ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია ემყარება იმ იდეას, რომ სინათლის სიჩქარე უცვლელი რჩება.
მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ფუნდამენტური კონცეფცია, რომელიც თანამედროვე ფიზიკის უმეტესი ნაწილის განმსაზღვრელია, შესაძლოა ისეთი მუდმივიც არ იყოს, როგორც აინშტაინი ფიქრობდა.
მეცნიერთა აღნიშნილი ჯგუფი, რომელიც სადავო ჰიპოთეზას გვთავაზობს, შესაბამისი ტესტირების ჩასატარებლად მზადაა.
აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით, სინათლე ვაკუუმში მუდმივი სიჩქარით მოძრაობს. ეს კონცეფცია გამოიყენეს სამყაროს ასაკის განსასაზღვრად, ასევე კოსმოლოგებს აწვდის იდეას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დიდი აფეთქების შემდეგ.
თუმცა 1990-იანი წლების ბოლოს Imperial College London-ის წარმომადგენელმა ფიზიკოსმა ჟუან მაგეიჟომ განაცხადა, რომ სინათლის სიჩქარე ადრეულ სამყაროში შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო. ფიზიკოსები ფიქრობენ, რომ დიდი აფეთქებიდან რამდენიმე წამის შემდეგ სამყარო სწრაფად გაფართოვდა ერთი წერტილიდან – ამ პროცესს ინფლაცია ეწოდება. თუკი სინათლე ერთი სიჩქარით იმოძრავებდა, ჰორიზონტის პრობლემას გამოიწვევდა, რაც ძირითადად იმ ფაქტში მდგომარეობს, რომ სამყარომ ერთგვაროვან ტემპერატურას მანამ მიაღწია, სანამ სინათლის ნაწილაკებს (ფოტონები) საკმარისი დრო ექნებოდათ სამყაროს ყველა კუთხემდე მისაღწევად. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სინათლის სიჩქარე დროის ამ პერიოდში ზოგიერთ რეგიონებში განსხვავებული იყო. თუ ეს ჰიპოთეზა სიმართლეს შეესაბამება, კოსმოსური მიკროტალღების რადიაციის ფონზე რჩება ერთი განსაკუთრებული ხელწერა — დიდი აფეთქების შემდეგ დარჩენილი რადიაცია, რომლის აღმოჩენა და შესწავლა ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია.
ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა გამოეთვალა, რომ სპექტრულ ინდექსს, რომელიც სამყაროს ჭავლების საწყის სიმჭიდროვეს ასახავს, ჰიპოთეზის ჭეშმარიტების შემთხვევაში, უნდა ჰქონოდა ფიქსირებული მაჩვენებელი: 0.96479.
შარშან პლანკის თანამგზავრმა კოსმოსური მიკროტალღური ფონის კვლევისას დაადგინა, სპექტრული ინდექსი 0,968-ს უდრიდა, რაც ძალიან ახლოსაა იმ რიცხვთან, რომელიც მეცნიერებმა მიიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადრეულ სამყაროში სინთლე უფრო სწრაფად მოძრაობდა.
„თეორიამ, რომელიც პირველად 1990-ის დასასრულს შემოგთავაზეთ, უკვე მიაღწია სიმწიფის წერტილს. თუკი უახლოეს მომავალში ტესტირებების შედეგად დადგინდა, რომ ეს რიცხვი ზუსტია, ამან შესაძლოა აინშტაინის გრავიტაციის თეორიის მოდიფიკაცია გამოიწვიოს,“ – აცხადებს მაგეიჟო.
კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Physical Review D-ში გამოქვეყნდა.
წყარო: http://www.dailygalaxy.com/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”