close
ფსიქოლოგია

პროფესიის არჩევა და ოჯახი ანუ როგორ მოვანდომოთ შვილს ის, რაც თავად გვსურს

ისეთი პროფესიის შერჩევა, რომელიც შეესაბამება ადამიანის უნარებსა და ინტერესებს, საკმაოდ რთულია.  ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც იყენებენ პროფკონსულტანტები, არის პროფესიათა დიდ კატეგორიებად გაერთიანება და შემდეგ მათი მისადაგება ადამიანის უნარებსა და ინტერესებთან. ყველაზე ხშირად გამოიყენება ჰოლანდის პროფესიათა შერჩევის მეთოდი.ჰოლანდის პროფესიათა თეორიის მიხედვით, განირჩევა პროფესიების 6 ძირითადი ტიპი: რეალისტური, კვლევითი, მხატვრული, სოციალური, ინიციატივიანი და კონვენციური. ადამიანები მხოლოდ ერთ კატეგორიაში არ ხვდებიან – ყოველ მათგანს მეტ-ნაკლებად აქვს რამდენიმე კატეგორიის შესატყვისი თვისებები და ინტერესები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომელია უპირატესი. პროფესიები იყოფა იმის მიხედვითაც, რა პიროვნული თვისებებია საჭირო ამა თუ იმ საქმიანობისთვის. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი სოციალური, მაგრამ დაბალი კვლევითი ინტერესები, უმჯობესია,დასაქმდეს სოციალურ სფეროში,ვიდრე,ვთქვათ, სამედიცინო ტექნოლოგიების სპეციალისტად.

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა, გზაჯვარედინზე მდგარმა, რომელიმე ერთი მიმართულება უნდა აირჩიოს. ამ გადაწყვეტილების სისწორეზე ბევრად არის დამოკიდებული პიროვნების მომავალი, თავისი საქმიანობით კმაყოფილება, წარმატებები შრომასა და კარიერაში.

პროფესიულ არჩევანზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. ესენია:

  • ოჯახის წევრების პოზიცია;
  • მეგობრების პოზიცია;
  • პედაგოგების პოზიცია;
  • ინფორმირების დონე;
  • პირადი გეგმები;
  • რეალობის შესაბამისობა გეგმებთან (ამ პროფესიით სამუშაოს შოვნის შესაძლებლობა);
  • პიროვნული შესაძლებლობები;
  • მიდრეკილებები (საყვარელი, საინტერესო საქმიანობა) და ა.შ.

მოსწავლეთა პროფესიული არჩევანი და ამ პროფესიის დახმარებით მათი თვითრეალიზაცია ნაწილობრივ სწორედ მშობლების გავლენით აიხსნება. ადამიანებს უჭირთ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება. მათ სჭირდებათ პროფესიონალთა დახმარება, რომლებიც შეძლებენ მათი პიროვნულ-ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენას და პროფესიული საქმიანობის იმ სფეროს განსაზღვრას, სადაც ისინი უკეთ შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას. ხშირად ეს პროფესიონალები მშობლების სახით გვევლინებიან. მშობლები ხშირად თვითონ წარმოადგენენ შვილებისთვის პროფესიული ინტერესების, პროფესიული წარმატებისა და არჩევანის მაგალითს. წარმატებული და პროფესიულად შემდგარი მშობელი კარგი მოდელია შვილისთვის. მოზარდები ხშირად ირჩევენ მშობლის პროფესიის ანალოგიურ პროფესიებს.თუმცა,ეს გავლენა ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის. ის დამოკიდებულია იმაზეც, გრძნობს თუ არა მოზარდი მშობლის მხარდაჭერას თავისი ინტერესების შესატყვისი არჩევანის გაკეთებაში. როდესაც ამ პროცესში მშობელთა ჩართულობაზე ვსაუბრობთ, გვახსოვდეს, რომ მშობელი,როცა ის რჩევას აძლევს შვილს, ხშირად ორიენტირებულია არა მის ინტერესებსა და უნარებზე, არამედ საკუთარ სურვილებსა და კულტურულ სტერეოტიპებზე.

მშობელი ამ კუთხით ზრუნვას ადრევე იწყებს,როგორც წესი და არა უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების წინ. მოკლედ მივადევნოთ თვალი,თუ როგორი გავლენა აქვს მას შვილზე დაბადების ასაკიდანვე.

