დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ბევრი ადამიანი განსატვირთად ჭიქა ღვინოს მიირთმევს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს მოქმედება სტრესის მიმართ ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა.
სტრესის მიერ ტვინში გავრცელებული სიგნალები – რომლის მიზანი ჩვენი სხეულის დაცვა და დაწყნარებაა, ალკოჰოლის, კოფეინისა და ნარკოტიკების მსგავსია.
ამის გამო ტვინი ტყუვდება, შეცდომაში შედის და მიიჩნევს, რომ ალკოჰოლი გვეხმარება, ეს კი მსმელს მეტის დალევისკენ უბიძგებს. მეცნიერები აცხადებენ, რომ გადაჭარბებული სმის მიზეზი შესაძლოა სწორედ ტვინის დაჯილდოების ცენტრში მომხდარი ეს ცვლილება იყოს.
კვლევა პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ის ვირთხები, რომლებიც სტრესის ქვეშ იყვნენ გაცილებით მეტ ალკოჰოლს სვამდნენ, ვიდრე ისინი, ვინც სტრესის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
სტრესის ქვეშ მყოფი ვირთხები მეტს სვამდნენ და ეს რამდენიმე კვირას გრძელდებოდა. ვირთხები სტრესის ქვეშ 1 საათით იმყოფებოდნენ, 15 საათის შემდეგ მეცნიერებმა იმ ალკოჰოლიანი შაქრიანი წყლის რაოდენობა გაზომეს, რომელიც ვირთხებმა დალიეს.
მეცნიერთა აღნიშნული გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მკვლევარებთან, რათა გამოძებნონ გზა, რომ ტვინის დაჯილდოების ცენტრში ნეირონების კონტროლი და, ამ გზით, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების კონტროლი შეძლონ.
კვლევის შედეგები ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნდა.
წყარო: http://www.dailymail.co.uk/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”