წითელათი მსოფლიოში ყოველდღიურად 400 ბავშვი იღუპება, ამის შესახებ გლობალური ჯანდაცვის ექსპერტებმა ხუთშაბათს განაცხადეს.
გაეროს ბავშვთა ფონდის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვა ჯანდაცვის ორგანოების მიერ გავრცელებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მასობრივი ვაცქინაციის შედეგად წითელათი გარდაცვლილთა რაოდენობა 2000 წლიდან დღემდე 79 პროცენტით შემცირდა, თუმცა სიკვდილიანობის დონე მაინც მაღალია.
ჯანდაცვის ექსპერტები ამ ფაქტს იმას უკავშირებენ, რომ რიგ სახელმწიფოებში არ არსებობს სათანადო საშუალება, ცოდნა ან პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ მაღალი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ იმუნიზაცია ყველა ბავშვს ჩაუტარდეს.
,,ამ მარტივად პრევენცირებადი დაავადების გამო დღესაც იღუპებიან ბავშვები,“ – აცხადებს UNICEF-ის იმუნიზაციის ხელმძღვანელი რობინ ნენდი.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუტინული ვაქცინაციის შედეგად 2000-2015 წლებში დაახლოებით 20.3 მილიონი ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.
თუმცა ბევრ ქვეყანაში ბავშვების უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის, რის გამოც 2015 წელს 20 მილიონი ბავშვი წითელაზე აუცრელი დარჩა და დაახლოებით 134 ათასი ბავში აღნიშნული ინფექციით დაიღუპა.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეთიოპიში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ნიგერიასა და პაკისტანში ბავშვების ნახევარი აუცრელი რჩება, რის გამოც ამ ქვეყნებზე წითელათი დაღუპულების 75 პროცენტი მოდის.
წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურისა და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”