომ ქალაქში ათი მასხარის ჩამოსვლა მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის უფრო ბევრს ნიშნავდა, ვიდრე წამლებით დატვირთული ურემი.ნებისმიერი დადებითი განცდა, სიხარული ეხმარება თავის ტვინს ჰორმონების – ენდორფინების გამომუშავებაში, რომლებიც ცვლიან ქიმიურ პროცესებს ორგანიზმში, გავლენას ახდენენ დნმ-ზე, მოქმედებენ გენეტიკასა და შთამომავლობაზე, შეუძლიათ მტკივნეული შეგრძნებების ბლოკირებაც კი. თუ ადამიანს დიდი რაოდენობით აქვს ეს ჰორმონი, მუდამ ენერგიულია, არის ოპტიმისტურად განწყობილი და აქვს ბედნიერების განცდა.სისხლში „ბედნიერების ჰორმონის“ სტიმულირებას ხელს უწყობს სპორტი, ახალი დადებითი შთაბეჭდილებები, ხელოვნება, განსაკუთრებით მუსიკა, შოკოლადის ზომიერად მიღება, ულტრაიისფერი სხივები, ხილი და ა. შ. დღესასწაულების შემდეგ კარგი გუნება-განწყობის წყალობით ორგანიზმი ორი დღით შეუვალი ხდება ვირუსებისთვის. არსებობს საპირისპირო სიტუაციაც, როდესაც უგუნებობა და დეპრესია ასუსტებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ადვილად ერევა ვირუსები. აქვე გეტყვით სხვა ჰორმონების შესახებაც, რომლებსაც ენდორფინების ფუნქცია აქვთ. მაგ: ოქსიტოცინი – სინაზისა და ნდობის ჰორმონი. წარმოიქმნება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. ამიტომაც გრძნობს შეყვარებული სიმსუბუქეს, თითქოს დაფრინავს და თავი ყოვლისშემძლე ჰგონია. სეროტონინი – ტონუსის, ოპტიმიზმის, კარგი განწყობის ჰორმონი. მას მყისიერად გამოჰყოფს ორგანიზმი, როგორც კი მიირთმევთ შოკოლადს, ნაყინს, ბანანს, ფინიკს. დოფამინი – კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონი. მისი წყალობით ადამიანს სასიცოცხლო ტონუსი მაღლა ეწევა, უბრწყინავს თვალები, ემატება მიზანსწრაფვა. ტესტოსტერონი, ესტროგენი – მამაკაცისა და ქალის ჰორმონები. მათი წარმოქმნისათვის საჭიროა სიყვარული, სექსი, კარგი ეროტიკული განცდები.
ამ სტატიით შევეცადე მარტივად ამეხსნა თქვენთვის, რომ ორგანიზმის თითოეული უჯრედი, ფიზიკურის გარდა, სულიერ-ფსიქიკური ცხოვრებითაც ცხოვრობს. ნერვული უჯრედები წარმოქმნიან სიგნალებს, იმპულსებს, ისინი კი ენერგიად გარდაიქმნება. ასე თანამშრომლობს ნერვების საშუალებით სხეული სულთან. ემოციები და შეგრძნებები იწვევენ ორგანიზმში ქიმიურ პროცესებს, რაც სტიმულირებას უკეთებს დადებით ან უარყოფით მოვლენებს. ნეგატიური ენერგიების კონცენტრირება ამა თუ იმ თემაზე, ორგანიზმში შესაბამის ზონას აყენებს რისკის ქვეშ. ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანი ფსიქიკური ნაგვისაგან გაიწმინდოს ისევე, როგორც ფიზიკური სხეული შხამებისა და ტოქსინებისაგან. ის უნდა მოვიდეს წესრიგში კოსმოსის ინფორმაციულ-ენერგეტიკულ ველთან. ემოცია ენერგიაა და თუ ის არ დაიხარჯა ფიზიკურად ან პოზიტიურად, დაიხარჯება ნეგატიურად. ემოციის დათრგუნვა შეუძლებელია. ეს მას არაცნობიერის ღრმა შრებში განდევნის, რაც ანგრევს მთელს ორგანიზმს. საჭიროა მათი გარეთ გამოტანა და გაანალიზება არა ემოციურ, არამედ მენტალურ, ვერბალურ დონეზე, შეგრძნებებზე დაკვირვება და მათი დისკრედიტირება. ნუ გააიგივებთ თავს სნეულ სხეულთან, ყოველთვის შეხედეთ მას გვერდიდან. საკუთარ თავზე ძალისხმევით ყურადღება პრობლემიდან რაიმე სასიამოვნოზე გადაიტანეთ. ასეთი მუშაობით მიღწეული უნარები თავის ტვინში ახალ ნეირონულ ქსელს ქმნის და მთლიანად ცვლის ფიზიკურ მდგომარეობას.
არსებობს კიდევ ერთი უნიკალური საშუალება. ალბათ მიხვდით რაზეცაა საუბარი. დიახ, ეს სიყვარულია. ის ყველაზე დიდი იმუნოსტიმულატორია. სიყვარულის დროს აზრები მატერიის მეტამორფოზას ახდენენ. რაც მეტია გულის შეგრძნებების ხარისხი, მით მეტი უნარი აქვს მის ენერგიებს მოახდინონ ორგანიზმის ტრანსფორმაცია. სიყვარულის დროს ენერგეტიკულ სხეულში გამომუშავდება ფაქიზი, მაღალი სიხშირის ენერგიები, ენერგეტიკული ცენტრები იხსნება და ის კოსმოსიდან იღებს უნივერსალურ ენერგიებს, რომლებიც აღადგენენ ნებისმიერ პათოლოგიებს. ხშირად სიყვარულის, მიზნისა და იმედის წყალობით ადამიანს შეუძლია იცოცხლოს მაშინაც კი, როდესაც ამის თეორიული შანსი არ არსებობს. მთავარია მტკიცე განზრახვა, რწმენა იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და რეგულარული მოქმედება. აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო. შეგრძნება იმისა, რომ არ ხარ მსხვერპლი და ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, მომენტალურად იწვევს თვითგანკურნების მექანიზმის ამუშავებას ორგანიზმში. ისე კი, თუკი ადამიანები დროულად იზრუნებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, აღარ მოუწევთ სნეულებებთან ბრძოლა. გრამი პროფილაქტიკა ფუტი მკურნალობის ტოლფასია. თუმცა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის და რომ მიწიერი ხსნის გზებს ზემოთ ზეციური ხსნის გზებია.
ავტორი:
თამარ არაგველი
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”