როგორც ვიცით, ბავშვის აღზრდა მისი დაბადებიდან იწყება. ბავშვობის პერიოდი (დაბადებიდან 11-12 წლამდე) ყოველგვარი იძულების გარეშე, დიდი შინაგანი ჰარმონიითა და ხალისით მიმდინარეობს. მისთვის ჯერ სრულიად უცხოა სულიერი ტკივილები და შინაგანი კონფლიქტები,რომლებიც ზოგჯერ სოციალურ ურთიერთობაში წამოჭრილ სიძნელეებსმოსდევს შედეგად. მისი ბავშვობა ნათლად ჩანს როგორც სხეულის აგებულებასა დასახის გამომეტყველებაში,ისე სულიერ განწყობილებაში,მოსაზრებებსა და მისწრაფებებში. თანატოლებთან და უფროსებთან მისი დამოკიდებულება,მისი ქცევის შინაარსი და მანერები სრულიად ბავშვურია. იგი უკრიტიკოდ აღიარებს უფროსების ავტორიტეტს და მათ ყველა ბრძანებასა და განკარგულებას სამართლიანად თვლის. ამიტომ ესასაკი სააღმზრდელო მუშაობას რაიმე სიძნელეს არ უქმნის. შესაბამისად, მშობელს შეუძლია, უზარმაზარი გავლენა მოახდინოს მისი პიროვნების ფორმირებაზე. მართლაც, ჩვენ ვიცნობთ პიროვნების ფორმირების 3 ძირითად ფაქტორს: გარემო,გენეტიკა,აღზრდა. სამივე მათგანში დომინანტური ადგილი,სწორედ,ოჯახს უჭირავს. მშობელი,თუ ის შვილის პერსპექტივიდან დაანახებს მას,რა არის სწორი,რა არის საჭირო და კარგი, შვილსაც აუცილებლად მოუნდება ის,რაც მას მშობელს სურს. ეს არის ის ბაზისი, რომელიც შემდეგ პერიოდში მშობელს გაუადვილებს შვილზე ზეგავლენის მოხდენას.

მოზრდილობის ასაკში (11-12-დან 15-16 წლამდე) განვითარებას იწყებს დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება. მოზრდილი ცდილობს,ბიქონიოს საკუთარი აზრები და შეხედულებები, გამოთქვას საკუთარი მსჯელობები და მოძებნოს საკუთარი არგუმენტები იმ პირთა შეხედულებების,მსჯელობისა და არგუმენტების საწინააღმდეგოდაც კი,რომლებიც აქამდე მისთვის უმაღლეს ავტორიტეტებს წარმოადგენენ. იგი კრიტიკულად ეკიდება უფროსების, მშობლებისა და მასწავლებლების მოსაზრდებებს,წაკითხულ წიგნებში განვითარებულ შეხედულებებს და ხშირად ჰგონია,რომ მათში შეცდომები და უმართებულო აზრებია. მაგრამ მოზრდილის დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება მაინც არაა სრულყოფილი და მეტწილად მოკლებულია საჭირო ლოგიკურ საფუძველსა და არგუმენტაციას. აზროვნების ასეთ მიმართულებას აძლიერებს ამ ასაკისთვის დამახასიათებელი უფროსებისადმი ბავშვური მორჩილებისგან გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ მიმართული ტენდენცია. ამ შემთხვევაში მშობელს უკვე უჭირს მისი მართვა,თუმცა მას კვლავაც აქვს დრო მანამ,სანამ მნიშვნელოვანი რაციონალური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება.

ეს დრო კი დგება ჭაბუკობის ასაკში (15-16 წლიდან 20-21 წლამდე). ადამიანი არც ერთ ასაკში არაა შინაგანად ისე ძლიერ მიმართული მომავლისკენ, როგორც ჭაბუკობის პერიოდში. ჭაბუკებსა და ქალიშვილებს საშუალო სკოლაში სწავლების მანძილზე, განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასში, გადასაწყვეტი აქვთ უაღრესად მნიშვნელოვანი- პროფესიის არჩევის პრობლემა. ამ პრობლემის ასე თუ ისე გადაწყვეტამ უნდა განსაზღვროს მთელი მათი შემდგომი ცხოვრების გზა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის უნარი,რომელსაც მათი ყველა ფსიქო-ფიზიკური შესაძლებლობა უნდა მოხმარდეს. ჭაბუკობის ასაკში პროფესიის შერჩევა უახლოეს ამოცანათა რიგში დგება: დამამთავრებელი  კლასის მოსწავლეებს თვითონ ცხოვრება აიძულებს, სერიოზულად მოეკიდონ ამ საქმეს. ჭაბუკი,უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი შესაძლებლობებისა და პროფესიის საზოგადოებრივი ღირებულების გათვალისწინებით ირჩევს სპეციალობას. ამ მხრივ,მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს იმ პირთა რჩევა-დარიგება,ვინც მას მაღალ ავტორიტეტად მიაჩნია.

