ვენესუელელი ექიმები დიფთერიის ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობენ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ვაქცინებსა და ანტიბიოტიკებზე ხელმისაწვდომობა გაზარდონ.
ადგილობრივი მედია და ოპოზიცია ირწმუნება, რომ დაავადებამ ბოლო პერიოდში ოცამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
დიფტერია ინფექციური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმის ძლიერი ინტოქსიკაციით, ყელისა და სასუნთქი გზების ანთებით. იგი შესაძლოა გართულდეს ხორხის შეშუპებითა და სუნთქვის გაძნელებით, გულისა და თირკმელების დაზიანებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დიფთერიის ლეტალური დასასრულის ალბათობა 5-10%-ს შეადგენს.
ქვეყნის ადგილობრივი მედია ოპოზიციონერ კანონმდებელ მანუელ ოლივარესზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიფტერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოცდაორს აღწევს. ნიკოლას მადუროს მემარცხენე მთავრობამ ყოველკვირეული ჯანდაცვის სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ბოლივარის გუბერნატორი აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით დიფტერიის არცერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებულა, თუმცა სახელმწიფომ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო.
“ვაქცინის 400,000 დოზა ბოლივარში უკვე ჩამოტანილია, რითაც ყველა მოქალაქის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი,” წერს გუბერნატორი ფრანცისკო რენგელი Twitter-ზე და იმ ძალებს აკრიტიკებს, რომლებიც „პანიკის“ დათესვას ცდილობენ.
დიფტერია ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენდა. თუმცა დღეს განვითარებულ ქვეყნებში ძალზედ იშვიათ დაავადებას წარმოადგენს.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”