ამ ასაკში, როგორც ვიცით, მოზარდის სოციალური კავშირები ფართოვდება. მშობლებთან ერთად მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ თანატოლები და სხვა ავტორიტეტული პირები. მოზარდის პროფესიულ არჩევანზე ხშირად თანატოლების გავლენა უფრო მეტია, ვიდრე მშობლებისა ან ოჯახისა. მეგობარი, რომელსაც მომავლის საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, შესაძლოა ძლიერ კატალიზატორად იქცეს მეორე მოზარდის ასეთივე ამბიციური გეგმების ჩამოყალიბებისთვის და პირიქით – მეგობარი, რომელსაც არცთუ დიდ იმედს ამყარებს საკუთარ თავსა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაზე, შესაძლოა ცუდი მოტივატორი აღმოჩნდეს მეორე მოზარდის პროფესიული არჩევანისთვის.

ამიტომაც,თუ გვსურს,დამოუკიდებლად გადავწყვიტოთ, რისი კეთება გვინდა მომავალში,უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: მინდა? შემიძლია? საჭიროა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია და სათანადო ინფორმაციის ქონას მოითხოვს.

  • მინდა ეს პროფესია? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ახალგაზრდა კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ მიდრეკილებებსა და ინტერესებს. ადამიანები ინტერესებით საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან,ზოგს ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონს,ზოგს – ტექნიკასთან,ზოგს – ცხოველებთან. ამასთან, ამა თუ იმ პროფესიისადმი ინტერესის ფორმირებას, როგორც წესი, ამ პროფესიის შესახებ გარკვეული ინფორმაციის ფლობა უძღვის წინ.
  • შემიძლია?-ნებისმიერი პროფესია გარკვეულ უნარსა და შესაძლებლობას მოითხოვს. წარმატებისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აითვისოს,გაითავისოს და სრულყოფილად შეასრულოს განსაზღვრული პროფესიული საქმიანობა.
  • საჭიროა ეს პროფესია?-ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ვიცოდეთ,არის თუ არა სოციალური დაკვეთა, ანუ საზოგადოებრივი მოთხოვნა მოცემულ პროფესიაზე, როგორია ამ მოთხოვნის ცვლილების პერსპექტივა. ამა თუ იმ პროფესიით დასაქმების პერსპექტივის გაუთვალისწინებლად არჩევანი მცდარი იქნება, ვინაიდან სპეციალობით მუშაობის გარეშე პიროვნება ვერ შეძლებს პროფესიული საქმიანობით თვითრეალიზაციას, თუნდაც ეს პროფესია მის უნარებსა და ინტერესებს შეესაბამებოდეს.

მოზარდებს გვინდა, ვურჩიოთ:

  1. დაეუფლეთ იმ პროფესიას, რომელიც გსურთ. გაითვალისწინეთ სხვათა აზრიც, მაგრამ იმოქმედეთ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
  2. გაითვალისწინეთ საკუთარი უნარები და შეაჯერეთ ისინი სურვილებთან. მცდარმა არჩევანმა,შესაძლოა,ხანგრძლივი არასასურველი შედეგი მოგვიტანოს პროფესიით უკმაყოფილებისა და არარეალიზებულობის განცდის სახით.
  • მოიძიეთ დაწვრილებითი ინფორმაცია არჩეული პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე.ხშირად ახალგაზრდებს არ აქვთ რეალური ინფორმაცია პროფესიების შესახებ, არ იციან, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ამა თუ იმ პროფესიის წარმატებით დასაუფლებლად და როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი კონკრეტული პროფესიის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ხშირად ეყრდნობიან პროფესიებზე სტერეოტიპულ შეხედულებებს.პროფესია თვითრეალიზების საშუალებას მხოლოდ მაშინ მოგცემთ, თუკი მასში კომფორტულად იგრძნობთ თავს და სრულფასოვნად დაიხარჯებით.

ოჯახს,რა თქმა უნდა,შეუძლია, დაეხმაროს მოზარდს გადაწყვეტილების მიღებისას, მისცეს რაციონალური რჩევები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მის მაგივრად.მშობელი შვილს გამუდმებით უნდა უწყობდეს ხელს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს საკუთარი თავის შესახებ, აძლევდეს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროში მოსინჯვის საშუალებას, ხშირად ესაუბრებოდეს პროფესიულ გეგმებზე და ამგვარად შეამზადოს იგი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მისაღებად. ასევე აუცილებელია,რომ გარდა მშობლისა,სკოლამ იზრუნოს, რათა მოსწავლე გარკვეული პროფესიული ორიენტაციით გასცილდეს მის საზღვრებს. ესაა წმინდა მოვალეობა სკოლისა, რომელიც თორმეტი წლის განმავლობაში ამზადებს მას ცხოვრებისათვის. ეს დრო სრულიად საკმარისია იმისათვის,რომ ნათელი გახდეს სკოლისთვისაც და მოსწავლისთვისაც, საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ დარგში უნდა ჩართოს მოსწავლემ თავისი ძალები,რომ როგორც ქვეყანას,ისე თავის თავს მეტი წარმატება და კმაყოფილება მოუტანოს.

ნუ გავაკეთებთ არჩევანს შვილის მაგივრად! გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია და ელიტური პროფესიის არჩევა წარმატებული მომავლის გარანტია არ არის… და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივცეთ საშუალება ჩვენს შვილებს, სრულფასოვან ადამიანებად აღიზარდონ, ჰქონდეთ თავისი შეხედულებები, დამოუკიდებელი ტიპის აზროვნება, ღირებულებები, პრინციპები. ნუ ჩავკლავთ მათში ინდივიდუალიზმს, ნუ გადავწყვეტთ მათ მაგივრად,რა ჭამონ, რა ჩაიცვან, რა ისწავლონ და რა გზით განვითარდნენ. მივცეთ საშუალება, რომ აირჩიონ პროფესია, რომელიც მათაც გააბედნიერებთ და საზოგადოებასაც სიკეთეს მოუტანს. ჩვენმა შვილებმა ცხოვრებაში უნდა მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და აიღონ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე, ვინაიდან ცოცხალ არსებას, რომლის ამა თუ იმ ქმედების განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი “საზოგადოებაზე” ანუ ბრბოზე და მის აზრზე დამოკიდებულებაა, შეუძლებელია, უწოდო ინდივიდი ან პიროვნება.

გამოჩენილი ამერიკელი მწერლის,ფსიქოლოგისა და სოციოლოგის დეილ კარნეგის წიგნი „როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები“ მკითხველს მოუთხრობს ისტორიას ერთ ადამიანზე,კომპანიის მმართველზე, რომელსაც არასოდეს არავისთვის ბრძანებით არ მიუმართავს. იგი ყოველთვის იძლეოდა წინადადებებს,მაგრამ არ იძლეოდა ბრძანებებს. მაგალითად, მისტერ იანგი არასოდეს იტყოდა: ,,გააკეთეთ ესა თუ ის საქმე!“ ,,არ გააკეთოთ ესა თუ ის საქმე!“ იგი, ჩვეულებრივ,ამბობდა ასე: „თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ ეს საკითხი“ ან ,,რას იტყვით,იქნებ ამან მოგვცეს დადებითი შედეგი?“ ასეთი მიდგომა ადამიანს ეხმარება,გამოასწოროს საკუთარი შეცდომები.იგი არ შელახავს ადამიანის თავმოყვარეობას. ასეთი გულისხმიერი საქციელით ადამიანს უბიძგებ,დაჰყვეს შენს ნებას, ნაცვლად იმისა,რომ წინააღმდეგობა გაგიწიოს.

ამრიგად,თუ გინდათ,იყოთ ადამიანისათვის სანდო დასაყრდენი, არ აწყენინოთ და გული არ ატკინოთ მას,გახსოვდეთ კარნეგისეული შეგონება: ,,ნაცვლად იმისა,რომ გასცეთ ბრძანება, შეეკითხეთ!“

მასალა მოამზადა:ანანო ყალიჩავამ

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0